
2026-11-14
სომხეთმა TRIPP-ის შეთანხმების რატიფიცირება დაასრულა
სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც რატიფიცირდა სომხეთსა და აშშ-ს შორის TRIPP-ის პროექტის შესახებ სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმება. მანამდე შეთანხმების რატიფიცირებას სომხეთის ეროვნული ასამბლეის 63-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 32 წინააღმდეგი იყო.
თურქი დიპლომატები ანაკლიაში
საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი მუსტაფა თურქერ არი და გენერალური კონსული იაშარ ერგიუნი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ადგილს ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში დიპლომატები ანაკლიის პორტის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნენ და პროექტის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
ქალთა ლიდერობა
e-Logi Fest-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი ქრისტინა ერემიანი GIZ-ის მხარდაჭერით ორგანიზებულ ღონისძიებაში „Women in Transport“ მონაწილეობდა. ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სატრანსპორტო და ლოგისტიკის სფეროში ქალთა ჩართულობისა და გაძლიერების მნიშვნელობას, ახალგაზრდა თაობის განათლებას, პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და ახალი შესაძლებლობების შექმნას. ქალთა ლიდერობა, განათლება და გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანი საფუძველია ლოგისტიკის სფეროს განვითარებისა და მომავალი თაობის პროფესიული წარმატებისთვის.
საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი და პერსპექტივები
აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა ლესლი ლაჰმმა Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში საქართველოს ეკონომიკურ და საინვესტიციო პერსპექტივებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ქვეყნის გრძელვადიან უპირატესობებს სტრატეგიული მდებარეობა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები და ბიზნესგარემო განაპირობებს, ხოლო განვითარების მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, განსაკუთრებით კი შუა დერეფნის, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, განახლებადი ენერგია და რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერება ქმნის. ამასთან, კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის მნიშვნელოვანია ლოგისტიკური პროცესების ეფექტიანობის გაუმჯობესება, სამუშაო ძალის კვალიფიკაციის ამაღლება და სატრანსპორტო ჯაჭვში არსებული გამოწვევების დაძლევა.
სომხეთი ევროკავშირის პროგრამებში მონაწილეობას იწყებს
ბრიუსელში სომხეთსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებებს, რომლებიც სომხეთის „საბაჟოსა“ (Customs) და „ფისკალის“ (Fiscalis) პროგრამებში მონაწილეობას ითვალისწინებს. შეთანხმებები მიზნად ისახავს საბაჟო და საგადასახადო ადმინისტრირების მოდერნიზაციას, ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან გამოცდილების გაზიარებას. მოსალოდნელია, რომ თანამშრომლობა ხელს შეუწყობს პროცედურების ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის ზრდას, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას. შეთანხმებებს ხელი მოაწერეს სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარემ ედუარდ ჰაკობიანმა და ევროკომისარმა ვოპკე ჰოეკსტრამ.
ოთხი ქვეყანა სუფთა ენერგიის ექსპორტისთვის
საქართველომ, აზერბაიჯანმა, თურქეთმა და ბულგარეთმა სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმეს, რომელიც აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთი–ბულგარეთის მარშრუტით ევროპულ ბაზრებზე განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის მიწოდებას ითვალისწინებს. პროექტი, რომელსაც „ელექტროენერგიის TANAP-ს“ უწოდებენ, მიზნად ისახავს რეგიონული ენერგეტიკული კავშირების გაძლიერებას, ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის განვითარებასა და ევროპის ენერგოუსაფრთხოების ხელშეწყობას. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ელექტროგადამცემი ქსელების ინტეგრაციასა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას. დოკუმენტს ხელი ანტალიაში, COP31-ის ფარგლებში მოეწერა.
ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი შესაძლებლობები
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა შესაძლოა სომხური ტვირთებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდეს, რაც ქვეყნისთვის სატრანსპორტო და ლოგისტიკური მარშრუტების დივერსიფიკაციის დამატებით შესაძლებლობას ქმნის. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პროექტში სომხეთის ჩართულობის მზაობაზე განაცხადეს. ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის სამშვიდობო პროცესები რეგიონული თანამშრომლობისა და ერთობლივი ეკონომიკური პროექტების განხორციელების ახალ შესაძლებლობებს აჩენს. რკინიგზის სრული დატვირთვით ამოქმედების შემთხვევაში, მოსალოდნელია ტვირთბრუნვის ხუთჯერ გაზრდა.
ბრიტანეთ-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა
დიდმა ბრიტანეთმა და აზერბაიჯანმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაცია გააფორმეს, რომელიც თავდაცვის, უსაფრთხოების, ვაჭრობის, ინვესტიციების, განათლებისა და ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. დუბლინში, ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში ხელმოწერილი დოკუმენტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რეგიონულ დაკავშირებადობასა და „შუა დერეფნის“ განვითარებას, მათ შორის სატრანსპორტო, ლოგისტიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების ხელშეწყობას. მხარეები ასევე გეგმავენ ეკონომიკური კავშირების გაფართოებას და რეგიონში მიმდინარე სამშვიდობო პროცესების მხარდაჭერას.
შავ ზღვაში გადაზიდვების უსაფრთხოება
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, შავი ზღვა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო საზღვაო სავაჭრო მარშრუტად იქცა, რაც რეგიონში გემებზე გახშირებულ თავდასხმებს უკავშირდება. საზღვაო უსაფრთხოების კომპანია Ambrey-ის მონაცემებით, მიმდინარე წელს შავ ზღვაში 300-ზე მეტი თავდასხმა დაფიქსირდა, რასაც 30-ზე მეტი მეზღვაურის დაღუპვა და 20-ზე მეტის დაკარგვა მოჰყვა. უკრაინისა და რუსეთის მხრიდან განხორციელებული დარტყმები საფრთხეს უქმნის როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო საზღვაო ვაჭრობას. უსაფრთხოების რისკების ზრდის ფონზე, ოქტომბერში ბოსფორის სრუტის გავლით შავ ზღვაში შემოსული გემების რაოდენობა წლიურად 41%-ით, ხოლო ორივე მიმართულებით საერთო ტრანზიტი 38%-ით შემცირდა.
TRACECA.GE
წყაროები:
ge.armradio.am / businessinsider.ge
eventexpo.group / businessinsider.ge
ge.armradio.am / businessinsider.ge
ge.armradio.am / europetime.eu
commersant.ge