
2026-11-27
თბილისში TRACECA-ს საკითხები განიხილეს
2026 წლის 22 ოქტომბერს, საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, TRACECA-ს მუდმივმოქმედი სამდივნოს გენერალური მდივანი ჟასურბეკ ჩორიევი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანსა და სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორ ლაშა აბაშიძეს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იქნა TRACECA-ს დერეფნის ციფრული ტრანსფორმაცია, შუა დერეფნის განვითარება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტი და რკინიგზისა და პორტების კოორდინირებული მუშაობა. ასევე ყურადღება დაეთმო ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან სატვირთო გადაზიდვების შეფერხებების შემცირებისა და დერეფნის გამტარუნარიანობის გაუმჯობესების საკითხებს.
ექსპორტის ხელშეწყობის ახალი პროგრამა
ექსპორტის ხელშეწყობის ახალი სახელმწიფო პროგრამა თავდაპირველად შუა დერეფნის ქვეყნებზე გავრცელდება. ინიციატივა ქართველი ექსპორტიორებისთვის საექსპორტო ბაზრებზე პროდუქციის ტრანსპორტირებისა და დასაწყობების ხარჯების შემცირებას ისახავს მიზნად. პროგრამის ფარგლებში აღნიშნული ხარჯების 50%-ის თანადაფინანსება იგეგმება. ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელის, ირაკლი გაბრიაძის განცხადებით, საწყის ეტაპზე პროგრამა შუა დერეფნის ქვეყნებს მოიცავს, შემდგომ კი მისი მოქმედების არეალის სხვა საექსპორტო მიმართულებებზე გაფართოებაც განიხილება. ინიციატივა ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ექსპორტის ხელშეწყობას ემსახურება.
საქართველო-აზერბაიჯანის ენერგეტიკული თანამშრომლობა
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და რეგიონული კავშირების გაძლიერებაში. მან ხაზი გაუსვა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენისა და სამხრეთის გაზის დერეფნის მნიშვნელობას, ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა, შესაბამისი მოლაპარაკებების საფუძველზე, ბაქო-სუფსის მილსადენის მუშაობა განახლდეს. ბაირამოვის ინფორმაციით, დასრულებულია ტექნიკური სამუშაოები კასპიისა და შავი ზღვების დამაკავშირებელ წყალქვეშა საკაბელო პროექტზე, რომელიც რუმინეთის გავლით უნგრეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებს დაუკავშირდება.
TRIPP-ის სატრანზიტო პერსპექტივები
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, TRIPP-ის პროექტი სომხეთსა და რუმინეთს ერთმანეთისთვის სატრანზიტო მომსახურების გაწევის შესაძლებლობას მისცემს. რუმინეთის პრეზიდენტ ნიკუშორ დანთან შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივა, სომხეთიდან რუმინეთში ავტომობილების თურქეთის გავლით ექსპორტის შესაძლებლობა, სარკინიგზო კავშირების განვითარება და ბუქარესტი–ერევნის პირდაპირი ავიამიმოსვლა.
ყაზახეთი ელექტრონული მმართველობის რეიტინგში
გაეროს ელექტრონული მმართველობის განვითარების 2026 წლის რეიტინგში ყაზახეთი 24-ე ადგილიდან მე-16 პოზიციაზე გადავიდა და პირველად მოხვდა უმაღლეს სარეიტინგო ჯგუფში. შეფასება 193-ზე მეტი ქვეყნის ციფრული სახელმწიფო სერვისების, სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მაჩვენებლებს ეფუძნება. მიღწეული შედეგით ყაზახეთი ცენტრალური აზიის რეგიონში ლიდერ პოზიციას იკავებს.
სომხეთი ენერგეტიკულ კავშირებს აფართოებს
სომხეთი თურქეთთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსა და ირანთან ენერგეტიკული კავშირების განვითარებას ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის სტაბილურობის გაზრდის შესაძლებლობად განიხილავს. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ, ვაჰან კოსტანიანმა განაცხადა. მისი თქმით, რეგიონული ენერგეტიკული სისტემების ურთიერთდაკავშირება ხელს შეუწყობს ენერგეტიკულ თანამშრომლობას და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას. ამასთან, სომხეთი უკვე ახორციელებს შესაბამის პროექტებს საქართველოსთან და ირანთან, მათ შორის ირანთან მესამე ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას. თურქეთთან და აზერბაიჯანთან ენერგეტიკული სისტემების ურთიერთდაკავშირება კი ამ ეტაპზე ე.წ. „კუნძულის მეთოდით“ განიხილება.
TRACECA-სა და ICAO-ს თანამშრომლობის პერსპექტივები
2026 წლის 16–20 ნოემბერს მონრეალში გამართულ ICAO-ს მე-7 მსოფლიო საავიაციო ტრანსპორტის კონფერენციაში (ATConf/7) მონაწილეობა მიიღო TRACECA-ს მუდმივმოქმედი სამდივნოს გენერალურმა მდივანმა ჟასურბეკ ჩორიევმა. კონფერენციის ფარგლებში ICAO-ს გენერალურ მდივანთან, ხუან კარლოს სალასართან, გამართულ შეხვედრაზე განხილული იქნა თანამშრომლობის მემორანდუმის პროექტი და ICAO-ს შესაბამის ფორუმებსა და სამუშაო ჯგუფებში TRACECA-ს მუდმივი დამკვირვებლის სტატუსის მინიჭების საკითხი. ასევე განისაზღვრა თანამშრომლობის პრიორიტეტები, მათ შორის საჰაერო მიმოსვლის ლიბერალიზაცია, ახალი მარშრუტების განვითარება, საავიაციო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მოზიდვა, ციფრული დოკუმენტაციის ინტეგრაცია და საავიაციო სფეროში პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერება.
აფხაზეთის დერეფანი რუსეთის სათადარიგო მარშრუტად
რუსეთის სატრეიდერო კომპანიები მარცვლეულისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ოჩამჩირის ნავსადგურისა და რკინიგზის გავლით თურქეთის გებზეს ნავსადგურში ტრანსპორტირების შესაძლებლობას განიხილავენ. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული მარშრუტი შესაძლოა რუსეთისთვის ალტერნატიულ სატრანზიტო გზად იქცეს ფორსმაჟორულ ვითარებაში. ამასთან, დერეფნის პრაქტიკულ გამოყენებას ზღუდავს სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ტექნიკური მდგომარეობა, გვირაბების რეაბილიტაციის საჭიროება და საერთაშორისო სამართლებრივი აღიარების არარსებობა. 2023 წელს განხორციელებული საპილოტე გადაზიდვის შემდეგ სისტემური საკონტეინერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. შეფასების თანახმად, მარშრუტის გამოყენება ამ ეტაპზე ძირითადად რუსეთის ტვირთებზე და პოლიტიკურ ან საგანგებო გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული.
TRACECA.GE
წყაროები:
traceca-org.org / businessinsider.ge
europetime.eu / europetime.eu / transcor.ge
ge.armradio.am / traceca-org.org