News

აბრეშუმის გზის დაიჯესტი | 20 ნოემბერი 2026

2026-11-20

რუსეთის სამხრეთ პორტებში კონტეინერული გადაზიდვები შეჩერდა

უკრაინული დრონებით თავდასხმების ფონზე, ოქტომბერში რუსეთის შავი და აზოვის ზღვების პორტებში კონტეინერული გადაზიდვები სრულად შეჩერდა, რის გამოც ტვირთების ძირითადი ნაკადი ბალტიის ზღვისა და შორეული აღმოსავლეთის პორტებისკენ გადამისამართდა. ალტერნატიულმა მარშრუტებმა, განსაკუთრებით თურქეთიდან სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით, ტრანსპორტირების დრო 3–5 დღიდან 2–3 კვირამდე, ხოლო გადაზიდვის ღირებულება 3–6-ჯერ გაზარდა. მიუხედავად სამხრეთ პორტებში ნულოვანი მაჩვენებლისა, რუსეთის პორტების საერთო საკონტეინერო ბრუნვა ოქტომბერში წლიურად 5%-ით გაიზარდა. 

საქართველოს რკინიგზით ტვირთების გადაზიდვა გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოს რკინიგზით 4.1 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.8%-ით მეტია. გადაზიდული ტვირთების საერთო მოცულობის 62.1% ტრანზიტზე, 32.1% საერთაშორისო, ხოლო 5.7% ადგილობრივ გადაზიდვებზე მოდიოდა. სასაქონლო სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი კოქსსა და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებს (34.7%) ეკავა, შემდეგ კი ქიმიკატებსა და ქიმიურ პროდუქტებს (21.5%). ტვირთების მთავარი გამომგზავნი რუსეთია. კერძოდ, მთლიანი მოცულობის 22.2%-ის გამომგზავნი ქვეყანა რუსეთის ფედერაცია იყო, 22.1%-ის კი აზერბაიჯანი.

საქართველოს ნავსადგურებში ბრუნვა გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 5.6 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26.9%-ით მეტია. ტვირთბრუნვაში გენერალურ ტვირთს 42.2%, თხევადს 39.7%, ხოლო ნაყარს 18.1% ეკავა. ამავე პერიოდში ნავსადგურები დაახლოებით 6 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც წლიურად 40.3%-იანი ზრდაა. გაიზარდა ასევე ნავსადგურებში შემოსული კონტეინერმზიდი, თხევადი და გენერალური ტვირთმზიდი გემების რაოდენობა.

კონსტანცას პორტის კავშირი საქართველოსთან

რუმინეთის კონსტანცას პორტის ადმინისტრაცია საქართველოსთან საზღვაო კავშირების გაძლიერების მიზნით დამატებით ორი ნავმისადგომის მოწყობის შესაძლებლობას განიხილავს. როგორც პორტის საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კრისტიან ტომამ აღნიშნა, ინიციატივა საქართველოს პორტებთან ტვირთნაკადების განვითარებასა და რეგიონული ლოგისტიკური კავშირების გაფართოებას უკავშირდება.

კერძო სექტორის როლი შუა დერეფნის განვითარებაში

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონული დირექტორის, ტომას კაირისის განცხადებით, საქართველომ შუა დერეფნის შესაძლებლობები მხოლოდ სატრანზიტო ფუნქციით არ უნდა შემოფარგლოს და დამატებითი ეკონომიკური ღირებულების შესაქმნელად თანმხლები ლოგისტიკური და ციფრული სერვისები განავითაროს. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობა, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და ინფრასტრუქტურის განვითარება. ამასთან, შუა დერეფნის პოტენციალის სრულად ასათვისებლად ქართული კერძო სექტორი ახალი შესაძლებლობების გამოყენებისთვის მზად უნდა იყოს.

საქართველოს ფინანსური ჰაბის პოტენციალი იზრდება

სინგაპურის ცენტრალური ბანკის მმართველი დირექტორის, ჩია დერ ჯიუნის შეფასებით, საქართველოს რეგიონულ ფინანსურ და ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს. მისი განცხადებით, ქვეყნის განვითარებადი საინვესტიციო გარემო და ფინანსური ტექნოლოგიების სექტორი რეგიონული ლიდერობის შესაძლებლობას ქმნის. სინგაპურისა და საქართველოს ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებმა ფინანსური ინოვაციების, გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ასევე გამოითქვა ინიციატივა ორ ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების შესახებ.

ბიუროკრატიის შემცირება დერეფნის გამტარუნარიანობას გაზრდის

APM Terminals Poti-ს მმართველი დირექტორის, კრისტიან რიოდერის განცხადებით, შუა დერეფანში მზარდი ტვირთნაკადების მისაღებად საქართველომ არსებული ინფრასტრუქტურის შესაძლებლობები უკეთ უნდა გამოიყენოს და სასაზღვრო პროცედურები გაამარტივოს. მისი შეფასებით, დოკუმენტაციისა და საბაჟო პროცედურების ოპტიმიზაცია ტვირთების გადაადგილებას დააჩქარებს და დერეფნის გამტარუნარიანობას გაზრდის. რიოდერის განმარტებით, ფოთის პორტს დამატებითი ტვირთების მიღების რესურსი აქვს ნაყარი, გენერალური და საბორნე ტვირთების მიმართულებით, ხოლო შუა დერეფნის ეფექტიანობისთვის მნიშვნელოვანია ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კოორდინირებული მუშაობა.

შუა დერეფნის გამტარუნარიანობა გაიზრდება

საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი შუა დერეფნის განვითარების ერთობლივ გეგმაზე შეთანხმდნენ, რომლის მიზანია 2029 წლისთვის მარშრუტის წლიური გამტარუნარიანობის 30 მილიონ ტონამდე გაზრდა. შეთანხმება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ლოგისტიკური პროცესების გამარტივებასა და საზღვრებზე ტვირთების გადაადგილების დაჩქარებას ითვალისწინებს. საქართველოს 2029 წლამდე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში დაახლოებით 7 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელება აქვს დაგეგმილი, რაც პორტების, რკინიგზის, საავტომობილო გზებისა და საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება. პარალელურად, ბელგიური კომპანიები ყაზახეთში 50 მილიონი დოლარის ღირებულების ლოგისტიკური ცენტრის შექმნასა და დერეფნის ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებას განიხილავენ.

TRACECA.GE


წყაროები:
commersant.ge / gbc.ge / bpn.ge / bpn.ge
bm.ge / bm.ge / bp.ge / bm.ge / forbes.ge