
2026-11-16
„იან დე ნული“ კაბელის პროექტში
„მწვანე ენერგიის დერეფნის კომპანიასა“ (GECO) და ბელგიურ კომპანია „იან დე ნულს“ შორის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტთან დაკავშირებით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობას წყალქვეშა ინფრასტრუქტურის მიმართულებით, რომლის მიზანია კასპიის რეგიონიდან და საქართველოდან განახლებადი ელექტროენერგიის შავი ზღვის გავლით ევროპაში ტრანსპორტირება. პროექტი აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის ენერგეტიკული კომპანიების ერთობლივი ინიციატივაა.
ანაკლიის პორტის სარკინიგზო კავშირი
საქართველოს რკინიგზამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ქვეყნის სარკინიგზო ქსელთან დამაკავშირებელი 17.7 კმ სიგრძის ელექტროფიცირებული ხაზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. დაახლოებით 205 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდება და ანაკლიის ახალი სადგურის მშენებლობასა და ხობის სადგურის რეკონსტრუქციასაც ითვალისწინებს. სამუშაოების დასრულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 თვეში იგეგმება, ხოლო სარკინიგზო ინფრასტრუქტურა პორტის 2029 წელს ამოქმედებისთვის უნდა იყოს მზად.
ირანი-უზბეკეთის სატრანზიტო შეთანხმება
ირანი და უზბეკეთი შეთანხმდნენ სატრანზიტო ბარიერების მოხსნაზე, საზღვრებს შორის სატვირთო გადაზიდვების გამარტივებასა და საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებაზე. ორივე ქვეყანა ასევე გეგმავს ერთობლივი კომიტეტის შექმნას, რომლის მიზანი რეგიონული სატრანსპორტო დერეფნების გაძლიერება და სხვა ქვეყნებთან სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესება იქნება.
შუა დერეფნის ინფრასტრუქტურა
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის, გარეტ უორდის შეფასებით, შუა დერეფნის განვითარებისას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთან ერთად მნიშვნელოვანია ენერგეტიკული და ციფრული კავშირების გაძლიერებაც. მისი განცხადებით, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი საქართველოს ევროპულ ენერგეტიკულ ბაზართან დაკავშირებისა და განახლებადი ენერგიის ექსპორტის შესაძლებლობას შექმნის, პარალელურად კი მონაცემთა გადაცემის ინფრასტრუქტურის განვითარება ქვეყნის ტექნოლოგიურ ეკონომიკად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ელჩმა ასევე ყურადღება გაამახვილა განახლებად ენერგიაში ინვესტიციების დაჩქარებისა და ენერგეტიკული დამოკიდებულების შემცირების მნიშვნელობაზე.
საქართველო ევროკავშირის სატრანსპორტო დაფინანსების მიღმა
14 ნოემბერს, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე, სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა ცაგარეიშვილმა ევროკავშირის სატრანსპორტო დაკავშირებადობის საინვესტიციო პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის შესაძლებლობებსა და გაშვებულ პერსპექტივებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა CEF ფონდის ფარგლებში 94 სატრანსპორტო პროექტისთვის გამოყოფილ 2.8 მილიარდ ევროსა და ამ დაფინანსებაში საქართველოს არმონაწილეობაზე. მოხსენებაში ბალტიის ქვეყნების Rail Baltica-ს, მოლდოვისა და უკრაინის სარკინიგზო პროექტების მაგალითზე განხილული იყო ევროპულ სატრანსპორტო ქსელებთან ინტეგრაციის შესაძლებლობები, მათ შორის ევროპული ლიანდის განვითარება, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია, მოძრავი შემადგენლობის განახლება და ანაკლიის ნავსადგურის დაფინანსება. აღინიშნა, რომ ევროკავშირთან დისტანცირებამ საქართველო მასშტაბური საინვესტიციო პროგრამებისა და ევროპულ სატრანსპორტო სივრცესთან დაკავშირების მნიშვნელოვანი შესაძლებლობების მიღმა დატოვა.
საქართველოს სატრანსპორტო სექტორში ტვირთბრუნვის ზრდა
2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში 17.1 მლნ ტონა ტვირთი გადამუშავდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-იანი ზრდაა, ხოლო რკინიგზით გადაზიდულმა ტვირთმა 12.4 მლნ ტონა შეადგინა და 13%-ით მოიმატა. პორტებში საკონტეინერო გადამუშავება 10%-ით, რკინიგზით საკონტეინერო გადაზიდვები კი 17%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრულ ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, 2026 წლის 20 ივნისიდან 31 ოქტომბრამდე, ამ მიმართულებით გადაზიდვები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55%-ით გაიზარდა. ზრდა დაფიქსირდა საავტომობილო და საჰაერო სატვირთო გადაზიდვებშიც.
აზერბაიჯანის რკინიგზის ტვირთბრუნვა
2026 წლის იანვარ-ოქტომბერში აზერბაიჯანის რკინიგზამ (ADY) 15.69 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13%-იანი ზრდაა. განსაკუთრებით გაიზარდა სატრანზიტო და საკონტეინერო გადაზიდვები, შესაბამისად, 20%-ით და 18%-ით. ამავე პერიოდში ჩინეთიდან მიღებული საკონტეინერო ბლოკ-მატარებლების რაოდენობამ 472 შეადგინა, ხოლო ბაქოს პორტსა და ასტარის ტერმინალში ტვირთების გადამუშავების რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. მონაცემები აზერბაიჯანის მზარდ სატრანზიტო შესაძლებლობებზე მიუთითებს, განსაკუთრებით შუა დერეფნის ფარგლებში, აზიასა და ევროპას შორის ტვირთნაკადების ზრდის ფონზე.
ბრიტანეთი რუსეთის ნავთობს ასანქცირებს
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის ათივე უმსხვილეს ნავთობკომპანიას სანქციები დაუწესა. პარალელურად, ლონდონში აცხადებენ, რომ უკრაინის საკითხი დუბლინში გამართული ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემაა, სადაც ყურადღება გამახვილდება სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე.
ესტონეთი რუსეთთან საზღვარს კეტავს
ესტონეთი 1 დეკემბრიდან რუსეთთან სამივე სასაზღვრო-გამშვები პუნქტის დახურვას გეგმავს. გადაწყვეტილება დრონების მწარმოებელ ესტონურ კომპანიაზე სავარაუდო დივერსიული თავდასხმის შემდეგ მიიღეს, რომელშიც ესტონეთის ხელისუფლება რუსეთის სამხედრო დაზვერვას ადანაშაულებს. შეზღუდვა როგორც მგზავრთა, ისე სატვირთო გადაადგილებას შეეხება.
TRACECA.GE
წყაროები:
commersant.ge / commersant.ge
caspianpost.com / commersant.ge
transcor.ge / bm.ge / businessinsider.ge
gov.uk / europetime.eu