
2026-11-09
შანხაის პორტის გამოცდილების გაზიარება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შანხაის პორტის ოპერატორი კომპანიის, Shanghai International Port Group-ის ვიცე-პრეზიდენტს ჟენ ჟუეის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა შანხაის პორტის თანამედროვე საოპერაციო სისტემები და ლოგისტიკური სერვისები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შანხაის პორტის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას საქართველოს საპორტო სექტორის განვითარების, საოპერაციო ეფექტიანობის ზრდისა და შუა დერეფნის პოტენციალის გაძლიერების მიმართულებით. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე.
უკრაინის საზღვაო ლოგისტიკა
უკრაინის ნავსადგურები, მიუხედავად მუდმივი საჰაერო თავდასხმებისა და ინფრასტრუქტურის დაზიანებისა, ქვეყნის ეკონომიკისა და საექსპორტო ლოგისტიკის მნიშვნელოვან საყრდენად რჩება. საზღვაო დერეფნის საშუალებით კვლავ ხორციელდება აგროსასურსათო პროდუქციისა და სხვა სტრატეგიული ტვირთების გადაზიდვა, თუმცა უსაფრთხოების რისკები და ინფრასტრუქტურული შეზღუდვები ექსპორტის პროცესს ართულებს. ამ პირობებში უკრაინა აქტიურად იყენებს ალტერნატიულ სატრანსპორტო მარშრუტებს, მათ შორის დუნაის ნავსადგურებს, რუმინეთის კონსტანცის ნავსადგურსა და მეზობელი ქვეყნების სახმელეთო სატრანზიტო დერეფნებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუმინეთთან თანამშრომლობა, რომელიც უკრაინას საზღვაო, სარკინიგზო და სამდინარო გადაზიდვების დამატებით შესაძლებლობებს სთავაზობს.
ევროკომისიის ანგარიში
საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის სამმხრივი რეგიონული თანამშრომლობის ფორმატი კვლავ მაღალ დონეზე გაგრძელდა, რეგიონული ენერგეტიკული და სატრანსპორტო კავშირების გაძლიერებისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარების მიზნით. შუა დერეფნის განვითარების ფარგლებში აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს, განსაკუთრებით ბაქო - თბილისი - ყარსის სარკინიგზო ხაზზე გადაზიდვების მოცულობის გაზრდის მიმართულებით.
ფოთის პორტის ზრდა
APM Terminals Poti-ს მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში ფოთის საზღვაო ნავსადგურში 582 498 TEU კონტეინერი დამუშავდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-ით მეტია. ამასთან, 24.4%-ით გაიზარდა საკონტეინერო გემების რაოდენობაც და საანგარიშო პერიოდში პორტი 372 გემს მოემსახურა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონტეინერო ტვირთბრუნვის დაახლოებით 80% ფოთის ნავსადგურზე მოდის.
საქართველო რეგიონულ ლოგისტიკურ ჰაბად
საქართველო რეგიონულ ლოგისტიკურ ჰაბად უნდა ჩამოყალიბდეს და მხოლოდ სატრანზიტო ფუნქციით არ შემოიფარგლოს, – ამის შესახებ Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ნამადოვმა განაცხადა. მისი შეფასებით, ქვეყნის ლოგისტიკური პოტენციალის სრულად ათვისებისთვის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად მნიშვნელოვანია ლოგისტიკური ცენტრების შექმნა, რკინიგზასთან კოორდინაცია და სექტორის გაციფრულება.
TRIPP-ის სამმხრივი ჯგუფები შეიქმნა
შეერთებულმა შტატებმა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა „ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP-ის) პროექტის „წინსვლის მიზნით“ შექმნეს ტექნიკური დაგეგმვის სამმხრივი ჯგუფები.
7 ნოემბერს სახელმწიფო დეპარტამენტის გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს ტრანსპორტისა და ელექტროენერგიის გადაცემის მიმართულებით პირველი ორი სამუშაო ჯგუფის ამოქმედებაზე.
ირანის გაფრთხილება TRIPP-ზე
ირანის უმაღლესი ლიდერის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში, ალი აქბარ ველაიათიმ, სომხეთი გააფრთხილა, რომ თეირანი TRIPP-ის პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგება და მისთვის ეს ინიციატივა „წითელ ხაზს“ წარმოადგენს. მისი განცხადებით, ირანი პროექტს რეგიონული ინტერესებისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნევს და წინააღმდეგობას გაუწევს ნებისმიერი მცდელობას, რომელიც ამ ზღვრის გადაკვეთას გულისხმობს.
საქართველოს პორტები და ადგილობრივი წარმოება
საქართველოს საზღვაო პორტების განვითარება მხოლოდ ტვირთბრუნვის ზრდას არ უკავშირდება. ფოთის, ბათუმის, ანაკლიის, სუფსისა და ყულევის პოტენციალი ადგილობრივი წარმოების, გადამუშავების, ლოგისტიკური და საექსპორტო საქმიანობის გაფართოებასაც მოიცავს. პორტების მიმდებარედ საწარმოო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის ჩართულობით, ხელს შეუწყობს დამატებითი ეკონომიკური ღირებულების შექმნას, დასაქმებასა და ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე გატანას. აღნიშნული მიდგომა საზღვაო ინფრასტრუქტურას ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვან საყრდენად აქცევს.
ანაკლიის პორტის დაფინანსება
საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტისთვის მიმდინარე წელს დამატებით 125 მილიონი ლარის გამოყოფას გეგმავს. 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, თანხა პორტისთვის საჭირო წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობას მოხმარდება და მომდევნო წლისთვის გათვალისწინებული დაფინანსება მიმდინარე წელსვე იქნება ათვისებული. ამასთან, 2027 წელს მთავრობა პორტამდე მისასვლელი 18-კილომეტრიანი გზის მშენებლობისთვის 30 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.
TRACECA.GE
წყაროები:
bm.ge / transcor.ge / businessinsider.ge
bm.ge / businessinsider.ge / state.gov
commersant.ge / Sea Pilot / commersant.ge