
პოლონეთი გახდა პირველი სახელმწიფო ყოფილი საბჭოთა ორბიტიდან, რომელმაც ამ ეკონომიკურ ნიშნულს მიაღწია. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის თქმით, ამ წარმატების უკან დგას ქვეყნის მიერ გატარებული გრძელვადიანი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა, რომელმაც პოლონეთი საბჭოთა გავლენის ზონიდან ევროკავშირის ერთ-ერთ ეკონომიკურ ბირთვად აქცია.
პოლონეთის ეკონომიკის სტრუქტურა – რა განაპირობებს ზრდას
დღეს პოლონეთის ეკონომიკის საერთო მოცულობა 1 ტრილიონ აშშ დოლარს აჭარბებს. ქვეყნის ეკონომიკის ყველაზე დიდი ნაწილი – $465 მილიარდი მოდის მომსახურების სექტორზე.
მომსახურების სფეროში შედის ტურიზმი, ფინანსები, IT და საცალო ვაჭრობა. ძლიერი რგოლია მრეწველობა და ენერგეტიკა – დაახლოებით $243 მილიარდის ღირებულებით. განსაკუთრებით გამოირჩევა ფოლადის, ენერგიის და სამშენებლო სექტორები, რაც ქვეყნის ინდუსტრიულ განვითარებას უზრუნველყოფს.
პოლონეთი ასევე ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა ავტომობილებისა და ელექტროტექნიკის წარმოების მიმართულებით, რომლის საერთო ღირებულება $136 მილიარდს აღწევს. ქვეყანაში მოქმედებს ისეთი საერთაშორისო ბრენდების ქარხნები, როგორებიც არიან Volkswagen, Fiat და IKEA.
სოფლის მეურნეობა პოლონეთის მშპ-ს მხოლოდ 2.4%-ს შეადგენს, თუმცა აქაც გამოკვეთილია მიმართულებები – ხორბლისა და კარტოფილის მოყვანა, ასევე ღორის ხორცისა და რძის პროდუქტების წარმოება.
ისტორია, რომელიც 1989 წელს დაიწყო
პოლონეთის ეკონომიკური ტრანსფორმაცია 1989 წლიდან იწყება, როდესაც „სოლიდარობის“ მოძრაობამ ნახევრად თავისუფალ არჩევნებში გამარჯვებით კომუნისტურ რეჟიმს ფაქტობრივად ლეგიტიმაცია ჩამოართვა. სწორედ მაშინ დაიწყო გარდამავალი პერიოდი, რომლის ფარგლებშიც გაჟღერდა ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური რეფორმა – ე.წ. „ბალცეროვიჩის გეგმა“.
საუბარი იყო ეკონომიკის სწრაფ და რადიკალურ ლიბერალიზაციაზე: დაიშვა ფასები, დაიწყო სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია და განხორციელდა მკაცრი მონეტარული პოლიტიკა. ეს პროცესი მძიმე სოციალურ ფონზე წარიმართა – გაიზარდა უმუშევრობა და შემცირდა წარმოება, თუმცა შედეგად ქვეყანა საბაზრო ეკონომიკის მყარ პლატფორმაზე აღმოჩნდა.
ევროკავშირში ინტეგრაცია – გარდამტეხი ეტაპი
პოლონეთმა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ნაბიჯები 1990-იან წლებში გადადგა და 1994 წელს მიიღო კანდიდატის სტატუსი. ათწლიანი მომზადების შემდეგ, 2004 წელს ქვეყანა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდა.
სწორედ ევროკავშირში ინტეგრაციამ მისცა პოლონეთს მნიშვნელოვანი ბიძგი ეკონომიკური ზრდისთვის – გაწევრიანების შემდეგ ქვეყანამ €170 მილიარდის ფინანსური დახმარება მიიღო. თანხები მიმართული იყო ინფრასტრუქტურის, ინოვაციების და ტექნოლოგიური განვითარებისთვის. ამავდროულად, ქვეყანამ მოახერხა, 2009 წლის გლობალური რეცესია პრაქტიკულად უმტკივნეულოდ გადაეტანა და პოზიტიური ზრდა შეენარჩუნებინა.
ინფო: bm.ge