
2026-11-21
შავი ზღვის მწვანე ენერგეტიკული დერეფანი
აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტის ფარგლებში ელექტროენერგიის პირველი გადამცემი ხაზის ამოქმედება 2032 წლისთვის იგეგმება. პროექტი შავი ზღვის გავლით მაღალი ძაბვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს, რომლის საერთო გამტარუნარიანობა 3,9 გიგავატი იქნება. მისი სრულად ამოქმედება 2040 წლისთვის არის დაგეგმილი.
ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზის განვითარება
ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი 17.1 კმ-იანი საავტომობილო გზის მშენებლობის ზედამხედველობის მომსახურებაზე ტენდერი გამოცხადდა. პროექტი სამტრედია–ზუგდიდის შემოვლითი გზის მონაკვეთის ფარგლებში ორზოლიანი გზის, ოთხი სატრანსპორტო კვანძისა და ხუთი ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს. საზედამხედველო მომსახურება აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება, ხოლო პროექტის მიზანია პორტის ძირითად სატრანსპორტო ქსელთან დაკავშირება და შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაძლიერება.
შავი ზღვის მარცვლეულის ექსპორტის შემცირება
შავი ზღვის რეგიონში საზღვაო გადაზიდვების შეფერხების გამო უკრაინისა და რუსეთის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტი მკვეთრად შემცირდა. FAO-ს მონაცემებით, 2026 წლის სექტემბერში აღნიშნული პორტებიდან მარცვლეულის ერთობლივმა გადაზიდვებმა 500 ათას ტონას ვერ მიაღწია, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 7.8 მილიონ ტონას შეადგენდა. შექმნილი ვითარების ფონზე უკრაინა დუნაის პორტებს, რუსეთი კი ბალტიის ზღვის მიმართულებას უფრო აქტიურად იყენებს, ხოლო არგენტინა, ავსტრალია და ევროკავშირი ხორბლის მსოფლიო ექსპორტში საკუთარ წილს ზრდიან.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ტვირთბრუნვა
მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით 21.1 მილიონი ტონა ნავთობი გადაიტანეს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.3%-ით ნაკლებია. ტრანსპორტირებული ნავთობის 81.8% აზერბაიჯანული იყო, ხოლო 18.2% თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან იმპორტირებულ ნავთობზე მოდიოდა. ამასთან, გასულ წელს აზერბაიჯანში მილსადენებით გადაზიდული ნავთობის 74.9%-ზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი მოდიოდა.
საქართველოს დერეფანში ტრაილერების ნაკადი გაიზარდა
2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს დერეფანი 433 740-მა სატრანზიტო ტრაილერმა გადაკვეთა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 228 543 ერთეულით მეტია. აღნიშნულ პერიოდში სატვირთო ავტომობილების გზათსარგებლობის მოსაკრებლიდან ბიუჯეტში 151.8 მლნ ლარი შევიდა, წლიური ზრდა კი თითქმის 10 მლნ ლარს შეადგენს. ამასთან, ქვეყნის დერეფანს დღიურად საშუალოდ 1 427 სატრანზიტო ტრაილერი კვეთს.
საფრანგეთი-აზერბაიჯანის ურთიერთობების პერსპექტივა
ფრანგი პოლიტიკური ანალიტიკოსის ემანუელ დიუპუის შეფასებით, საფრანგეთმა აზერბაიჯანთან ურთიერთობებში იდეოლოგიური მიდგომა უფრო პრაგმატული თანამშრომლობით უნდა ჩაანაცვლოს. მისი განცხადებით, ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების შესაძლებლობა შუა დერეფნის განვითარებას, ენერგეტიკულ თანამშრომლობასა და სავაჭრო კავშირების გაღრმავებას უკავშირდება. ამასთან, ექსპერტი სამხრეთ კავკასიაში მდგრადი თანამშრომლობისთვის მრავალმხრივი დიპლომატიური ფორმატის მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას.
საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა გაიზარდა
2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოს რკინიგზით გადაზიდული ტვირთების მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 17%-ით გაიზარდა და 4.1 მლნ ტონა შეადგინა. გადაზიდვების 62% ტრანზიტულ ტვირთებზე მოდიოდა. ამასთან, იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, რკინიგზის ტვირთბრუნვა 13%-ით, 12.4 მლნ ტონამდე გაიზარდა, თუმცა მაჩვენებელი კვლავ ჩამორჩება 2012 წლის რეკორდულ დონეს, როდესაც 20 მლნ ტონაზე მეტი ტვირთი გადაიზიდა.
UK და EU თანამშრომლობას აფართოებენ
დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის სამიტზე მხარეებმა ახალი შეთანხმებების შესახებ განაცხადეს, რომლებიც მოიცავს სურსათით ვაჭრობას, ახალგაზრდების მობილობას, ხელოვნურ ინტელექტს, ციფრულ პარტნიორობასა და უსაფრთხოებას. შეთანხმებები ითვალისწინებს Erasmus+ პროგრამაში ბრიტანელი სტუდენტების მონაწილეობას, ასევე ახალგაზრდების გაცვლით სქემას, რომელიც 100 000-მდე ახალგაზრდას სამ წლამდე ვადით სწავლის, მუშაობისა და მოგზაურობის შესაძლებლობას მისცემს. მხარეები ასევე გააღრმავებენ თანამშრომლობას თავდაცვის, ენერგეტიკული და ეკონომიკური უსაფრთხოების, ნახშირბადის ბაზრებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის მიმართულებით. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეთანხმებამ შესაძლოა, ქვეყნის ეკონომიკას ყოველწლიურად 17 მილიარდ ფუნტამდე შემოსავალი მოუტანოს.
ევროპა და აშშ სანქციების საკითხზე განსხვავდებიან
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს, მაშინ როცა აშშ რუსულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე დაწესებული შეზღუდვების ნაწილს აუქმებს. ევროკავშირმა მიმდინარე წელს სასანქციო სიას დაახლოებით 2 800 პირი დაამატა, რომელთა 95% რუსეთის მოქალაქეა. ევროპული სანქციების სისტემის მთავარ გამოწვევებად რჩება გადაწყვეტილებების მიღების სირთულე, აღსრულების ხარვეზები და შეზღუდვების არასაკმარისი ეფექტიანობა. აშშ-სა და ევროკავშირის მიდგომების დაახლოება შესაძლოა მომავალში გახდეს შესაძლებელი, თუმცა ამ ეტაპზე სწრაფი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.
საქართველო შუა დერეფნის განვითარების საკითხებზე
მანილაში, ASEAN-ის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 47-ე ყოველწლიური სესიის ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიული როლი შუა დერეფანში, ენერგეტიკული უსაფრთხოება, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი და ევროპა-აზიის სატრანსპორტო და ციფრული დაკავშირებადობის საკითხები განიხილეს. საქართველოს წარმომადგენელმა მონაწილეებს ქვეყნის მიმდინარე პროცესები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო. ASEAN-ის რვა წევრი ქვეყნის წარმომადგენელმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა და სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და ტურისტული თანამშრომლობის გაღრმავების ინტერესი გამოთქვა.
TRACECA.GE
წყაროები:
europetime.eu / businessinsider.ge
agrokavkaz.ge / commersant.ge / bpn.ge
bm.ge / caspianpost.com / netgazeti.ge
europetime.eu / commersant.ge / facebook.com