News

აბრეშუმის გზის დაიჯესტი | 18 ნოემბერი 2026

2026-11-18

ბაქო-თბილისის თანამშრომლობის რეგიონული მნიშვნელობა

Caspian Post-ის მიერ გამოქვეყნებული ანალიტიკური სტატიის თანახმად, სამხრეთ კავკასიის ეკონომიკური და სატრანსპორტო პოტენციალის განვითარებაში საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიულ თანამშრომლობას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. ყურადღება გამახვილებულია ენერგეტიკული და სატრანსპორტო კავშირების გაძლიერებაზე, ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის განვითარებაზე, შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე. სტატიის მიხედვით, რეგიონის სატრანზიტო შესაძლებლობების სრულად გამოყენება საჭიროებს ინფრასტრუქტურის განვითარებას, საბაჟო პროცედურების გამარტივებასა და ლოგისტიკური კავშირების გაუმჯობესებას, რაც სამხრეთ კავკასიის საერთაშორისო ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას კიდევ უფრო გაზრდის.

ბაქო-თბილისი-ყარსის გადაზიდვები 

ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზით გადაზიდული ტვირთების მოცულობა 20 ივნისიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 55%-ით გაიზარდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის პირველ ათ თვეში ქვეყნის რკინიგზით 12.4 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც ბოლო 12 წლის რეკორდული მაჩვენებელია. ამავე პერიოდში საკონტეინერო გადაზიდვები 17%-ით გაიზარდა. ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა მოდერნიზაციის შემდეგ სრულად 2 ივნისს ამოქმედდა.

სომხეთ-ინდოეთის დიალოგი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ნიუ-დელიში ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და რეგიონული საკითხები განიხილეს.

ევროკავშირი საქართველოს დაკავშირებადობაზე

ევროკავშირის გაფართოების კომისრის, მარტა კოსის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოს ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის დაკავშირებადობის დღის წესრიგში ჩართვას ცდილობს, თუმცა თანამშრომლობა გარკვეულ პირობებს უკავშირდება. მისი თქმით, საქართველო მიწვეული იყო კიშინიოვში გამართულ ციფრული დაკავშირებადობის კონფერენციაზე, თუმცა შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. კოსის განცხადებით, ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მოწვევას სავაჭრო, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ ინიციატივებში მონაწილეობის მისაღებად, ასევე სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში წინსვლა სასამართლოს, ფუნდამენტური უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით პროგრესზეა დამოკიდებული.

რუმინეთი შავი ზღვის უსაფრთხოებაზე

რუმინეთი აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებისა და სატრანსპორტო კავშირების განვითარების საკითხებზე მოლაპარაკებებს გეგმავს. აღნიშნული საკითხები ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ დაგეგმილ მინისტერიალზე განიხილება. რუმინეთი ასევე მხარს უჭერს შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ცენტრის ამოქმედების დაჩქარებას, რომლის შექმნაც ბულგარეთთან თანამშრომლობით იგეგმება და რომლისთვისაც ევროკომისიამ 50 მილიონი ევროს გამოყოფის ვალდებულება აიღო.

საქართველოს ავიამიმოსვლის რეკორდული მაჩვენებელი

საქართველო იმ 14 ქვეყანას შორის მოხვდა, სადაც 2026 წელს დღიური ავიარეისების აფრენა-დაფრენის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო სივრცის მართვის მიმართულებით EUROCONTROL-თან ინტეგრაცია და კოორდინაცია გრძელდება, სამომავლო პროგნოზები კი პოზიტიურია.

სატვირთო რეისი სტამბოლ-ერევანს შორის

Turkish Airlines-ის სატვირთო დანაყოფმა Turkish Cargo-მ 15 ნოემბერს სტამბოლ-ერევანი-სტამბოლის მარშრუტზე პირველი რეგულარული სატვირთო რეისი შეასრულა. ახალი მიმართულება თურქეთსა და სომხეთს შორის ტვირთების გადაზიდვის ეფექტიანობის გაზრდასა და კომპანიის ლოგისტიკური ქსელის გაფართოებას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია, რომ ქვეყნებს შორის რეგულარული სამგზავრო ფრენები 2026 წლის მარტიდან სრულდება, თუმცა სახმელეთო საზღვარი კვლავ დაკეტილია და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არის დამყარებული.

რეგიონული კავშირების გაძლიერება

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ბრიუსელში, ევროკავშირის ინიციატივით გამართულ რეგიონული უსაფრთხოებისა და ურთიერთდაკავშირებულობის მინისტერიალზე, რეგიონული სატრანსპორტო კომუნიკაციების განვითარებისა და განბლოკვის პერსპექტივებზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა TRIPP პროექტის განხორციელების პროცესში არსებულ პროგრესს, რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საბაჟო პროცედურების გამარტივების მნიშვნელობას. მინისტრის განცხადებით, შავი ზღვის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული ქსელების განვითარება ხელს შეუწყობს ვაჭრობას, ეკონომიკურ თანამშრომლობასა და რეგიონულ სტაბილურობას. 

თურქეთის როლი სატრანსპორტო დაკავშირებადობაში

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა ბრიუსელში გამართულ მინისტერიალზე თურქეთის სტრატეგიულ როლზე ისაუბრა ევროპას, შავი ზღვის რეგიონს, კავკასიასა და ცენტრალურ აზიას შორის სატრანსპორტო კავშირების განვითარებაში. მან ყურადღება გაამახვილა შუა დერეფნის მნიშვნელობაზე, რეგიონული სატრანსპორტო ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ციფრული დაკავშირებადობის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობაზე. 

„მაქრო ჯგუფის“ შეხვედრა ინვესტორებთან

საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია „მაქრო ჯგუფმა“ თბილისში, სასტუმრო „სვისოტელში“, საქართველოში თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის (GÜRTİAD) წევრებისთვის დახურული შეხვედრა გამართა. ღონისძიებაზე განხილული იყო საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი, უძრავი ქონების ბაზრის რეგიონული და გლობალური ტენდენციები და კომპანიის სამომავლო გეგმები. შეხვედრის ფარგლებში ინვესტორებს „მაქრო ჯგუფის“ მიმდინარე პროექტებიც გააცნეს, მათ შორის „მაქრო სითი თბილისი“. კომპანიამ ასევე საქმიანობის გაფართოებისა და მასშტაბური დეველოპერული პროექტების განხორციელების გეგმებზე ისაუბრა.

ბელგიური ინვესტიცია ყაზახეთში

ბელგიური კომპანიები ყაზახეთის ჟეტისუს რეგიონში 50 მილიონი დოლარის ინვესტიციით ახალი ლოგისტიკური ჰაბის შექმნას განიხილავენ. პროექტი მიზნად ისახავს შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდას, საზღვრებზე ტვირთების გადაადგილების შეფერხებების შემცირებას და ჩინეთსა და ევროპას შორის სავაჭრო მიმოსვლის დაჩქარებას.

რეგიონული განვითარების პოტენციალი

აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოების მნიშვნელოვან პოტენციალს ხედავს, განსაკუთრებით რეგიონულ განვითარებასა და თბილისს გარეთ ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნაში. საქართველოში ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორის, ლესლი ლაჰმის განცხადებით, ADB-ის პრიორიტეტებს შორისაა სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების გაძლიერება, განახლებადი ენერგიის განვითარება, რეგიონული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა. აღნიშნული მიმართულებები მიზნად ისახავს ქვეყნის რეგიონული დაკავშირებადობის, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას.

TITR-ის მონაწილეობა Logitrans 2026-ში

2026 წლის 11-13 ნოემბერს სტამბოლში გამართულ საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოგისტიკურ გამოფენაში Logitrans 2026 მონაწილეობდა საერთაშორისო ასოციაცია „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (TITR). გამოფენის ფარგლებში ასოციაციის სტენდზე შუა დერეფნის პოპულარიზაციისა და განვითარების მიზნით საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები გაიმართა, რომელშიც ასოციაციის მუდმივი და ასოცირებული წევრების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. ვიზიტორებს გააცნეს მარშრუტის სატრანზიტო პოტენციალი, მულტიმოდალური გადაზიდვების შესაძლებლობები და ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. გამოფენაში 16 ქვეყნის 232 კომპანია მონაწილეობდა, ღონისძიებას კი დაახლოებით 16 000 სტუმარი დაესწრო. აქტიური მონაწილეობისა და საერთაშორისო სატრანსპორტო-ლოგისტიკური დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის TITR-ის ასოციაციას ჯილდო გადაეცა.

TRACECA.GE


წყაროები:
caspianpost.com / gbc.ge / ge.armradio.am
netgazeti.ge / ge.armradio.am / bm.ge
europetime.eu / ge.armradio.am
europetime.eu / bm.ge / The Caspian Post
businessinsider.ge / middlecorridor.com