News

2024 წლის ბოლო პერიოდის სიახლეები აბრეშუმის გზაზე

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) პირველი დეკემბრიდან დაიწყო გაზის მიწოდება სლოვაკეთის უმსხვილეს სახელმწიფო ენერგომიმწოდებელ SPP-სთვის.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, 2024 წლის 11 თვეში ნავთობსადენით ჯამში თითქმის 27 მლნ ტონამდე ნავთობია გადაზიდული. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მსხვილი აქციონერები არიან: bp (30%), SOCAR (25%), MOL (89%), Equinor (8.7%).

სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის მწარმოებელი ფრანგული კომპანია Alstom აშენებს ტექნიკური მომსახურების ოთხ ცენტრს ყაზახეთის სარკინიგზო ქსელში. ინვესტიციების საერთო მოცულობა შეადგენს დაახლოებით 50 მილიონ ევროს. პირველი ცენტრი, რომელიც განლაგებულია ყირგიზეთის საზღვართან, ექსპლუატაციაში უნდა შევიდეს 2025 წლის დასაწყისში.

“ლაპის ლაზულის“ სატრანსპორტო მარშრუტის მონაწილე სახელმწიფოები საკონსულტაციო ჯგუფს ქმნიან. აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი ნაბიევი 3 ოქტომბერს მონაწილეობდა სტამბოლში გამართულ შეხვედრაში, რომელზეც ლაპის ლაზულის მარშრუტის გააქტიურებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. პროექტის მიხედვით, ავღანეთიდან ტვირთები რკინიგზით და საავტომობილო გზით კასპიის ზღვაზე თურქმენეთის და აზერბაიჯანის პორტებს უკავშირდება, საქართველოში შავ ზღვაზე ფოთისა და ბათუმის პორტების გავლით კი, ტვირთების გადაზიდვა ევროპის მიმართულებით ხდება. “ლაპის ლაზულის“ მარშრუტით ავღანეთიდან წამოსულმა პირველმა ტვირთმა საქართველოს საზღვარი 2018 წლის დეკემბერში გადმოკვეთა.

2025 წელს ჩინეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობას იწყებენ. რკინიგზა ჩინეთის ქალაქ ქაშგარიდან დაიწყება, ყირგიზეთის ტორუგარტის, მაქმალის, ჯალალ-აბადს გაივლის და უზბეკეთის ანდიჟანში შევა. შემდეგ მაგისტრალი ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნების გზებს დაუკავშირდება, საიდანაც ტვირთი კასპიის ზღვაში, თურქეთსა და ევროპაში გადაიზიდება. ახალი მარშრუტით ჩინეთსა და ევროპას შორის ტრანსპორტირების დრო დაახლოებით ერთი კვირით შემცირდება. ექსპერტების შეფასებით, ტვირთის გადაზიდვის წლიური მოცულობა 15 მლნ ტონას მიაღწევს. მარშრუტი ხელს შეუწყობს ყირგიზეთიდან ქვანახშირის იმპორტის ზრდას, ხოლო ტრანსპორტირების ხარჯები მესამედით შემცირდება. ახალი სარკინიგზო გზით შესაძლებელი იქნება მალფუჭებადი საქონლის ექსპორტიც. 

“აქტიურად ვმუშაობთ თურქეთისა და საქართველოს IT სისტემების ინტეგრირებაზე. ციფრული კავშირი და ელექტრონული ინფორმაციის გაცვლა ტრანსპორტის სექტორში უნდა გაძლიერდეს, რაც პრიორიტეტი უნდა იყოს დერეფნის ყველა სახელმწიფოსთვის“, - განაცხადა TRACECA-ს გენერალურ მდივანმა, ნოემბრის თვეში COP29-ის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.

ყარსი-ახალქალაქის რკინიგზაზე საქართველოს რკინიგზის მთლიანი დატვირთვის 1%-იც არ მოდის, ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის მმართველობითი ანგარიშიდან ირკვევა, რომლის თანახმადაც ახალქალაქის სადგურის გავლით, 2024 წლის ცხრა თვეში საქართველოში შემოვიდა 13,000 ტონა და გავიდა 9,000 ტონა ტვირთი, რაც მთლიანად რკინიგზის ტვირთბრუნვის - 10,400,000 ტონის ერთ პროცენტსაც არ შეადგენს.

მსოფლიო ბანკის საბჭომ თურქეთს შუა დერეფანში შემავალ და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან დაკავშირებულ დივრიგი-ყარსის მონაკვეთის განვითარებისთვის 660 მლნ დომარი გამოყო. დაფინანსება ელექტრო-სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარებისთვის გაიცემა.

ყაზახეთმა და ჩინეთმა გადაზიდვების გასაზრდელად კასპიის ზღვის სანაპიროზე საკონტეინერო ჰაბის მშენებლობა დაიწყეს. ჰაბის განხორციელება გაზრდის კონტეინერების ტრანსპორტირებას ტრანსკასპიის მიმართულებით აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის გავლით. პროექტი ხორციელდება მანგისტაუს რეგიონში, ის გაზრდის აკტაუს პორტის გამტარუნარიანობას 240 ათას ოცი ფუტის ეკვივალენტურ ერთეულამდე (TEU).

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 9 თვეში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილი ტვირთების მოცულობამ 172.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც წლიურად 14.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებული შემოსავალი თითქმის 1%-ითაა შემცირებული. 2024 წლის იანვარ-ნოემბერში ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 164,486,563.50 ლარი შევიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 166,680,298.00 ლარი. 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს დერეფანი 469 961 სატვირთომ გადაკვეთა.

Microsoft-მა ყაზახეთში შექმნა მრავალრეგიონული ჰაბი, რომელიც მოიცავს ცენტრალურ აზიას, აზერბაიჯანს, სომხეთს, საქართველოს, მონღოლეთს და პაკისტანს. ყაზახეთის პრეზიდენტია თოყაევია ინფორმაციით ასტანაში ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ცენტრი მომავალ წელს ამოქმედდება. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა სატელეკომუნიკაციო ქსელების, მონაცემთა ცენტრების განვითარების გაგრძელების აუცილებლობას, კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და ამ სფეროში ყაზახეთის სპეციალისტების კომპეტენციების გაზრდას.

2024 წლის ნოემბერში ბულგარეთის ინიციატივით გაიმართა დისკუსია საქართველოდან მწვანე ენერგიის თურქეთში, შემდეგ კი, ევროპაში მიწოდების შესაძლებლობის შესახებ. დისკუსიაში მონაწილეობდნენ საქართველოს, უნგრეთის, ბულგარეთის, მოლდოვის, სერბეთის, უზბეკეთისა და ლიბიის წარმომადგენლები. სტამბოლის პირველი ენერგეტიკული ფორუმი მოიცავდა რამდენიმე მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტს, როგორიცაა, აზერბაიჯანი-თურქეთი-ევროპა, კასპია-შავი ზღვა-ევროპა და ცენტრალური აზია-აზერბაიჯანი, რაც გააძლიერებს რეგიონულ ენერგეტიკულ თანამშრომლობას ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში.

ქართული სანაოსნო კომპანია E60 Shipping Line -მა, რომელიც საბორნე გადაზიდვებს რუმინეთის მიმართულებით ასრულებდა, ბულგარეთთან საბორნე - სარკინიგზო გადაზიდვა ვარნას მიმართულებითაც დაიწყო.

2024 წლის ნოემბერში პირველად აზერბაიჯან-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობების ისტორიაში, საექსპორტო ტვირთი ბაქოდან ჩინეთში სარკინიგზო გზით გაიგზავნა.

11 თვეში "შუა დერეფანში" 50 ათასი ერთეული კონტეინერის გადაზიდვა მოხდა, - ამის შესახებ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ასოციაციის სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს. ამასთან, დერეფანში წლის დასაწყისიდან 328 საკონტეინერო მატარებელმა გაიარა, საიდანაც 304 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან მოდიოდა. ჩინეთიდან შუა დერეფნის გასწვრივ 2024 წლის დეკემბერში 306-ე საკონტეინერო მატარებელიც გაიგზავნა. შუა დერეფანზე 11 თვეში ტვირთბრუნვა 63%-ით გაიზარდა და მიაღწია 4,1 მილიონ ტონას.

ინდოეთი, ირანი და სომხეთი ახალი სატრანსპორტო დერეფნის შექმნაზე შეთანხმდნენ. ლოგისტიკური ჯაჭვი უნდა დაიწყოს ინდოეთის საპორტო ქალაქ მუმბაიდან, შემდეგ ირანის პორტ ჩაბაჰარამდე ჩავიდეს, საიდანაც სომხეთის და საქართველოს გავლით დასავლეთის ან ჩრდილოეთის ბაზრებზე მოხვდეს. 

წყარო: europetime.eu; railfreight.com; bm.ge; commersant.ge; businessinsider.ge