
2026-10-11
CAMCA-ს ფორუმი
ბაქოში 2026 წლის CAMCA რეგიონული ფორუმი დასრულდა, სადაც ორი დღის განმავლობაში რეგიონული თანამშრომლობის, კავშირებისა და საერთო ინიციატივების განვითარების საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონში თანამშრომლობის არსებული ფორმატების გაძლიერებისა და მიღწეული შედეგების შემდგომი განვითარების მნიშვნელობას. ფორუმმა ასევე განსაზღვრა თანამშრომლობის გაგრძელების მიმართულებები, მათ შორის CAMCA Network-ის ფარგლებში ახალი ინიციატივების მხარდაჭერა და მონაწილეებს შორის კავშირების გაღრმავება. მომდევნო, 2027 წლის CAMCA რეგიონული ფორუმის მასპინძელ ქვეყნად უზბეკეთი დასახელდა; ღონისძიება ივნისში გაიმართება.
CASCA+ მარშრუტის განვითარება
7–8 ოქტომბერს ტაშკენტში უზბეკეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის რკინიგზის ადმინისტრაციებმა CASCA+ საერთაშორისო მულტიმოდალური სატრანსპორტო დერეფნის განვითარების შესახებ ექვსმხრივ პროტოკოლს მოაწერეს ხელი. შეთანხმება აზიასა და ევროპას შორის ტვირთბრუნვის გაზრდას, სატარიფო პირობების გაუმჯობესებას, კონტეინერების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და პორტებში შეფერხებების შემცირებას ითვალისწინებს.
ახალი სარკინიგზო მონაკვეთი თურქეთში
თურქეთში ჰალკალი–კაპიქულეს რკინიგზის ჩერქეზქოი–კაპიქულეს 229-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა. გახსნის ცერემონიას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი დაესწრნენ. პროექტი ევროკავშირის 275 მილიონი ევროს გრანტით დაფინანსდა და მიზნად ისახავს თურქეთსა და ევროკავშირს შორის სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესებას. ახალი სარკინიგზო მონაკვეთი ხელს შეუწყობს შუა დერეფანზე ტვირთების ტრანზიტის დროის შემცირებას და ევროპას სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიასთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო კავშირების გაძლიერებას.
საქართველოს რკინიგზის მოძრავი შემადგენლობა
საქართველოს რკინიგზამ 200 ახალი სატვირთო ვაგონი შეიძინა, რომელთაგან 50 უკვე საქართველოშია, ხოლო დანარჩენის შემოყვანა წლის ბოლომდე იგეგმება. ამასთან, კომპანიამ 50-მდე ახალი ლოკომოტივის შესყიდვის პროცესიც დაიწყო. მოძრავი შემადგენლობის განახლება და საოპერაციო პროცესების გაუმჯობესება სატვირთო გადაზიდვების ეფექტიანობის გაზრდას ემსახურება.
ვაჭრობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანის რკინიგზა უკვე თითქმის ერთი წელია სომხური ტვირთების გადასაზიდად გამოიყენება, ხოლო ქვეყნებს შორის ორმხრივი ვაჭრობა დაწყებულია. მისი თქმით, სომხეთის ტერიტორიაზე TRIPP-ის პროექტის განხორციელება რეგიონული სატრანსპორტო კავშირების გახსნას და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლის დამყარებას შეუწყობს ხელს. ამის შესახებ ფაშინიანმა თურქმენბაშიში, დსთ-ის სახელმწიფოთა მეთაურების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
შეხვედრები მოლდოვაში
2026 წლის 2 ოქტომბერს, კიშინიოვში, TRACECA-ს მუდმივმოქმედი სამდივნოს გენერალური მდივნის, ჟასურბეკ ჩორიევის ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვის საავტომობილო, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტის სფეროების წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა. მხარეებმა განიხილეს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, მრავალმხრივი სანებართვო სისტემის განვითარება, პორტ ჯურჯულეშტის გაფართოება, ციფრული კავშირებისა და მულტიმოდალური ლოგისტიკის გაძლიერების საკითხები. შეხვედრების მიზანს ევროპა–კავკასია–აზიის სატრანსპორტო დერეფნის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური მიმზიდველობის ზრდის ხელშეწყობა წარმოადგენდა.
საქართველო PostEurop-ის ფორუმს უმასპინძლებს
2027 წელს საქართველო ევროპის სახელმწიფო საფოსტო ოპერატორების ასოციაციის (PostEurop) გენერალურ ასამბლეასა და ბიზნესფორუმს უმასპინძლებს. გადაწყვეტილება ბაქოში გამართულ ასამბლეაზე მიიღეს. ღონისძიება ხელს შეუწყობს ევროპის საფოსტო ადმინისტრაციებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებასა და საერთაშორისო საქმიანი კავშირების განვითარებას.
TRACECA.GE
წყაროები:
timesca.com / europetime.eu / europetime.eu
gbc.ge / primeminister.am
traceca-org.org / bp.ge