News

აბრეშუმის გზის დაიჯესტი | 6 - 13 სექტემბერი, 2026

2026-09-13

ანატოლია–საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაცია

ANAGİD წარმოდგენილია როგორც ახალი პლატფორმა, რომლის მიზანია თურქეთსა და საქართველოს შორის ბიზნესკავშირების გაძლიერება და ახალი სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნა. ინიციატივა ეფუძნება თურქეთსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ეკონომიკურ ურთიერთობებს და მოიცავს თანამშრომლობას ვაჭრობის, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმისა და რეგიონული ლოგისტიკის მიმართულებებით. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველო–თურქეთის სატრანსპორტო კავშირებს, მათ შორის ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზას, ხოლო 2026 წელს აქცენტი კიდევ უფრო მეტად კეთდება ეკონომიკურ ინტეგრაციაზე, რეგიონულ დაკავშირებადობასა და ბიზნესებს შორის პირდაპირი ურთიერთობების გაღრმავებაზე.

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი

ბათუმში 7-8 სექტემბერს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ჩატარდა, რომელიც საქართველოს საზღვაო ქვეყნის სტატუსის გაძლიერებას, „შუა დერეფნის“ პოტენციალის წარმოჩენასა და რეგიონული სატრანსპორტო კავშირების განვითარებას ემსახურება. ფორუმი საზღვაო და ლოგისტიკურ საკითხებზე რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სადისკუსიო პლატფორმაა და წელს რამდენიმე ათეული ქვეყნიდან 300-ზე მეტ დელეგატს აერთიანებს. 

პორტებში ტვირთის რიგები

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის, პაატა ცაგარეიშვილის თქმით:

ტვირთი 13 აგვისტოს ჩაიტვირთა და ჯერ კიდევ აზერბაიჯანშია. საბოლოო დანიშნულებამდე, უზბეკეთში, ტვირთის ჩასვლას შესაძლოა თვენახევარ–ორ თვემდე დასჭირდეს. შეფერხების ერთ-ერთ მიზეზად სახელდება აზერბაიჯანული ტვირთებისთვის პრიორიტეტის მინიჭება, განსაკუთრებით ირანიდან ტვირთების გადმომართვის შემდეგ. მისი შეფასებით, ასეთი ხანგრძლივი დაყოვნება შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობას აზიანებს და შეიძლება ტვირთმფლობელებმა მომავალში ამ მარშრუტის გამოყენებაზე უარი თქვან.

ცაგარეიშვილი ასევე საუბრობს არაოფიციალური გადასახადების პრობლემაზეც. შუა დერეფნის პრობლემა მხოლოდ ინფრასტრუქტურა არ არის — პორტებში ტვირთის რიგები, პრიორიტეტების საკითხი და ბიუროკრატიული/არაოფიციალური ხარჯები ტრანზიტს მნიშვნელოვნად აჭიანურებს.

იაპონური ინვესტიციები საქართველოში

იაპონია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარის, იჩირო აისავას განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობები არსებობს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია გაიზარდოს როგორც იაპონური ინვესტიციები საქართველოში, ისე ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა. აისავას განცხადებით, საქართველო ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს მქონე ქვეყანაა, ხოლო ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაში მნიშვნელოვან როლს იაპონია-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ასრულებს.

ევროპული ტვირთები შუა დერეფანში

აზერბაიჯანის რკინიგზა „შუა დერეფნის“ გავლით ევროპიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ტვირთების მოზიდვაზე მუშაობს. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, დერეფნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა უკუ-ტვირთნაკადის, ანუ დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მოძრავი ტვირთების გაზრდაა. ამ მიმართულებით ADY ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობას აძლიერებს, რათა გაიზარდოს გადაზიდვების მოცულობა და „შუა დერეფნის“ კონკურენტუნარიანობა.

ფოთის პორტის გაფართოება

ფოთის პორტის გაფართოების პროექტზე APM Terminals-სა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შორის მოლაპარაკებების განახლება წლის ბოლომდე იგეგმება. პროექტი პორტის გამტარუნარიანობის გაზრდას და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებას ემსახურება. პარალელურად, APM Terminals პორტის ინფრასტრუქტურაში დამატებით ინვესტიციებს ახორციელებს, რის შედეგადაც წლის ბოლოსთვის გამტარუნარიანობა 650,000 TEU-მდე გაიზრდება. პორტის შემდგომი გაფართოება კერძო ინვესტიციით არის დაგეგმილი და მისი განხორციელება საქართველოსთვის შუა დერეფნის მიმართულებით კონკურენტუნარიანობის ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.

სომხეთ-თურქეთის საზღვარი

ერევანში გამართულ სომხურ-თურქულ ბიზნესფორუმზე ორივე ქვეყნის ბიზნესმენებმა ხელისუფლებებს სომხეთ-თურქეთის სახმელეთო საზღვრის გახსნისა და საზღვრის კვეთის პროცედურების გამარტივებისკენ მოუწოდეს, რადგან ეს ხელს შეუწყობს ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმისა და რეგიონული ეკონომიკური კავშირების განვითარებას. თუმცა, პოლიტოლოგ რობერტ გევონდიიანის შეფასებით, საზღვრის გახსნის მთავარი დაბრკოლება პოლიტიკური ფაქტორებია, განსაკუთრებით აზერბაიჯანის გავლენა თურქეთზე. მისი თქმით, საზღვრის გახსნამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროგრესი მოიტანოს, თუმცა ზუსტი ვადა ამ ეტაპზე უცნობია.

თბილისის ფინანსური სამიტი

27-28 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სინგაპურის გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის (GFTN) ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოში წელს რიგით მეორე „თბილისის ფინანსური სამიტი“ ჩატარდება. იხ. ლინკი: tbilisifinancesummit.gftn.co/register  

საქართველოს სატრანზიტო ტვირთების 109%-იანი ზრდა

2018-2025 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე გატარებული სატრანზიტო ტვირთების მოცულობა 109%-ით გაიზარდა. ამის შესახებ PMC კვლევითი ცენტრის ანგარიშშია აღნიშნული. ტვირთების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2024 წელს დაფიქსირდა და 15.1 მილიონი ტონა შეადგინა, ხოლო 2025 წელს მოცულობა 9.5%-ით შემცირდა და 13.7 მილიონი ტონა გახდა. კლების მთავარი მიზეზი აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებაზე ტვირთბრუნვის 7.8%-იანი შემცირება იყო. ამ მიმართულებაზე საქართველოს სატრანზიტო ტვირთების დაახლოებით 70% მოდის.

2025 წელს შუა დერეფნით 4.6 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 5%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. შემცირება ძირითადად ევროკავშირი-აზერბაიჯანისა და ევროკავშირი-ცენტრალური აზიის მიმართულებებზე დაფიქსირდა.

სატრანზიტო გადაზიდვების 55% საავტომობილო, ხოლო 45% სარკინიგზო ტრანსპორტზე მოდიოდა. 2018-2025 წლებში საავტომობილო ტრანზიტი 124.7%-ით, სარკინიგზო კი 93.2%-ით გაიზარდა. მიუხედავად 2025 წლის კლებისა, გრძელვადიან პერიოდში ტვირთების ზრდა საქართველოს სატრანზიტო როლის გაძლიერებაზე მიუთითებს.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო 

სააგენტო აცხადებს, რომ ქვეყანა საერთაშორისო სანქციებს სრულად იცავს, მათ შორის საავიაციო სექტორში. სააგენტო უცხოური ავიაკომპანიების დაშვებისას ითვალისწინებს ევროკავშირისა და აშშ-ის სანქციურ მექანიზმებს და OFAC-ის სანქცირებულთა სიებს. შესაბამისად, აშშ-ის მიერ სანქცირებულ იმ ავიაკომპანიებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოსა და ირანს შორის ფრენებს ასრულებენ, საქართველო საერთაშორისო სანქციების მოთხოვნების შესაბამისად იმოქმედებს.

ტვირთები რუსეთიდან სომხეთში

ამ დროისთვის რუსეთიდან სომხეთში აზერბაიჯანის გავლით ტრანზიტით გადაიზიდა დაახლოებით:

● 60 000 ტონა მარცვლეული ( 2025 წლის ნოემბრიდან 2026 წლის 10 სექტემბრამდე);

● 9 000 ტონაზე მეტი სასუქი;

● 1 414 ტონა პროპანი;

● 133 ტონა ალუმინი;

● 1 114 ტონა ქვანახშირი;

● 608 ტონა ხე-ტყე.

ტვირთბრუნვა შუა დერეფანში

ყაზახეთის რკინიგზის მონაცემებით 2026 წლის იანვარ–აგვისტოში „შუა დერეფნის“ ტვირთბრუნვა 22%-ით გაიზარდა, ხოლო აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით ტრანზიტი 55%-ით გაიზარდა. მხოლოდ იანვარ–ივლისში კონტეინერებით გადაზიდვამ 36,000 TEU შეადგინა, რაც 2025 წლის იმავე პერიოდზე 50%-ით მეტია; ამ პერიოდში მარშრუტზე 350 საკონტეინერო მატარებელმა გაიარა, 2025 წლის 192-ის ნაცვლად. 

საქართველოს TOP ინვესტორი

2026 წლის 6 თვეში, 236 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციით, ჩინეთი საქართველოს TOP-ინვესტორი ქვეყანაა. საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ჩინური FDI საფინანსო და სადაზღვევო სექტორში ჩაიდო. საფინანსო სექტორში ჩინური ინვესტიციების მკვეთრი ზრდა მიმდინარე წლის გაზაფხულზე ჩინური “ჰუალინგ ჯგუფის” ჰოლდინგში შემავალი ”ბაზისბაკის” მიერ “ლიბერთი ბანკის" შეძენას უკავშირდება.

ADY ჩინეთთან კავშირებს აფართოებს

აზერბაიჯანის რკინიგზა (ADY) ჩინეთის წამყვან პორტებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებთან თანამშრომლობის გაფართოებას გეგმავს, რათა შუა დერეფნის გავლით ტვირთნაკადები გაიზარდოს და ჩინეთი–აზერბაიჯანი–ევროპის კავშირი გაძლიერდეს. შეხვედრებზე განიხილეს შანხაიდან ევროპისკენ რეგულარული საკონტეინერო გადაზიდვების გაფართოება, ლიანიუნგანგი–ბაქოს მარშრუტის განვითარება და ბლოკ-მატარებლების გაზრდა. ასევე ყურადღება დაეთმო პორტებისა და სარკინიგზო ოპერაციების ციფრულ ტრანსფორმაციასა და „ჭკვიანი პორტის“ ტექნოლოგიებს, რაც ტრანზიტის დროისა და ლოგისტიკური პროცესების გაუმჯობესებას უნდა შეუწყოს ხელი.

სამგზავრო მიმოსვლა კასპიის ზღვაზე

ყაზახეთი და აზერბაიჯანი აქთაუსა და ბაქოს პორტებს შორის რეგულარულ სამგზავრო საზღვაო მიმოსვლას აღადგენენ, რაც ტურისტულ კავშირებს გააძლიერებს და კასპიის ზღვაზე გადაადგილებას გაზრდის. ინიციატივა ასევე დაკავშირებულია შუა დერეფნის განვითარებასთან, რომელიც ცენტრალურ აზიას სამხრეთ კავკასიასა და ევროპულ ბაზრებთან აკავშირებს. მარშრუტი 2020 წელს პანდემიის გამო შეწყდა. 

სომხეთი-ჩეხეთის თანამშრომლობა

სომხეთი და ჩეხეთი ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და მრეწველობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე მუშაობენ. მხარეები, მათ შორის, სომხეთში ახალი მეტროსადგურის მშენებლობისთვის ჩეხური აღჭურვილობის გამოყენების შესაძლებლობას განიხილავენ, ხოლო არსებული შეთანხმებების გაფართოება და ახალი პროექტების მოძიება იგეგმება. სომხეთის პრეზიდენტის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას, ბაზრების დივერსიფიკაციასა და ბიზნესებს შორის პირდაპირი თანამშრომლობის განვითარებას.

ანაკლიის პორტი რკინიგზას უერთდება

საქართველოს რკინიგზა ანაკლიის ღრმაწყოვან პორტთან მისასვლელად 18 კმ სიგრძის სრულიად ახალ, ელექტრიფიცირებულ სარკინიგზო ხაზს და ახალ სარკინიგზო სადგურს ააშენებს. პროექტის ტენდერი მსოფლიო ბანკის რეგულაციების შესაბამისად გამოცხადდება, ხოლო ახალი ინფრასტრუქტურა ანაკლიის პორტს საქართველოს არსებულ სარკინიგზო ქსელთან დააკავშირებს. 

ახალი საწყობების საჭიროება

Wondernet-ის გენერალური დირექტორის, მამუკა მურჯიკნელის განცხადებით, შუა დერეფნის განვითარებასთან ერთად საქართველოს პორტებში ახალი სასაწყობე ინფრასტრუქტურის შექმნა აუცილებელია. მისი თქმით, გაზრდილი ტვირთბრუნვის გამო არსებული სივრცეები ზოგიერთ ტვირთს უკვე ვეღარ ემსახურება, ამიტომ საჭიროა პორტების, რკინიგზისა და სხვა ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის ერთობლივი განვითარება.

ახალი ენერგეტიკული დერეფნები

აზერბაიჯანი და თურქეთი ენერგეტიკის სფეროში მრავალწლიანი სტრატეგიული თანამშრომლობის გაფართოებას გეგმავენ. ნავთობისა და გაზის პროექტებთან ერთად, პარტნიორობის ახალ მიმართულებად განახლებადი ენერგია და ელექტროენერგიის ექსპორტი განიხილება. არსებული ინფრასტრუქტურის განვითარებამ აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთის ენერგეტიკული ხიდის შესაძლებლობები გაზარდა და თურქეთის ქსელის გავლით ევროპულ ბაზრებთან ელექტროენერგიის გაცვლის შესაძლებლობა შექმნა.

სომხეთში მზისა და ქარის ენერგიის პოტენციალის ათვისება განსაკუთრებით ყარაბაღისა და აღმოსავლეთ ზანგეზურის რეგიონებში მიმდინარეობს, სადაც ახალი პროექტების განხორციელება სწრაფად იზრდება.

მწვანე ენერგიის ექსპორტისთვის ერთ-ერთ მიმართულებად ნახიჩევანის გამოყენება განიხილება. იგეგმება ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების განვითარება, რაც აზერბაიჯანის ენერგოსისტემის ნახიჩევანთან დაკავშირებას და თურქეთის მიმართულებით მწვანე ენერგიის გადაცემას შეუწყობს ხელს. TRIPP-ის ენერგეტიკული კომპონენტის ფარგლებში გათვალისწინებულია სომხეთის სიუნიქის გავლით ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა, ხოლო 1 000 მეგავატის სიმძლავრის ჯებრაილ–აღბანდის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.

პარალელურად, თურქეთი და აზერბაიჯანი ავითარებენ ახალ ელექტროენერგიის დამაკავშირებელ პროექტს, რომელსაც არაფორმალურად „Electric TANAP“ ეწოდება. პროექტი მიზნად ისახავს თურქეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და ბულგარეთის ელექტროსისტემების დაკავშირებას და მწვანე ელექტროენერგიის რეგიონული ვაჭრობის განვითარებას. შეთანხმების გაფორმება COP31-ის ფარგლებში იგეგმება.

წყაროები:

anagid.org  / gurcuhaber.com  / gbc.ge

share.google / bm.ge / imedinews.ge / bm.ge

bm.ge / bm.ge / jam-news.net / bpn.ge 

facebook.com / bp.gecaliber.az / bm.ge

bm.ge / businessinsider.ge / bm.ge / caliber.az

businessinsider.ge / businessinsider.ge