News

სამსუნი - ტრაპიზონი - სარფის დიდჩქარული რკინიგზა

2026-05-23

საქართველოში ბევრს საუბრობენ „შუა დერეფანსა“ და ანაკლიის პორტზე, თუმცა რეალური ინფრასტრუქტურული რევოლუცია ჩვენს საზღვრებთან სულ სხვა მასშტაბით იწყება. თურქეთის ტრანსპორტის სამინისტრომ ოფიციალურად დაამტკიცა ამბიციური პროექტი: „სამსუნი–ტრაპიზონი–სარფის დიდჩქარული რკინიგზა“.

მონაცემები:

 - 513 კილომეტრი ახალი, თანამედროვე ლიანდაგი შავი ზღვის სანაპიროზე.

-  250 კმ/სთ მატარებლის მაქსიმალური სიჩქარე.

- ტრაპიზონიდან სარფამდე (საქართველოს საზღვრამდე) მგზავრობის დრო — 70 წუთი!

- ეს ხაზი პირდაპირ დაუკავშირდება ანკარასა და სტამბოლს.

რა უნდა იყოს საქართველოს პასუხი

სარფი ➔ ანაკლია

თუ თურქეთი ამ გიგანტურ რკინიგზას ჩვენს ჭიშკართან მოიყვანს, საქართველოს უმოქმედობა, უბრალოდ, არ გამოუვა. ჩვენი სტრატეგიული ნაბიჯი უნდა იყოს ამ ხაზის გაგრძელება სარფიდან პირდაპირ ანაკლიის ახალ პორტამდე.

როგორ გამოიყურება პროექტი

- მანძილი: „სარფი–ბათუმი–ქობულეთი–ფოთი–ანაკლია“ — 120 კილომეტრი.

- დრო: ბათუმიდან ანაკლიაში ჩასვლა მატარებლით 25-30 წუთში იქნება შესაძლებელი.

- ეფექტი: აჭარა, გურია და სამეგრელო ერთიან საზღვაო-ტურისტულ მეგაპოლისად იქცევა, ხოლო ანაკლიის პორტი მიიღებს პირდაპირ, უსწრაფეს კავშირს თურქეთის სარკინიგზო ქსელთან და მთელ ევროპასთან.

ჩინური მეთოდი — გამოსავალი კოლხეთისთვის (მაღალი ხიმინჯები)

როგორ უნდა აშენდეს 120 კმ რკინიგზა მჭიდროდ დასახლებულ და ჭაობიან სანაპიროზე? აქ უნდა გამოვიყენოთ ჩინური საინჟინრო გამოცდილება — მატარებლის გატარება მაღალ ხიმინჯებზე, ანუ უწყვეტ ესტაკადებზე (viaducts).

რატომ არის ეს გამოსავალი

1. ღრმად ჩაბეტონებული ხიმინჯები უგულებელყოფს კოლხეთის დაბლობის რბილ ნიადაგს და ლიანდაგს აბსოლუტურ სტაბილურობას ანიჭებს.

2. რკინიგზა ჰაერში „გადაუფრენს“ კოლხეთის ნაკრძალს და უნიკალურ ბუნებას ხელუხლებელს დატოვებს.

3. არ მოგვიწევს პლაჟებისა და კერძო სასტუმროების დანგრევა. ბოძების ქვეშ ჩვეულებრივად გაგრძელდება გზები, ინფრასტრუქტურა და პარკები.

ვინ დააფინანსებს ამ ყველაფერს? მაგალითი ლონდონიდან

ბევრს ჰგონია, რომ მსგავსი გიგანტური პროექტებისთვის ფული მხოლოდ ჩინეთს აქვს. რეალობა სულ სხვაა. სულ ახლახან, თურქეთმა ლონდონის მწვანე ფინანსების კონფერენციაზე წარადგინა თავისი ახალი რკინიგზის პროექტი.

შედეგი

ბრიტანეთის სახელმწიფო სააგენტომ (UKEF) და დასავლურმა ბანკებმა (Standard Chartered) თურქეთს უპრეცედენტო, 2.1 მილიარდი ევროს მწვანე სესხი დაუმტკიცეს. დასავლეთი მზად არის დააფინანსოს „მწვანე“ ტრანსპორტი, რადგან ეს კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში გლობალურ მიზნებს პასუხობს.

ევროკავშირი და "შუა დერეფნის" მილიარდები

ევროკავშირისთვის ესტაკადებზე შემდგარი მწვანე რკინიგზა ნომერ პირველი პრიორიტეტია. ევროკომისიამ თავის სტრატეგიულ კვლევაში ანაკლიის პორტი უკვე შეიყვანა ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) პრიორიტეტებში. ევროკავშირს აქვს სპეციალური 300-მილიარდიანი ფონდი Global Gateway, რომელიც ზუსტად ასეთ პროექტებს აფინანსებს. მათ უკვე აჩვენეს მაგალითი თურქეთში, სადაც ევროპასთან დამაკავშირებელი მაღალსიჩქარიანი რკინიგზის მშენებლობისთვის 275 მილიონი ევროს უზარმაზარი გრანტი გასცეს.

დასკვნა:

ფულიც არის და ინტერესიც. თუ საქართველო პროექტს სწორად, სანქცირებული კომპანიების გარეშე წარადგენს, როგორც ევროპული "TEN-T" და "მწვანე ტრანსპორტის" ნაწილს, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ არა მხოლოდ სესხები, არამედ მილიონობით ევროს გრანტები დასავლეთიდან.

არჩევანი ჩვენზეა: გვინდა ჩინურ ვალებში ჩაძირული პორტი, თუ ევროპული გრანტებით აშენებული, უსწრაფესი მწვანე რკინიგზა, რომელიც სარფიდან ანაკლიამდე 30 წუთში ჩაგვიყვანს? 

მომავალში კი, ქვეყნის გამთლიანების შემდეგ, ეს ხაზი ბუნებრივად გაგრძელდება ოჩამჩირის, სოხუმისა და გაგრის მიმართულებით.

დათო გოჩავა, პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბი