News

უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ანგარიში შუა დერეფნის შესახებ

2026-06-09

გთავაზობთ „უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის“ მიერ 2026 წლის 31 მაისს გამოქვეყნებულ ანგარიშს „შუა დერეფნის“ შესახებ:

ჩინეთი უახლოეს პერსპექტივაში გეგმავს ევროპასთან ტვირთბრუნვის გაზრდას ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, „შუა დერეფანი“) მეშვეობით, რომელიც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გვერდის ავლით გადის ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოზე და თურქეთზე. მარშრუტის საერთო სიგრძე 4250 კმ-ს აღემატება, მისი ყველაზე გრძელი მონაკვეთი კი სწორედ ყაზახეთის ტერიტორიაზე გადის.

ამ დერეფნით ლოგისტიკა უფრო რთულად მიიჩნევა, ვიდრე რუსეთის გავლით ტრანზიტი, რადგან ის აერთიანებს სარკინიგზო გადაზიდვებს, პორტების ინფრასტრუქტურას, საბორნე გადასასვლელებსა და რთულ საბაჟო პროცედურებს რამდენიმე სახელმწიფოს შორის. თუმცა, პეკინი და ასტანა აქტიურად ამუშავებენ ამ პროექტს. მთავარი მიზეზებია — რუსეთის ფედერაციის ტოქსიკურობა, სანქციების ქვეშ ყოფნა და არასაიმედოობა, ასევე დღესდღეობით არასტაბილური საზღვაო მარშრუტების შემცირების სწრაფვა.

ამ გეგმების განსახორციელებლად, კომპანიამ „ყაზახეთის რკინიგზა“ (KTZ) გამოაცხადა განზრახვა, რომ 2030 წლისთვის დაახლოებით 10 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადოს სარკინიგზო, საპორტო და სატერმინალო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაში. 2026 წელს იგეგმება 900 კმ ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა. კერძოდ, დაახლოებით 300 კმ „აიაგოზი – ბახტის“ მონაკვეთზე, რაც შექმნის მესამე სარკინიგზო გადასასვლელს ჩინეთის საზღვარზე. ეს შესაძლებელს გახდის, რომ ამ მიმართულების გაზიდვის უნარი 2030 წლისთვის წელიწადში 55 მილიონიდან 100 მილიონ ტონამდე გაიზარდოს. წყალზე არსებული „ვიწრო ყელების“ აღმოსაფხვრელად, KTZ 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტ ინვესტიციას დებს ექვს ახალ სატვირთო გემში, რომლებიც რეისებს შეასრულებენ აქტაუს, კურიკისა და ბაქოს პორტებს შორის.

ამ ფონზე, 2026 წელს KTZ ამზადებს აქციების პირველად საჯარო შეთავაზებას (IPO), შესაძლო ლისტინგით ლონდონში, ჰონგ-კონგსა და ყაზახეთში. მოზიდული სახსრები მიიმართება მოძრავი შემადგენლობის განახლებისა და მარშრუტების განვითარებისკენ.

ასოციაცია „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ მონაცემებით, დერეფნით გადაზიდვების მოცულობამ შეადგინა 2,76 მილიონი ტონა 2023 წელს, 4,48 მილიონი ტონა 2024 წელს და 4,12 მილიონი ტონა 2025 წელს. 2026 წლის პირველ კვარტალში მარშრუტზე გაიარა დაახლოებით 173-მა მატარებელმა, თითოეულში 55 კონტეინერით. KTZ-ის წლიური მიზანია 600 მატარებელი, ხოლო 2027 წელს ეს მაჩვენებელი შესაძლოა კიდევ 67%-ით გაიზარდოს. ანალიტიკოსების შეფასებით, როდესაც TITR („შუა დერეფანი“) სრული სიმძლავრით ამუშავდება, რუსეთი საბოლოოდ დაკარგავს აზიასა და ევროპას შორის საკვანძო სატრანზიტო ჰაბის სტატუსს, რაც მისთვის მილიარდობით დოლარის დაკარგვით დასრულდება.

დათო გოჩავა, პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბი

წყარო: szru.gov.ua