News

აბრეშუმის გზის დაიჯესტი | 28 სექ 2026

2026-09-28

პროექტი "მშვიდობის გზაჯვარედინი"

სომხეთი რამდენიმე მნიშვნელოვანი სარკინიგზო მონაკვეთის რეაბილიტაციას გეგმავს, რათა საკუთარი ქსელი რეგიონულ სატრანსპორტო დერეფნებს დაუკავშიროს. საუბარია, მათ შორის, ჰრაზდანი–კაიანის 80 კმ-იან, ნრნაძორ–აგარაკის 43 კმ-იან, გიუმრი–ახურიკის 6 კმ-იან და იერასხის 1 კმ-იან მონაკვეთებზე.

გიუმრი–ახურიკის მონაკვეთის აღდგენა სომხეთს თურქეთის სარკინიგზო ქსელთან დააკავშირებს, ხოლო სამხრეთისა და იერასხის მიმართულებების განვითარება — ნახიჩევანსა და ირანთან. სომხეთის სარკინიგზო ქსელს შესაძლოა დამაკავშირებელი ფუნქცია ჰქონდეს „შუა დერეფანს“, „ჩრდილოეთ–სამხრეთის“ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტსა და „შავი ზღვა–სპარსეთის ყურის“ სატრანსპორტო ღერძს შორის.

ევროკავშირი აზიის ბაზრებზე

„ევროპული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები უკვე მსოფლიო მომხმარებლების ნახევარს ფარავს — ასეთი უპირატესობა არავის აქვს“ — ევროკავშირის სავაჭრო პოლიტიკა აზიის მიმართულებით ფართოვდება. ფილიპინებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე არსებითი შეთანხმების მიღწევის შემდეგ, ბრიუსელი ახალი ბაზრებისა და მომარაგების ჯაჭვების დივერსიფიკაციას აგრძელებს, მათ შორის ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით. ინდოეთთან, ავსტრალიასა და ინდონეზიასთან სავაჭრო მოლაპარაკებების დასრულების ფონზე, ევროკავშირი შეთანხმებების მიღწევას ტაილანდთან და მალაიზიასთანაც ცდილობს.

აზერბაიჯანი ლოკომოტივებს აახლებს

აზერბაიჯანის რკინიგზა ლოკომოტივების პარკს აახლებს. ბაქოში ჩინეთიდან შვიდი ახალი სატვირთო ლოკომოტივი უკვე ჩაიტანეს, რომლებიც საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნებზე გადაზიდვებისთვის იქნება გამოყენებული. პარალელურად, აზერბაიჯანი კიდევ 14 ლოკომოტივის შეძენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

საქართველოს გზების მშენებლობის ტემპის ჩამორჩენა

საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ნელი ტემპით მიმდინარეობს. საერთაშორისო რეიტინგში ქვეყნის ინფრასტრუქტურის ხარისხი 108-ე პოზიციაზეა, მაშინ როცა თურქეთი 43-ე, სომხეთი კი 76-ე ადგილზეა. განსხვავება განსაკუთრებით თვალსაჩინოა იმ ფონზე, როცა რეგიონში სატრანზიტო მარშრუტებისთვის კონკურენცია იზრდება.

აღმოსავლეთ-დასავლეთის E60-E70 მაგისტრალის მშენებლობა საქართველოში უკვე წლებია გრძელდება. 428-კილომეტრიანი გზიდან ექსპლუატაციაში დაახლოებით 325 კილომეტრია შესული, დარჩენილი მონაკვეთების დასრულება კი 2032 წლისთვის იგეგმება. პარალელურად, მეზობელი ქვეყნები ახალი ავტომაგისტრალებისა და სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაში მნიშვნელოვან რესურსებს დებენ.

ინფრასტრუქტურის დაგვიანება მხოლოდ გზების მშენებლობის ვადებზე არ აისახება — ის პირდაპირ უკავშირდება სატრანზიტო გადაზიდვების სისწრაფესა და ქვეყნის ლოგისტიკურ კონკურენტუნარიანობას. სატვირთო ნაკადების ზრდის პირობებში გზების გამტარუნარიანობა და გადაადგილების დრო სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

Log-in Georgia-ს პროექტი 2027 წლის ბოლოს დასრულდება 

ამ ეტაპზე უკვე აშენებული და ოპერირებაშია 2 300 კილომეტრის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი, ხოლო დარჩენილი დაახლოებით 4 500 კილომეტრი სრულად დაკონტრაქტებულია და პროექტირების ეტაპზეა. „ოუფენ ნეტის“ ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ სახელმწიფო ქსელი რეგიონებში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაფართოებასა და ადგილობრივი ოპერატორების განვითარებას შეუწყობს ხელს.

$181 მილიონზე მეტი — საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისთვის

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი, მსოფლიო ბანკთან თანადაფინანსებით, თანხას ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის ფარგლებში მიმართავს. პროექტი აღმოსავლეთ საქართველოში დაახლოებით 40 კილომეტრის გზის მშენებლობასა და რეაბილიტაციას, მათ შორის საგზაო მონაკვეთების გაუმჯობესებასა და სატრანსპორტო უსაფრთხოების გაძლიერებას ითვალისწინებს. ინიციატივის ფარგლებში ასევე დაგეგმილია გზების მოვლა-პატრონობის სისტემის გაუმჯობესება და სატრანსპორტო კავშირების გაძლიერება, რაც ტრანსკასპიური დერეფნის განვითარებასა და რეგიონული გადაადგილების გაუმჯობესებას უკავშირდება.

TRIPP-ში აქციონერობა არ განიხილება

სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის სამინისტრო აცხადებს, რომ TRIPP-ის პროექტი ინვესტიციების სანაცვლოდ აქციების გადაცემას არ ითვალისწინებს. განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც მედიაში დაიწერა, თითქოს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ყაზახეთისა და ყირგიზეთისთვის პროექტში აქციონერობის შეთავაზება განიხილა.

აზერბაიჯანის $17 მლრდ-იანი პროექტები

ბაქოს პოლიტიკა მიმართულია არა მხოლოდ მეზობელ ქვეყნებთან, არამედ მათ მეზობლებთან კავშირების გაღრმავებისკენ, რაც გლობალური მიწოდების ჯაჭვების ცვლილების ფონზე ახალი სავაჭრო და სატრანსპორტო მარშრუტების განვითარებას ემსახურება. აზერბაიჯანის 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით 22.71 მილიარდი დოლარის შემოსავლებსა და 24.53 მილიარდი დოლარის ხარჯებს ითვალისწინებს.

ბაქოში გამართულ მე-2 საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე 23 დოკუმენტს მოეწერა ხელი, რომელთა ფარგლებში პროექტების საერთო ღირებულებამ 10.8 მილიარდი დოლარი შეადგინა. ივნისში გამართულ Baku Energy Week-ზე გამოცხადებულ ინიციატივებთან ერთად, საერთო მოცულობა 17 მილიარდ დოლარს უახლოვდება. ინვესტიციების მოზიდვას ხელს უწყობს სატრანსპორტო, ლოგისტიკური და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც აზერბაიჯანის პოზიციას რეგიონულ და საერთაშორისო კავშირებში აძლიერებს.

ბაქო საკუთარ გეოგრაფიულ მდებარეობას იყენებს იმისთვის, რომ ქვეყანა მხოლოდ სატრანზიტო დერეფნად არ დარჩეს და სხვადასხვა რეგიონსა და კონტინენტს შორის ეკონომიკური კავშირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლად ჩამოყალიბდეს. სატრანსპორტო მარშრუტები, ლოგისტიკა და ენერგეტიკული კავშირები ამ მიდგომაში არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების ინსტრუმენტად არის წარმოდგენილი.

შუა დერეფნის გაძლიერება

აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებას, საბაჟო პროცესების ჰარმონიზაციასა და სასაზღვრო-გამტარ პუნქტებზე ლოდინის დროის შემცირებას გეგმავენ. თანამშრომლობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად სახელდება საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და ისეთი ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ვაჭრობასა და „შუა დერეფნის“ გამტარუნარიანობას გაზრდის.

თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამივე ქვეყანაში საავტომობილო, სარკინიგზო და საზღვაო ინფრასტრუქტურაში მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება, თუმცა სატრანზიტო ნაკადების ზრდისთვის საჭიროა არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარება, არამედ საბაჟო და სხვა პროცედურების ერთიან სისტემაში მოქცევა. მისი შეფასებით, ეს ხელს შეუწყობს ახალი ინვესტიციების მოზიდვას და ტვირთების გადაადგილებასთან ერთად მათი გადამუშავებისა და დამატებითი ეკონომიკური ღირებულების შექმნას.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა აზერბაიჯანის როლს აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანში და კასპიის ზღვის გავლით ცენტრალურ აზიასთან კავშირების გაძლიერებას. საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება და ფართომასშტაბიანი პროექტების განხორციელება, თურქი მაღალჩინოსნის თქმით, ქმნის შესაძლებლობას, რომ რეგიონული თანამშრომლობით სარგებელი მიიღონ როგორც სამმა ქვეყანამ, ისე მათ პარტნიორმა სახელმწიფოებმა.

საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელმა პირებმა, სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გაამახვილეს რეგიონული სატრანზიტო პოტენციალის განვითარებაზე, შუა დერეფნისა და ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო ხაზის ეფექტიანობის გაზრდაზე, ასევე საბაჟო პროცედურების გამარტივებაზე. ამასთან, განხილვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო წინასწარი საბაჟო ინფორმაციის გაცვლის შემდგომი განვითარება, საერთაშორისო სატრანზიტო სისტემების ურთიერთთავსებადობა და საზღვრის კვეთისთვის საჭირო დროის კიდევ უფრო შემცირება.

წყაროები:
commersant.ge / commersant.ge / bpn.ge 
businessinsider.ge / bm.ge / commersant.ge
ge.armradio.am / caliber.az / commersant.ge
businessinsider.ge