News

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საკოორდინაციო საბჭოს ახალი თავმჯდომარე

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე დაინიშნა - ირაკლი კობახიძის შესაბამისი განკარგულება მთავრობის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. აქამდე აღნიშნულ პოსტს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ლევან დავითაშვილი იკავებდა.

საბჭოს მიზანს აზერბაიჯანისა და თურქეთის სახელმწიფოებთან ერთად რკინიგზის პროექტის განვითარების კოორდინაცია და საქართველოს მხრიდან ხელშეწყობა წარმოადგენს. ამავე საბჭოს წევრია საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე, მარიამ ქვრივიშვილის მოადგილე გურამ გურამიშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი.

რა ხდება ამჟამად ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე - 167 მლნ ლარის ზარალი და სატესტო გადაზიდვები

ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) რკინიგზის ტექნიკური დიზაინი წლიურად 5 მილიონი ტონა ტვირთის გატარებას მოიცავს. პროექტის საქართველოს მონაკვეთი საქართველოში აზერბაიჯანის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სესხით, აზერბაიჯანულმა სამშენებლო კონტრაქტორებმა ააშენეს, რომლის ჯამური სასესხო დაფინანსება 775 მილიონ დოლარს შეადგენდა.

2024 წელს მარაბდა-კარწახის რკინიგზამ 167 მილიონი ლარით იზარალა, ამის შესახებ კომპანიის ფინანსური ანგარიშგებიდან ხდება ცნობილი. ეს 2023 წელს დაფიქსირებულ 29-მილიონიან ზარალზე თითქმის ექვსჯერ მეტია. ამასთან კომპანიას უკვე აქვს წლების განმავლობაში დაგროვილი 1 მილიარდი ლარის საოპერაციო ზარალი.

ფინანსური ანგარიშგების თანახმად, 2024 წელს ზარალის მთავარი მიზეზი კურსთაშორისი სხვაობის ეფექტი გახდა, რამაც ლარებში კომპანიის ვალი 121 მილიონი ლარით გაზარდა. კურსთაშორისი სხვაობის ზარალის გარდა, კომპანიას ასევე 26 მილიონი ლარის საოპერაციო ზარალი და 17 მილიონის ფინანსური ხარჯები გააჩნდა.

მარაბდა-კარწახის რკინიგზის კომპანია "ბაქო-თბილისი-ყარსის" რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობისთვის დაფუძნდა.

ცნობისთვის, დაახლოებით ორი წლის წინ, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს ნაწილის გაფართოებისთვის 100 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდებოდა. სამუშაოები 1,5 წელიწადში უნდა დასრულებულიყო, თუმცა აღნიშნული მიმართულებით ახალი $100-მილიონიანი ინვესტიციები არ განხორციელებულა.

აღსანიშნია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი 2017 წლის 30 ოქტომბერს ამოქმედდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის 98 კმ-იანი რკინიგზა, რომლის 68 კმ თურქეთის ტერიტორიაზეა, 30 კმ კი საქართველოს ტერიტორიაზე. ამავე პროექტით საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ-იანი სარკინიგზო მონაკვეთის რეკონსტრუქცია მოხდა. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის საერთო სიგრძე 827 კმ-ია.

თუმცა 2017 წლის შემდგომ რკინიგზა მხოლოდ სატესტო რეჟიმში ოპერირებს.

bm.ge