News

აბრეშუმის გზის დაიჯესტი | 9 ოქტ 2026

2026-10-09

TRACECA ტაშკენტის კონფერენციაზე

30 სექტემბერს, ტაშკენტში გამართულ ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის მეორე ეროვნულ კონფერენციაზე TRACECA-ს მუდმივმოქმედი სამდივნოს გენერალურმა მდივანმა მონაწილეობა მიიღო დერეფნის „რბილი ინფრასტრუქტურის“ განვითარებისა და ციფრული ინტეგრაციის საკითხების განხილვაში. კონფერენციაზე, რომელიც Global Gateway-ის ფარგლებში გაიმართა, ყურადღება გამახვილდა სატრანსპორტო და სავაჭრო დოკუმენტების ციფრულიზაციაზე, საბაჟო პროცედურების ჰარმონიზაციასა და საერთაშორისო გადაზიდვებისთვის უფრო პროგნოზირებადი პირობების შექმნაზე. TRACECA-მ წარმოადგინა ციფრული და ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი ინიციატივები, მათ შორის ელექტრონულ დოკუმენტებზე გადასვლისა და რეგიონული ციფრული თანამშრომლობის გაძლიერების ნაბიჯები.

TRACECA მოლდოვაში

2 ოქტომბერს, კიშინიოვში, TRACECA-ს გენერალურმა მდივანმა ჟასურბეკ ჩორიევმა მოლდოვის ვიცე-პრემიერთან ვლადიმირ ბოლეასთან შეხვედრაზე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო სატვირთო ნაკადების ოპტიმიზაციაზე, ციფრული გადაწყვეტილებების განვითარებაზე, TRACECA-ს 2027–2036 წლების ახალი სტრატეგიის პრიორიტეტებსა და ერთიანი სატრანზიტო ნებართვის, ასევე სპეციალური სატარიფო პირობების დანერგვის პერსპექტივებზე.

აზერბაიჯანის ფლოტი

აზერბაიჯანი კასპიის ზღვის ფარგლებს სცდება და სავაჭრო ფლოტის საერთაშორისო ოპერირებას აფართოებს. სახელმწიფო კომპანია ASCO-ს გემები კომერციულ რეისებს ახორციელებენ აზიის, ევროპისა და ამერიკის მიმართულებებზე. 2025 წელს კასპიის ზღვის გარეთ გადაზიდულმა ტვირთმა 1.4 მლნ ტონა შეადგინა. კომპანია ასევე ავითარებს Handysize ტიპის მშრალტვირთმზიდებისა და Aframax ტიპის ტანკერების ფლოტს, რაც აზერბაიჯანის რეგიონული გადამზიდავიდან საერთაშორისო გემთმფლობელისა და გემთოპერატორის მოდელზე გადასვლას აჩვენებს.

აზერბაიჯანის გამოცდილება საქართველოსთვის საინტერესოა, რადგან საზღვაო პოტენციალის განვითარება მხოლოდ პორტების ინფრასტრუქტურით არ შემოიფარგლება. UNCTAD-ის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოს დროშის ფლოტის საერთო ტონაჟი დაახლოებით 9 ათასი DWT იყო, აზერბაიჯანის კი — 1.102 მლნ DWT. განსხვავება მიუთითებს, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფლოტის ზრდა, არამედ გემთფლობის, საერთაშორისო ოპერირების, ლოგისტიკისა და საზღვაო მომსახურებების ერთიანი ეკოსისტემის განვითარება. ქვეყნის პორტები, სატრანზიტო ტვირთი, მეზღვაურები და კერძო გემთმფლობელები ამ მიმართულების განვითარების საფუძველს ქმნის.

შავი ზღვისპირეთის საერთაშორისო კონფერენცია

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე – V“ გაიხსნა. ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტისა და კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის ორგანიზებით მიმდინარე ორდღიან ღონისძიებაში 10-ზე მეტი ქვეყნის 350-ზე მეტი მკვლევარი და სპეციალისტი მონაწილეობდა. კონფერენცია შავი ზღვის რეგიონის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევებს, ინტერდისციპლინურ თანამშრომლობასა და აკადემიური დიალოგის გაღრმავებას ემსახურება და მიზნად ისახავს ბათუმის, როგორც რეგიონული სამეცნიერო ცენტრის, როლის გაძლიერებას. ღონისძიებას საქართველოსა და რუმინეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიები, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ოსტრავას უნივერსიტეტი უჭერდნენ მხარს.

ფოთის პორტის რეკორდი

2026 წლის სამი კვარტლის შედეგების მიხედვით, იანვარ-სექტემბერში ფოთის საზღვაო ნავსადგურმა ჯამში 525,211 TEU კონტეინერი დაამუშავა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-იანი ზრდაა. 2026 წელს ნავსადგურის ყველაზე მაღალი თვიური მაჩვენებელი ივლისში დაფიქსირდა - 65,759 TEU, რაც წლის განმავლობაში ერთ თვეში დამუშავებული კონტეინერების რეკორდული მოცულობაა.

ანაკლიის პორტის სარკინიგზო კავშირი

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი 18-კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის პროექტირება დასრულებულია, ხოლო ტენდერის გამოცხადება ოქტომბრის ბოლოს იგეგმება. პროცესს მსოფლიო ბანკი ზედამხედველობს. სარკინიგზო კავშირი პორტის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ნაწილია და საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობების გაძლიერებას უნდა შეუწყოს ხელი. პორტის პირველი ფაზის დასრულება და პირველი გემების მიღება 2029 წლისთვის არის დაგეგმილი.

რკინიგზის 10 მატარებელი

საქართველოს რკინიგზა სამგზავრო პარკის განახლებას გეგმავს და დამატებით 10 ახალი მატარებლის შეძენას იწყებს. დაგეგმილი ცვლილებები მგზავრობის დროის შემცირებასა და ახალი მიმართულებების დამატებასაც ითვალისწინებს, რაც სარკინიგზო მომსახურებისა და გამტარუნარიანობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

ახალი სავაჭრო შეთანხმებები

საქართველოსა და კორეის რესპუბლიკასთან, სერბეთთან და ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია. პროცესის დასრულების შემთხვევაში საქართველო დაახლოებით 120-მილიონიან ბაზარზე წვდომას მიიღებს.

„არარატის“ ტვირთის შეფერხება

ზემო ლარსის რუსეთის მხარეს, დაახლოებით ერთი თვეა, „არარატის“ კონიაკით დატვირთული ორი ათეული სატვირთო ავტომობილია გაჩერებული. რუსულმა მხარემ პროდუქტის ნიმუშები ექსპერტიზისთვის აიღო, რის გამოც კომპანია შედეგებს ელოდება. შეფერხების გამო მძღოლებმა საკვებისა და საწვავისთვის განკუთვნილი თანხა დახარჯეს და ფინანსურ სირთულეებზე საუბრობენ. შემთხვევა რუსეთში სომხური ალკოჰოლური პროდუქციის მიმართ გაზრდილი კონტროლისა და ბაზარზე გაყიდვების შემცირების ფონზე ხდება.

შავი ზღვის კაბელი

Galt & Taggart-ის შეფასებით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ევროპულ ბაზარზე პირდაპირი ექსპორტის შესაძლებლობას მისცემს. პროექტის დასრულება 2032 წლისთვის იგეგმება და ის დამატებითი საექსპორტო შესაძლებლობების შექმნასთან ერთად ელექტროენერგიის ჭარბი გენერაციის პრობლემის შემცირებასაც შეუწყობს ხელს.

ფოთის თიზი სახელმწიფოს საკუთრებაში

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში არსებულ „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციას“ გადაეცა. ცვლილება საჯარო რეესტრში 1 ოქტომბერს აისახა. თიზის 75%-იანი წილი 2017 წელს ჩინურმა CEFC-მ 24.6 მილიონ ლარად შეიძინა, თუმცა ნაკისრი 150-მილიონდოლარიანი საინვესტიციო ვალდებულება სრულად არ შესრულდა, რის შემდეგაც მთავრობამ 2025 წელს საკონტროლო პაკეტი სახელმწიფოს დაუბრუნა.

საჰაერო ტვირთბრუნვის ზრდა

2026 წლის ცხრა თვეში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში 33.6 ათასი ტონა ტვირთი გადამუშავდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 30%-ით მეტია და ბოლო ათწლეულის ამ პერიოდისთვის რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. ამავე პერიოდში აეროპორტებმა 6.6 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც წლიურად 2%-იანი ზრდაა.

შუა დერეფნის ტვირთბრუნვა

აზერბაიჯანის ტრანსპორტის სამინისტროს პროგნოზით, 2026 წელს შუა დერეფნის გავლით ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 5.5 მლნ ტონას მიაღწევს. ზრდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის განვითარება და დერეფნის გამტარუნარიანობის ზრდა სახელდება, რაც აზერბაიჯანსა და ცენტრალურ აზიას ევროპულ ბაზრებთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო მარშრუტის გაძლიერების შესაძლებლობას აძლევს.

ზანგეზურის მარშრუტის ინტეგრაცია

ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოყაევი ზანგეზურის სატრანსპორტო ინიციატივის „შუა დერეფანში“ ინტეგრაციის საკითხის განხილვის ინიციატივით გამოდის. მისი წინადადებით, საკითხი თავდაპირველად ექსპერტულ დონეზე უნდა განიხილონ, რაც, მისი შეფასებით, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის პოტენციალის გაფართოებას შეუწყობს ხელს.


წყაროები:
traceca-org.org / traceca-org.org 
transcor.ge / bsu.edu.ge / apmterminals.com
gbc.ge / gbc.ge / bp.ge / ka.jnews.ge
businessinsider.ge / bm.ge / commersant.ge
bpn.ge /bpn.ge