News

ოქტომბრის დაიჯესტი, აბრეშუმის გზა 2024

კომპანია “ბლექ სი პეტროლიუმი” ყულევის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას აშენებს. ახალმა ქარხანამ საქართველოში სხვადასხვა დასახელების საწვავი უნდა აწარმოოს და ის გლობალურ ბაზრებზე უნდა გაყიდოს. პროექტის ყველა ფაზის საერთო ღირებულება 700 მილიონ დოლარს აღწევს. ქარხნის სამშენებლო ნებართვა მიმდინარე წლის აგვისტოში გაიცა და მისი რეზერვუარების მშენებლობა უკვე დაწყებულია.

ყაზახეთი და თურქმენეთი ტრანს-ავღანურ დერეფანს ააშენებენ. ტრანსპორტის მინისტრმა მარატ კარაბაევმა განაცხადა, რომ ეს მარშრუტი გაივლის ყაზახეთის, თურქმენეთის ტერიტორიაზე, შემდეგ - ავღანეთში, მათ შორის - პაკისტანის, სპარსეთის ყურისა და ინდოეთის ოკეანეზე წვდომით. ჯერ კიდევ 2022 წლის ივლისში პრეზიდენტმა თოყაევმა განაცხადა, რომ ყაზახეთი მზადაა, ტრანსავღანური რკინიგზის მშენებლობაში ჩაერთოს, მარშრუტით: მაზარი-შარიფი-ქაბული-პეშავარი. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის თებერვალში უზბეკეთმა, ავღანეთმა და პაკისტანმა ტაშკენტში დაამტკიცეს საგზაო რუკა, რომელიც მაზარი-შარიფი-ქაბული-პეშავარის რკინიგზის მშენებლობას ითვალისწინებს. 

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, 1 ოქტომბრიდან საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში შემოსული ხომალდები ციფრულ მომსახურებას „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მიიღებენ. აღნიშნული პროცესი უზრუნველყოფს საერთაშორისო ნაოსნობისთვის ბარიერების აღმოფხვრას, ეროვნული ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივებას და შესაბამისობაში მოყვანას საერთაშორისო სტანდარტებთან.

2024 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, APM Terminals Poti-ს მიერ 406,588 TEU კონტეინერი დამუშავდა. APM Terminals Poti-მ ჯამში 236 საკონტეინერო გემი მიიღო და დაამუშავა 58 511 მანქანა. კონტეინერების დამუშავების 9 თვის მონაცემები რომ შევადაროთ 2023 წლის 9 თვეს 10-11%-ით ნაკლებია.

სექტემბერში ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აკვატორიის ფსკერის დაღრმავებითი მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო, შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურსა“ და ერთობლივ საწარმოს (JV JAN DE NUL – PRIME CONCRETE) შორის 2024 წლის 29 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

კორპორაცია "ბათუმის ნავთობტერმინალი"-ს 2023 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად გასული წლის განმავლობაში პორტის და პორტთან არსებული ნავთობტერმინალის მთლიანი შემოსავალი 11%-ით, 116.8 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

ავსტრიულმა კომპანიამ Gebrüder Weiss-მა ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოება დაასრულა, რისთვისაც 12 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა. დასრულებული პროექტის მოცულობა 6300 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ახალი ტერმინალი მოიცავს როგორც ლოგისტიკურ, ასევე - სასაწყობე ფართებს, საკუთარი პარკირების ზონით. არსებული ლოგისტიკური ფართი ჯამში 18,800 კვადრატულ მეტრამდე აღწევს. ავსტრიაში მდებარე Gebrüder Weiss Holding AG გლობალურად მომუშავე სრული ლოგისტიკური სერვისების მომწოდებელი კომპანიაა, 500 წელზე ხანგრძლივი ისტორიით. 

2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებული შემოსავალი 1%-ითაა შემცირებული. აღნიშნულ პერიოდში ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 132,989,644.50 ლარი შევიდა. არსებული ფინანსური მაჩვენებლებიდან გამომდინარეობს, რომ 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს დერეფანი 379,970 სატვირთომ გადაკვეთა.

საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა - რაც დაკავშირებულია როგორც პანდემიის შემდგომი საავიაციო სექტორის აღდგენასთან, ასევე რუსეთ-უკრაინის ომის გამო უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვასთან და დასავლური ავიაკომპანიებისთვის რუსეთის საჰაერო სივრცის დახურვის გამო, საქართველოს საჰაერო სივრცის გლობალური მნიშვნელობა მკვეთრად გაიზარდა. ევროპიდან აზიაში მიმავალი ხომალდების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით ასრულებს ფრენებს.

"საქაერონავიგაციის“ ანგარიშის თანახმად, გასულ წელს 180,778 გადაფრენა შედგა საქართველოს საჰაერო სივრცეში, რაც წლიურ ჭრილში 72%-იან ზრდას წარმოადგენდა, შესაბამისად საქართველოს დღეში საშუალოდ 495 გადამფრენი თვითმფრინავი კვეთდა, მაშინ როდესაც 2022 წელს ეს მაჩვენებელი დღეში 288 გადაფრენა იყო. ამასთან, სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს 22%-ით გაიზარდა საქართველოს აეროპორტებიდან შესრულებული ფრენები და გასულ წელს 51,713 აფრენა/დაფრენა შედგა. ფინანსური ანგარიშის თანახმად, "საქაერონავიგაციას" გასულ წელს 154,599,000 ლარის საოპერაციო შემოსავალი ჰქონდა.

2024 წლის იანვარი - აგვისტოს პერიოდში საერთაშორისო გადაზიდვების რეჟიმში გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 18.7 მილიონი ტონა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.7%-ით მეტია. აღნიშნულ პერიოდში შუა დერეფანში ჩინეთიდან ან ჩინეთისკენ, საქართველოს გავლით, გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა (6,964 TEU) 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 728.1%-ით მეტია.

აზერბაიჯანს სურს, შექმნას მწვანე დერეფანი შუა დერეფნის მარშრუტის გასწვრივ. ამის შესახებ ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის გენერალურმა დირექტორმა ტალეჰ ზიადოვმა განაცხადა. გამწვანების პროცესი მოიცავს ტრანსპორტის ყველა რეჟიმს, მათ შორის, კონტეინერებს, პორტებს, გემებს, რკინიგზებს - აზერბაიჯანსა და საქართველოში. მისივე ინფორმაციით, ყაზახეთი სერიოზულად განიხილავს წყალბადის, როგორც მწვანე საწვავის გამოყენებას და რომ 5-10 წელიწადში წყალბადი უფრო ხელმისაწვდომი გახდება ზოგადი გამოყენებისთვის. ზიადოვის განმარტებით სამომავლოდ ყველა ამჯობინებს მწვანე დერეფნის გამოყენებას, მისი ეკოლოგიურად სუფთა ბუნების გამო.


წყარო: commersant.ge; europetime.eu; bm.ge;  businessinsider.ge