News

რუსეთის უფუნქციო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზება

სატრანსპორტო დერეფნების ბლოკირების პირობებში, რუსეთი  მახაჩკალის ნავსადგურში დიდი ხნის უფუნქციო საბორნე ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას გეგმავს.

გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ და დამატებითი სანქციების ამოქმედებამ, რუსეთის სატრანსპორტო დერეფნები ბლოკირების და გამტარუნარიანობის დეფიციტის წინაშე დააყენა.

ბოლო სანქციების დაწესების პირობებში, ბალტიის და შავი ზღვის სრუტეები რუსეთის ტვირთებისათვის შესაძლო ბლოკირების საფრთხის წინაშე დადგნენ. 

სრუტეების ბლოკირებამ რუსეთის ტვირთნაკადების სხვადასხვა სახმელეთო მიმართულებებით გადანაწილება გამოიწვია, კერძოდ ტვირთების  აზია - წყნარი ოკეანიის რეგიონის და  ჩინეთის მიმართულებით გადართვამ აღმოსავლეთ რუსეთის სარკინიგზო პოლიგონის გამტარუნარიანობის შეზღუდვა გამოიწვია.

რუსეთის საზღვაო ექსპერტების განცხადებით - სავაჭრო გემებისთვის სუეცის არხზე გამავალი ტრადიციული მარშრუტი ჰუსიტების თავდასხმების გამო დიდი ხანია „რუსულ რულეტკად“ გადაიქცა.

ამ მოცემულობიდან გამომდინარე, რუსეთი შეუდგა ახალი დერეფნებისთვის სათანადო ინფრასტრუქტურის განვითარებას, პირველ რიგში, აქცენტი ჩრდილოეთ ყინულოვანი საზღვაო მარშრუტის განვითარებაზე გადაიტანა. 

მიუხედავათ იმისა, რომ რუსეთმა ჩრდილოეთის საზღვაო მარშრუტით მთელი წლის განმავლობაში ტვირთების შეუფერხებელი ტრანსპორტირება დაანონსა, ატომური ყინულმჭრელი გემების არასაკმარისი რაოდენობის გამო, ტვირთების გაცილება ახლო მომავალში გადაულახავ პრობლემად რჩება.

შედეგად რუსეთისთვის ერთ - ერთ ალტერნატივას, ჩრდილოეთ - სამხრეთის დერეფნის განვითარება და ტვირთების  ირან - ინდოეთის მიმართულებით გადასროლა წარმოადგენს.

ჩრდილოეთ - სამხრეთ დერეფნით კასპიის ზღვაზე მახაჩკალის ნავსადგურის გამოყენებით რუსეთი ირანის, თურქმენეთისა და ყაზახეთის მიმართულებებებით ოთხი ახალი ბორნის - ორი სარკინიგზო და ორი საავტომობილოს - ექსპლუატაციაში გაშვებას გეგმავს.

კასპიის ზღვაზე  მახაჩკალის ნავსადგურიდან  ოთხი ახალი ბორნის ექსპლუატაციაში გაშვებით, ნათელია თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რუსეთი, სადღეისოდ უფუნქციო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას. 

სრულად იხილეთ: transcor.ge