
2026-10-06
კასპიის ზღვაში ახალი ციფრული კავშირი
აზერბაიჯანი და ყაზახეთი კასპიის ზღვის გავლით ახალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო კავშირის ამოქმედებას წლის ბოლომდე გეგმავენ. პროექტი ორი ქვეყნის ციფრული ინფრასტრუქტურის დაკავშირებას, მონაცემთა გაცვლის შესაძლებლობების ზრდასა და რეგიონული საკომუნიკაციო ქსელების დივერსიფიკაციას ისახავს მიზნად. წყალქვეშა კაბელი ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიას შორის ციფრული კავშირის გაძლიერების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ რგოლად განიხილება და, ფართო რეგიონულ კონტექსტში, შესაძლოა „შუა დერეფნის“ ციფრული განზომილების განვითარებასაც შეუწყოს ხელი.
აქტაუს პორტის გაღრმავება
აქტაუს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტში ფსკერგაღრმავების სამუშაოები დაიწყო, რაც კასპიის ზღვის დონის შემცირების პირობებში პორტის გამტარუნარიანობისა და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) ეფექტიანობის შენარჩუნებასა და გაზრდას ემსახურება. პროექტის ფარგლებში აკვატორიიდან დაახლოებით 1.3 მილიონი კუბური მეტრი გრუნტის ამოღება და სიღრმის 6–7 მეტრამდე გაზრდაა დაგეგმილი. სამუშაოების დასრულება 2026 წლის ბოლომდეა გათვალისწინებული.
ინვესტიცია სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში
საქართველო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში შუა დერეფნის ფარგლებში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 890 მლნ ლარის ინვესტირებას გეგმავს. პროექტი საქართველოს სარკინიგზო ქსელის ეფექტიანობისა და გამტარუნარიანობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს და ახალი სატვირთო ლოკომოტივებისა და ელექტრომატარებლების შეძენას, ასევე ელექტროქვესადგურის მშენებლობას მოიცავს. აღნიშნული ინიციატივა, რომლის დაფინანსებაც 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წინასწარ პროექტშია გათვალისწინებული, ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის ფარგლებში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას ემსახურება.
ჩინეთიდან საქართველოსკენ საკონტეინერო ნაკადის მხოლოდ მეათედი ნაწილი აღწევს
2026 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემების ანალიზის მიხედვით, ჩინეთიდან აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით გადაადგილებული საკონტეინერო ნაკადის დაახლოებით 10% აისახა საქართველოში იმპორტის სახით. აღნიშნულ პერიოდში ჩინეთიდან ამ მიმართულებით 45 426 ათასი TEU-ის მოცულობის ნაკადი გადაადგილდა, საიდანაც 27 782 TEU, ანუ 61%, აზერბაიჯანის მიმართულებით, ალიათის ნავსადგურში ჩამოიტვირთა, ხოლო საქართველოს იმპორტზე 4 318 TEU მოდიოდა. კიდევ 712 TEU ახალქალაქის გავლით თურქეთის მიმართულებით გადაიზიდა, ბათუმისა და ფოთის ნავსადგურების გავლით კი დაახლოებით 510 TEU ტრანზიტად გავიდა.
ანალიზი ყურადღებას ამახვილებს იმ განსხვავებაზე, რომელიც შუა დერეფნის ცალკეულ მონაკვეთებზე დაფიქსირებულ და საქართველოს სატრანსპორტო ქსელამდე რეალურად მიღწეულ ტვირთნაკადებს შორის არსებობს. ჩინეთისა და ყაზახეთის სატრანსპორტო ქსელებზე აღრიცხული მოცულობები მთლიანად დერეფნის მაჩვენებლად ხშირად განიხილება, თუმცა ტვირთების საბოლოო დანიშნულებამდე გადაადგილებისას ნაკადი მცირდება. საქართველოში ბლოკმატარებლებით ძირითადად ელექტრონიკა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სამრეწველო დანადგარები, ავტონაწილები, ტექსტილი, მზის პანელები, ელექტრომობილები და სხვა შედარებით მაღალი ღირებულების კონტეინერიზებული ტვირთები შემოდის.
მონაცემების მიხედვით, ჩინეთიდან შუა დერეფნით გამოგზავნილი საკონტეინერო ნაკადის მხოლოდ დაახლოებით მეათედი აღწევს საქართველოს იმპორტის სახით, რაც საქართველოს მონაკვეთზე დერეფნის შესაძლებლობების შედარებით დაბალ გამოყენებაზე მიუთითებს და ტვირთნაკადების სრული მარშრუტის მიხედვით შეფასების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
სომხეთ-ირანის თანამშრომლობა
სომხეთმა და ირანმა ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს. მხარეებმა, მათ შორის, სომხეთ-ირანის საზღვარზე მეორე ხიდის მშენებლობის, სატვირთო გადაზიდვების ხელშეწყობისა და რეგიონული კავშირის პროექტების საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ასევე რეგიონში სატრანსპორტო კავშირების განვითარებას და მიმდინარე ინფრასტრუქტურული ინიციატივების შესაძლებლობებს, რეგიონულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. მხარეებმა ერევანში დაგეგმილ COP17-ის კონფერენციაში ირანის მაღალი დონის მონაწილეობაზეც ისაუბრეს.
სომხეთ-თურქეთის ენერგეტიკული კავშირი
სომხეთის ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ხუდათიანმა თურქეთის ელექტროენერგიის გადამცემი კომპანიის დელეგაციასთან გიუმრი-ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენისა და ამოქმედების საკითხი განიხილა. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ორი ქვეყნის ელექტროსისტემების დაკავშირების მნიშვნელობა ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობისთვის.
სომხეთ-თურქეთის საზღვარი
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ქვეყანა უახლოეს მომავალში სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნას და სომხეთ-აზერბაიჯანისა და სომხეთ-თურქეთის სარკინიგზო კომუნიკაციის ამოქმედებას ელოდება. მისი თქმით, პროცესს TRIPP პროექტის განვითარება და „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ფარგლებში დაგეგმილი სატრანსპორტო და ენერგეტიკული კავშირების გაძლიერება უკავშირდება. ფაშინიანის განცხადებით, განიხილება ასევე ნავთობსადენის, გაზსადენისა და ელექტროგადამცემი ხაზების განვითარების შესაძლებლობები.
ეკონომიკური ზრდის პროგნოზი
მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა, რაც წინა შეფასებას 2 პროცენტული პუნქტით აღემატება. ამ ფონზე, რეგიონში ზრდის პროგნოზი სომხეთისთვის 5.3%-ს, აზერბაიჯანისთვის 2%-ს, ყაზახეთისთვის 5%-ს, თურქეთისთვის 3.3%-ს, რუსეთისთვის 0.8%-სა და უკრაინისთვის 1.2%-ს შეადგენს.
წყაროები:
bpn.ge / businessinsider.ge / ge.armradio.am
ge.armradio.am / transcor.ge / bm.ge
ge.armradio.am / bm.ge / ge.armradio.am