News

აბრეშუმის გზის დაიჯესტი | 4 ოქტ 2026

2026-10-04

CAMCA2026Baku

1–2 ოქტომბერს, ბაქოში, აზერბაიჯანში, გაიმართა CAMCA Regional Forum 2026, თემაზე „The World and CAMCA: A Region at the Crossroads“. ფორუმმა ცენტრალური აზიის, მონღოლეთის, კავკასიისა და ავღანეთის წარმომადგენლებს მოუყარა თავი და მიზნად რეგიონული დიალოგის, თანამშრომლობის, ეკონომიკური კავშირების, ინვესტიციებისა და მდგრადი ზრდის ხელშეწყობას ისახავდა. პროგრამის ფარგლებში გაიმართა სესიები „Connecting CAMCA to the World: Building Regional and Global Economic Connectivity“, „Entrepreneurship in CAMCA: Scaling Regional Success“, „Culture, Identity and Regional Narratives“, „Unlocking CAMCA’s Growth Potential: The Policy Case for Regional Cooperation“, „Unlocking CAMCA’s Growth Potential: The Private Sector Advantage“ და დასკვნითი „Statesmen’s Conversation: CAMCA’s Role in a Changing World“. ფორუმში მონაწილეობდნენ რეგიონის სახელმწიფო და დიპლომატიური უწყებების წარმომადგენლები, ბიზნესლიდერები, ინვესტორები, მეწარმეები, საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტები, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

„კავკასიის ექსპრესი“ — ახალი ტურისტული სარკინიგზო მარშრუტის პერსპექტივა

ბაქო–თბილისი–ბათუმისა და ბაქო–თბილისი–ყარსი–სტამბული–ევროპის მიმართულებებზე „კავკასიის ექსპრესის“ სახელით სამგზავრო ტურისტული მატარებლის ამოქმედებამ შესაძლოა კავკასიასა და ევროპას შორის ახალი ტურისტული და სატრანსპორტო შესაძლებლობები შექმნას. იდეა გულისხმობს, რომ მატარებლით მგზავრობა თავად იქცეს ტურისტულ პროდუქტად და ერთ მოგზაურობაში შესაძლებელი გახდეს ბაქოს, თბილისის, ბათუმის, ყარსის, სტამბულისა და ევროპის მიმართულებების დაკავშირება. ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო პროექტი თავდაპირველად სატვირთო და სამგზავრო გადაყვანებისთვის იყო გათვალისწინებული. აზერბაიჯანს უკვე აქვს Stadler-ის მიერ წარმოებული სპეციალური სამგზავრო შემადგენლობები, ხოლო ახალქალაქის სადგურზე მოწყობილია 1520 და 1435 მმ ლიანდაგებს შორის ავტომატური გადასვლის სისტემა. შესაბამისად, პროექტის შესაძლო განხორციელება დაკავშირებულია არსებული ინფრასტრუქტურისა და მოძრავი შემადგენლობის ეფექტიან გამოყენებასთან, ასევე საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის შესაბამის უწყებებს შორის შეთანხმებასთან.

Gnomon Wise-ის „კავკასიის ეკონომიკის კვარტალური მიმოხილვა“ 

2026 წლის II კვარტალში სამხრეთ კავკასიის ეკონომიკა წლიურად 4.3%-ით გაიზარდა, მაშინ როცა 2025 წლის II კვარტალში ზრდა 3.9% იყო; ეკონომიკური აქტივობის გაძლიერებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანმა, განსაკუთრებით მომსახურებისა და ნავთობის სექტორების ზრდის ფონზე. რეგიონის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 27.8 მლრდ დოლარი შეადგინა და წლიურად 18.8%-ით მოიმატა — ექსპორტი 53.2%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 7.7%-ით შემცირდა. კომერციული ბანკების მიერ გაცემულმა სესხებმა 72.45 მლრდ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 19.3%-იანი ზრდაა. ამავე პერიოდში რეგიონის საშუალო წლიურმა ინფლაციამ 5.4% შეადგინა, რაც კვლევის მიხედვით, ცენტრალური ბანკებისთვის კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

სამხრეთ კავკასიის ვაჭრობის მიმოხილვა

სამხრეთ კავკასიის რეგიონის სავაჭრო ბრუნვამ პირველი რვა თვის განმავლობაში 65 296.8 მლნ დოლარი შეადგინა, სადაც ექსპორტი 33 059.8 მლნ დოლარს, ხოლო იმპორტი კი - 32 237.0 მლნ დოლარს უტოლდებოდა. წინა წლის იმავე პერიოდში საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 61 236.1 მლნ დოლარს შეადგენდა. შესაბამისად, იანვარ-აგვისტოს პერიოდში რეგიონის საგარეო ვაჭრობა 6.6%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის აგვისტოში სავაჭრო ბრუნვამ 8 266.0 მლნ დოლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი რვა თვის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვაში აზერბაიჯანის წილი 52.5%-ს შეადგენდა, საქართველოს და სომხეთის წილები კი შესაბამისად 27.2% და 20.3% იყო.

მიმდინარე წლის აგვისტოში სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 15.8%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში, ყოველთვიური ექსპორტი და იმპორტი 4 202.5 მლნ და 4 063.5 მლნ დოლარს შეადგენდა.

საქართველოს პორტების როლი შუა დერეფანში

შუა დერეფანში ტვირთნაკადების ზრდის ფონზე საქართველოსთვის ორივე — ფოთისა და ანაკლიის — პორტის გამტარუნარიანობის გამოყენებას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ფოთის პორტი უკვე მაღალი დატვირთვით მუშაობს, ხოლო ანაკლიის პორტის განვითარება საკონტეინერო გადაზიდვებში დამატებით სიმძლავრესა და კონკურენციას შექმნის. „ლენდლორდის“ მოდელის ფარგლებში სახელმწიფო უზრუნველყოფს საბაზისო ინფრასტრუქტურას, ხოლო ტერმინალების მართვასა და განვითარებაში კერძო კაპიტალის ჩართვაა გათვალისწინებული; ამ კონტექსტში IFC ანაკლიის პორტის ტერმინალების კონცესიებში შესაძლო მონაწილეობით ინტერესდება. პარალელურად, ანაკლიის ამოქმედებამდე ფოთის ინფრასტრუქტურისა და ოპერაციების გაუმჯობესება მნიშვნელოვანია, რათა მზარდი სატრანზიტო ნაკადების ფონზე პორტების გამტარუნარიანობა ეფექტიანად განაწილდეს. მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2040 წლისთვის შუა დერეფნის პოტენციალის ათვისებამ საქართველოს ეკონომიკა დამატებით 3.6%-ით, ხოლო დასაქმება 0.79%-ით შეიძლება გაზარდოს.

წყაროები:
gnomonwise.org / transcor.ge
gnomonwise.org / bm.ge / camcaforum.org