News

აბრეშუმის გზის დაიჯესტი | 22 სექ 2026

2026-09-22

კორეა ცენტრალური აზიის ინფრასტრუქტურაში
სამხრეთ კორეა და ცენტრალური აზიის ქვეყნები შეთანხმდნენ, რეგიონში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში კორეული კომპანიების მონაწილეობას ხელი შეუწყონ. შეთანხმება სეულის დეკლარაციაში აისახა, რომელიც 16-17 სექტემბერს სეულში გამართული პირველი სამხრეთ კორეა-ცენტრალური აზიის სამიტის შედეგად მიიღეს. დეკლარაციის მიხედვით, კორეული კომპანიები ჩაერთვებიან ინფრასტრუქტურის მშენებლობის, მოდერნიზაციისა და მართვის, ასევე სატრანსპორტო სისტემების ციფრალიზაციისა და „ჭკვიანი მობილობის“ განვითარებაში. მხარეებმა ასევე აღნიშნეს სატრანსპორტო მარშრუტებისა და მდგრადი ტრანსპორტის განვითარების მნიშვნელობა ცენტრალური აზიის სატრანზიტო პოტენციალის გასაზრდელად.

€12 მლრდ „შუა დერეფნისთვის“
ევროკომისია „შუა დერეფნის“ განვითარებისთვის 12 მილიარდ ევრომდე საჯარო და კერძო ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. დაფინანსება „Global Gateway“-ის ფარგლებში მოიზიდება და მიზნად ისახავს სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიცირებას, 2030 წლისთვის სავაჭრო ნაკადების გასამმაგებასა და ტვირთების ტრანზიტის დროის შემცირებას.

ტრაილერები საქართველოს დერეფანში
სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, წელს 8 თვეში საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტები 330 559 ტრაილერმა გადაკვეთა, რომლებმაც ქვეყნის გზებით სარგებლობისთვის ბიუჯეტში 115.7 მლნ ლარი გადაიხადეს, რაც 4.6%-ით ანუ 5.09 მლნ ლარით მეტია 2025 წლის 8 თვის მაჩვენებელზე.
● 2026 წლის იანვარ-აგვისტო - 115 695 747 ლარი/ 330 559 ტრაილერი
● 2025 წლის იანვარ-აგვისტო - 110 605 237 ლარი / 316 014 ტრაილერი

ეგვიპტური ციტრუსი ფოთის გავლით
ეგვიპტეში ციტრუსის ახალი საექსპორტო სეზონის დაწყების წინ, შავი ზღვის მარშრუტებზე შექმნილი უსაფრთხოების პრობლემები ექსპორტიორებს ალტერნატიული გზების ძიებას აიძულებს. MSC-მ ნოვოროსიისკის მიმართულებით ახალი ჯავშნების მიღება შეაჩერა, რასაც მოჰყვა თურქული გადამზიდავების, Akkon Lines-ისა და Arkas-ის მიერ რუსეთის პორტებში მომსახურების შეჩერებაც. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეგვიპტისთვის, რომელმაც 2025 წელს დაახლოებით 2 მილიონი ტონა ციტრუსი გაიტანა ექსპორტზე და რუსეთის ბაზარი ევროკავშირის შემდეგ მის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს. 

EastFruit-ის შეფასებით, ამ ვითარებაში საქართველოს, კერძოდ კი ფოთის პორტს, შეუძლია ალტერნატიული ლოგისტიკური მარშრუტის როლი შეასრულოს. ფოთიდან ტვირთის გადამისამართება შესაძლებელია აზერბაიჯანის, კასპიის ზღვისა და ყაზახეთის გავლით ცენტრალური აზიის ბაზრებისკენ, მათ შორის უზბეკეთსა და ყაზახეთში. თუ მარშრუტი ტრანზიტის დროისა და ხარჯების თვალსაზრისით კონკურენტუნარიანი აღმოჩნდება, ის ეგვიპტელ ექსპორტიორებს ლოგისტიკური რისკების დივერსიფიცირების საშუალებას მისცემს და, ამავდროულად, საქართველოს რეგიონული სატრანზიტო-ლოგისტიკური ჰაბის როლს გააძლიერებს.

სატრანზიტო სტაგნაცია
საქართველოს სატრანზიტო საავტომობილო გადაზიდვებში ბოლო წლებში ზრდის ტემპი შენელდა. 2022 წელს, რეგიონში ომის დაწყების ფონზე, ტრანზიტული სატვირთოების რაოდენობა დაახლოებით 50%-ით გაიზარდა და 496 300 ერთეულს მიაღწია, თუმცა შემდგომ პერიოდში მნიშვნელოვანი ზრდა აღარ დაფიქსირებულა. 2023 წელს პიკური მაჩვენებელი თვეში საშუალოდ 42 900 სატვირთო იყო, 2026 წლის პირველი 8 თვის მაჩვენებელი კი 41 300-მდე შემცირდა, რაც პიკურ დონესთან შედარებით დაახლოებით 4%-იანი კლებაა.

TCRC-ის მიხედვით, პრობლემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოსავლეთ-დასავლეთის E60-E70 მაგისტრალის გაჭიანურებული მშენებლობაა. 2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, 428 კმ-იანი მაგისტრალიდან მხოლოდ 325 კმ, ანუ 76%-ია გახსნილი. ამასთან, სატვირთოები საქართველოს სხვადასხვა მონაკვეთზე გაუთვალისწინებელი და ხანგრძლივი შეფერხებების წინაშე დგანან. ავტორის შეფასებით, გზების დაკეტვისა და მოძრაობის შეზღუდვების შესახებ წინასწარი ინფორმაციის ნაკლებობა დამატებით ართულებს სატრანზიტო ოპერაციებს და ამცირებს დერეფნის ეფექტიანობას.

გაჭიანურებული ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს საერთაშორისო ლოგისტიკურ პოზიციაზეც აისახება. მსოფლიო ბანკის 2023 წლის LPI-ის მონაცემებით, ინფრასტრუქტურის კომპონენტში საქართველო 108-ე ადგილზეა 2.3 ქულით, მაშინ როცა თურქეთი 43-ე, სომხეთი 76-ე, ხოლო ყაზახეთი და ტაჯიკეთი 80-ე პოზიციებზე არიან. ბოლო ათწლეულში საქართველოს პოზიცია ამ კომპონენტში 50 საფეხურით გაუარესდა, რაც TCRC-ის შეფასებით, რეგიონში სატრანზიტო კონკურენციის ზრდის პირობებში მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.

საქართველოს 2023–2030 წლების სატრანსპორტო და ლოგისტიკის ეროვნული გეგმა LPI-ის გაუმჯობესებას — 2026 წლისთვის 74-ე, ხოლო 2030 წლისთვის 69-ე პოზიციაზე გადასვლას — ისახავს მიზნად. TCRC-ის შეფასებით, ამისთვის მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის დროული დასრულება, სატვირთო მოძრაობის შეფერხებების შემცირება და სატრანზიტო პროცესების ეფექტიანი მართვა, რაც საქართველოს რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

ენერგეტიკის მსოფლიო ფორუმი თბილისში
თბილისში, 21-24 სექტემბერს, ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მე-9 მსოფლიო ფორუმი პირველად იმართება საქართველოში და მას დაახლოებით 1,000 მაღალი რანგის დელეგატი ესწრება. ფორუმის მთავარი თემებია ენერგეტიკის სექტორის გლობალური გამოწვევები, ენერგეტიკული უსაფრთხოება, განახლებადი ენერგიის განვითარება, დეცენტრალიზებული ენერგოსისტემები, ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, ასევე ინვესტიციები და მომხმარებელზე ორიენტირებული პოლიტიკა. ღონისძიებას სემეკი მასპინძლობს, ხოლო მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებელი და სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკული და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან.

წყაროები:
europetime.eu / europetime.eu / bm.ge
east-fruit.com / transcor.ge / bfm.ge