News

აბრეშუმის გზის დაიჯესტი | 24 ნოემბერი 2026

2026-11-24

საქართველო და ცენტრალური აზია — პარტნიორობის ახალი ეტაპი

საქართველოს ელჩმა ყაზახეთში, ყირგიზეთსა და მონღოლეთში, ლევან დიასამიძემ WEproject-თან ინტერვიუში ცენტრალურ აზიასთან ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა საქართველო-ყაზახეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, შუა დერეფნის განვითარებაზე, სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების გაძლიერებასა და C5+ საქართველოს ფორმატის განვითარების შესაძლებლობებზე.

ევროკავშირისა და ინდონეზიის სავაჭრო პარტნიორობა

ევროკავშირმა და ინდონეზიამ, თითქმის ათწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ისტორიული სავაჭრო შეთანხმება გააფორმეს, რომელიც მიზნად ისახავს ინვესტიციების გაფართოებას, ვაჭრობის გამარტივებასა და ევროპასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას.

ანაკლიის პორტის დასრულების ვადები

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ამოქმედება საქართველოსთვის და შუა დერეფნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სტიმული იქნებოდა, თუმცა პროექტის 2029 წლისთვის დასრულების პერსპექტივა ეჭვს იწვევს. აღნიშნულის შესახებ სატრანსპორტო სფეროს წარმომადგენლები საუბრობენ და ყურადღებას ამახვილებენ ინფრასტრუქტურული სამუშაოების მასშტაბსა და პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ვადებზე. მათი შეფასებით, პორტის ამოქმედება შესაძლოა დაგეგმილზე გვიან, 2032 წლისთვის მოხერხდეს.

სომხეთის AI პოტენციალი 

NVIDIA-ს ვიცე-პრეზიდენტის, რევ ლებარიტიანის განცხადებით, სომხეთი ერთ სულ მოსახლეზე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებით მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას უსწრებს, რაც მას გლობალურ ტექნოლოგიურ ბაზარზე მნიშვნელოვანი მოთამაშის პოზიციის დაკავების შესაძლებლობას აძლევს. მისი შეფასებით, ქვეყანამ უნდა განავითაროს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურა და ამ სექტორიდან მიღებული შემოსავლების ნაწილი განათლების, მეცნიერებისა და ეკონომიკის განვითარებაში მიმართოს. 

ირანი-სომხეთის ტექნოლოგიური თანამშრომლობა

ირანმა და სომხეთმა მაღალი ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, კიბერუსაფრთხოების, ტელეკომუნიკაციებისა და ინოვაციების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. ირანის კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრის, სატარ ჰაშემისა და სომხეთის მაღალტექნოლოგიური მრეწველობისა და ხელოვნური ინტელექტის მინისტრის, დავით ტადევოსიანის შეხვედრაზე ასევე განიხილეს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელების განვითარება, ტექნოლოგიების ერთობლივი წარმოება, ინვესტიციები და ცოდნის გაზიარება. მხარეებმა თანამშრომლობის სამოქმედო გეგმისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხებზეც იმსჯელეს. 

რუმინეთში მწვანე დერეფნის მინისტერიალი

ბუქარესტში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტის მონაწილე ოთხი ქვეყნის — საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მინისტერიალი იმართება. შეხვედრაზე განიხილავენ პროექტის განხორციელების პროგრესს, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის შედეგებსა და შემდგომ ნაბიჯებს. პროექტი 3.9 გიგავატი სიმძლავრის ტრანსსასაზღვრო ელექტროგადამცემი დერეფნის შექმნას ითვალისწინებს, რომლის საინვესტიციო ღირებულება 22 მილიარდ ევროდ არის შეფასებული. მინისტერიალში საქართველოს ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილიც მონაწილეობს.

აზერბაიჯანი ვიეტნამთან თანამშრომლობას აფართოებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიეტნამში ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ენერგეტიკის, ვაჭრობის, თავდაცვისა და ინვესტიციების სფეროებში თანამშრომლობის გაფართოება განიხილეს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების ვიეტნამში ექსპორტი და ქვეყნის აზიის სხვა ბაზრებზე სავაჭრო პლატფორმად გამოყენება იყო. ასევე განხილული იქნა ერთობლივი წარმოებისა და განახლებადი ენერგიის პროექტები. 2025 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 150 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

სომხეთში TRIPP პროექტის განხორციელება იწყება

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სიუნიქის პროვინციაში „ტრამპის მარშრუტის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) პროექტის მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოების დაწყების შესახებ განაცხადა. პროექტი სომხეთისა და აშშ-ის მთავრობების თანამშრომლობით ხორციელდება და მიზნად ისახავს აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებას, რეგიონული მულტიმოდალური სატრანზიტო კავშირების განვითარებას და ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის გაძლიერებას. ინიციატივის ფარგლებში ასევე იგეგმება ახალი სავაჭრო მარშრუტების განვითარება საქონლის, ენერგიისა და მგზავრთა გადაადგილებისთვის.

საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის შეფასება

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ანალიზის თანახმად, საქართველოში სატრანზიტო გადაზიდვების ზრდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შენელებულია და სტაგნაციის ტენდენციით ხასიათდება. კვლევა მოიცავს 2026 წლის პირველი 10 თვის სარკინიგზო და საავტომობილო სატრანზიტო გადაზიდვების მონაცემებს. ორგანიზაციის შეფასებით, 2022 წელს, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად, საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გადაზიდვები წინა წელთან შედარებით საშუალოდ 40%-ით გაიზარდა, მათ შორის სარკინიგზო გადაზიდვები – 30%-ით, საავტომობილო კი – 50%-ით. თუმცა, მომდევნო წლებში მოსალოდნელი 5–7%-იანი წლიური ზრდა არ შენარჩუნებულა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს საავტომობილო გზებზე ყოველწლიურად საშუალოდ 400–430 ათასი სატრანზიტო სატვირთო ავტომობილი გადაადგილდება, ხოლო რკინიგზით გადაზიდვების მოცულობა 2022 წლის მაჩვენებლებს პრაქტიკულად უტოლდება. ორგანიზაციის შეფასებით, სხვა დერეფნებიდან ტვირთნაკადების გადმორთვის ეფექტი ფაქტობრივად განულებულია. არსებული ტენდენციების მიზეზების სიღრმისეული შესწავლისა და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის ეფექტიანად გამოყენების მიზნით, ორგანიზაცია ნეიტრალური ექსპერტებით დაკომპლექტებული დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანოს შექმნის ინიციატივას აყენებს.

თურქეთ-საქართველოს სატრანსპორტო კავშირები

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩის, მუსტაფა თურქერ არისის განცხადებით, 2025 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 3.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო სტრატეგიულ მიზანს მისი 5 მლრდ დოლარამდე გაზრდა წარმოადგენს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის განვითარებასა და ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზას, რომლის წლიური სატვირთო გამტარუნარიანობა სრული დატვირთვის პირობებში 5 მლნ ტონას მიაღწევს. ელჩის შეფასებით, რკინიგზის განვითარება მნიშვნელოვნად გაზრდის რეგიონის სატრანზიტო შესაძლებლობებსა და შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობას. მან ასევე ისაუბრა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ პროექტი საქართველოს რეგიონულ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ პოზიციებს გააძლიერებს. ინტერვიუში განხილული იყო პორტის „ლენდლორდის“ მოდელი, საქართველოს სარკინიგზო ქსელის მოდერნიზაცია, საავტომობილო ინფრასტრუქტურის განვითარება და 2032 წლამდე პრიორიტეტული სატრანსპორტო პროექტებისთვის დაგეგმილი 7 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიცია. ელჩის განცხადებით, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, შუა დერეფნის ქვეყნების ეფექტიანი თანამშრომლობის შემთხვევაში, 2040 წლისთვის დერეფნის გასწვრივ სავაჭრო ბრუნვა შესაძლოა ოთხჯერ გაიზარდოს, ხოლო ტვირთების მიწოდების დრო ამჟამინდელი მაჩვენებლის მესამედამდე შემცირდეს.

ყულევის ტერმინალში ნავთობის იმპორტი იზრდება

BSP-ის ინფორმაციით, ყულევის ნავთობგადამმუშავებელმა ქარხანამ ლიბიური ნედლი ნავთობის მეოთხე პარტია მიიღო. 18 და 23 ნოემბერს SOCAR-ის შავი ზღვის ტერმინალში ორი ტანკერი, საერთო ჯამში დაახლოებით 87 500 ტონა ნედლი ნავთობით შევიდა. ბოლო სამი თვის განმავლობაში ლიბიური ნავთობის მიწოდების მთლიანმა მოცულობამ დაახლოებით 352 000 ტონა შეადგინა. კომპანია აღნიშნავს, რომ 23 აგვისტოდან ქარხანა სრულად გადავიდა არარუსული წარმოშობის ნედლეულის გადამუშავებაზე, ხოლო ოქტომბრის ბოლოდან წარმოებული ნავთობპროდუქტები ევროკავშირის იმპორტის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ლიბიური ნავთობის მეხუთე პარტიას ყულევში დეკემბერში ელოდებიან.

TRACECA.GE


წყაროები:
weproject.media / bpn.ge / ge.armradio.am
bm.ge / bm.ge / en.baochinhphu.vn / bm.ge
europetime.eu / transcor.ge / businessinsider.ge