
2026-11-11
TRACECA-მ ტრანსპორტის ციფრულიზაციის გამოცდილება წარადგინა
2026 წლის 21 ოქტომბერს, კუალა-ლუმპურში, Transport Expo Asia-ს ფარგლებში გამართულ ASEAN-ის სატრანსპორტო დაკავშირებადობის ფორუმში (ATCF 2026) TRACECA-ს მთავარმა მუდმივმოქმედმა სამდივნომ მიიღო მონაწილეობა. სამდივნოს პოლიტიკის განვითარებისა და მონიტორინგის განყოფილების ხელმძღვანელმა, ვადიმ პონომარენკომ, წარადგინა ორგანიზაციის გცდილება ელექტრონული CIM/SMGS ზედნადების საპილოტე პროექტებისა და საბაჟო პროცედურებში რისკების მართვისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მიმართულებით. ფორუმის ფარგლებში ასევე განიხილეს მონაცემთა საერთაშორისო სტანდარტები და მულტიმოდალური კავშირების განვითარება TRACECA-ს 2027–2036 წლების სტრატეგიის პროექტის კონტექსტში. ღონისძიების ორგანიზატორებმა TRACECA-ს ევრაზია-ASEAN-ის სატრანსპორტო დაკავშირებადობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სამახსოვრო ჯილდო გადასცეს.
თბილისის მშრალი პორტი ფართოვდება
თბილისის მშრალი პორტი გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ, 2027 წლის ზაფხულისთვის გამტარუნარიანობის გაფართოებას და განვითარების მეორე ფაზის ნაწილის ამოქმედებას გეგმავს. როგორც პორტის გენერალური დირექტორი ნინო ნემსაძე აცხადებს, გეოპოლიტიკური ფაქტორების გავლენით, შუა დერეფანზე მოთხოვნა მოსალოდნელზე სწრაფად გაიზარდა. პორტი, რომლის ამჟამინდელი საპროექტო შესაძლებლობა 100 ათასი TEU-ის დამუშავებას მოიცავს, საზღვაო პორტებთან როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო მარშრუტებით არის დაკავშირებული და სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს შუა დერეფნის სატრანზიტო ტვირთების მომსახურებაში.
სპარსეთის ყურის სარკინიგზო ქსელი
სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ექვსმა წევრმა ქვეყანამ — საუდის არაბეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ბაჰრეინმა, ქუვეითმა, ომანმა და კატარმა — რეგიონული სარკინიგზო ქსელის განვითარების შესახებ გენერალურ შეთანხმებას მოაწერა ხელი. პროექტი, რომლის საერთო სიგრძე დაახლოებით 2 117 კილომეტრი იქნება, ითვალისწინებს როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო გადაზიდვებს და წევრი ქვეყნების სარკინიგზო სისტემების ინტეგრაციას. შეთანხმება განსაზღვრავს მონაწილე ქვეყნების პასუხისმგებლობებს, ტექნიკურ და უსაფრთხოების საერთო სტანდარტებს, ხოლო ქსელის სრულად ამოქმედება 2030 წლის დეკემბრისთვის იგეგმება.
მოლდოვამ გაზის იმპორტი შეწყვიტა
მოლდოვამ რუსული ბუნებრივი აირის შესყიდვა სრულად შეწყვიტა და ევროპულ ენერგოსისტემასთან ინტეგრაციას აგრძელებს. პრეზიდენტ მაია სანდუს განცხადებით, ქვეყანა ევროპიდან ელექტროენერგიის იმპორტის გაფართოებას გეგმავს. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია 8 ნოემბერს გახსნილი, 157-კილომეტრიანი ვულკანეშტი-კიშინიოვის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც რუმინეთიდან ელექტროენერგიის მიწოდების დამატებით მარშრუტს ქმნის. ამასთან, მოლდოვა რუმინეთთან კიდევ ორი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას გეგმავს, რაც რუსულ ენერგორესურსებსა და დნესტრისპირეთის ელექტროსადგურზე ქვეყნის დამოკიდებულების შემცირებას შეუწყობს ხელს.
ფოთი მექსიკის ახალ მარშრუტზე
ყაზახეთი მექსიკის მიმართულებით ახალ საკონტეინერო ლოგისტიკურ მარშრუტს ავითარებს, რომლის მნიშვნელოვანი რგოლი ფოთის პორტია. KTZ Express-მა ალმატიდან ფოთამდე ტვირთების გადაზიდვა უკვე განახორციელა, ხოლო ფოთიდან მექსიკის ვერაკრუსის პორტამდე საზღვაო ტრანსპორტირებას Maersk უზრუნველყოფს. გადაზიდვა შუა დერეფნის ინფრასტრუქტურის გამოყენებით განხორციელდა. ახალი მიმართულება ყაზახეთის საერთაშორისო ლოგისტიკური ქსელის გაფართოებასა და ფოთის პორტის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას უკავშირდება.
სომხეთის პოზიცია კეთილდღეობის რეიტინგში
ქვეყნების ეკონომიკური კეთილდღეობის რეიტინგში სომხეთი 32.8 ქულით 52-ე ადგილს იკავებს. რეიტინგის მიხედვით, საქართველო 34-ე, აზერბაიჯანი 58-ე, რუსეთი 59-ე, ხოლო ირანი მე-4 ადგილზეა. ჩამონათვალს ვენესუელა ლიდერობს, მას სუდანი და თურქეთი მოსდევენ. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში რაც უფრო მაღალია ქვეყნის პოზიციის რიგითი ნომერი, მით უფრო დაბალია მისი ეკონომიკური კეთილდღეობის შეფასება.
შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერება
შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობის ზრდის ფონზე, საერთაშორისო პარტნიორები რეგიონული უსაფრთხოების, ეკონომიკური კავშირებისა და სატრანზიტო შესაძლებლობების გაძლიერებაზე მუშაობას აგრძელებენ. აშშ-ის ევროპული სარდლობისა და ამერიკელი დიპლომატების მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოდან აშშ-ის ელჩიც მონაწილეობდა, შავი ზღვის რეგიონში არსებული გამოწვევები და პარტნიორული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. ამასთან, ევროკავშირმა რუმინეთსა და ბულგარეთში შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ცენტრის განვითარებისთვის 50 მილიონი ევროს გამოყოფა დააანონსა. ინიციატივა მიზნად ისახავს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას, ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობასა და ვაჭრობის მხარდაჭერას.
ბათუმის პორტის ტვირთბრუნვის ზრდა
„ბათუმის საზღვაო პორტის“ ტვირთბრუნვამ 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში 6.9 მილიონი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13%-იანი ზრდაა. ზრდის ძირითადი განმაპირობებელი მშრალი, საკონტეინერო და საბორნე ტვირთების გადაზიდვების მატება გახდა. განსაკუთრებით გაიზარდა საბორნე გადაზიდვები, რასაც ხელი შეუწყო კონსტანცა-ბათუმისა და ვარნა-ბათუმის დამატებითი საბორნე კავშირების განვითარებამ. საანგარიშო პერიოდში პორტში ასევე გაიზარდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გატარების მოცულობა. პორტში აღნიშნავენ, რომ აზიასა და ევროპას შორის სატრანსპორტო ნაკადებისა და შუა დერეფნის განვითარების ფონზე, ნავსადგური რეგიონულ სატრანსპორტო ქსელში პოზიციებს აძლიერებს.
ოთხი ქვეყანა მწვანე ენერგეტიკულ დერეფანზე შეთანხმდა
აზერბაიჯანმა, საქართველომ, თურქეთმა და ბულგარეთმა სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმება ითვალისწინებს აზერბაიჯანი–საქართველოს–თურქეთი–ბულგარეთის მწვანე ენერგეტიკული დერეფნის განვითარებას, რეგიონული ენერგეტიკული კავშირების გაძლიერებასა და ელექტროენერგიის გადაცემის მარშრუტების დივერსიფიკაციას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება და ერთობლივი საწარმოს შექმნა. დერეფნის დაგეგმილი გამტარუნარიანობა 2 000–3 000 მეგავატს შეადგენს, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს, გააფართოოს ელექტროენერგიის საექსპორტო მიმართულებები და ქვეყანაში წარმოებული მწვანე ენერგია ევროპის ბაზრებს მიაწოდოს.
საქართველოს რკინიგზა მატარებლებს განაახლებს
„საქართველოს რკინიგზა“ 10 ახალი, ოთხ ვაგონიანი სამგზავრო ელექტრომატარებლის შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერს აცხადებს. პროექტის საერთო ღირებულება 70 მლნ აშშ დოლარია და აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით განხორციელდება. თითოეული მატარებელი მინიმუმ 280 მგზავრზე იქნება გათვლილი, მოიცავს ბიზნეს, პირველ და მეორე კლასებს და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. შესყიდვა რკინიგზის ათწლიანი განვითარების გეგმის ნაწილია და მიზნად ისახავს მოძრავი შემადგენლობის განახლებას, მგზავრთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და რეისების რაოდენობის გაზრდას.
TRACECA.GE
წყაროები:
traceca-org.org / bp.ge / armcrossroads.am
bm.ge / commersant.ge / ge.armradio.am
europetime.eu / europetime.eu / bm.ge
europetime.eu / bp.ge