News

აბრეშუმის გზის გაზაფხული სამი მნიშვნელოვანი სიახლით

2025-05-07

მაისის დასაწყისში დიდმა ბრიტანეთმა და ინდოეთმა სამწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს. სავაჭრო შეთანხმება გააადვილებს ბრიტანული კომპანიებისთვის ვისკის, ავტომობილების და სხვა პროდუქტების ექსპორტს ინდოეთში და შეამცირებს გადასახადებს ინდოეთის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ექსპორტზე. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, შეთანხმება გააძლიერებს ეკონომიკას და „სარგებელს მოუტანს ბრიტანელ ხალხსა და ბიზნესს“. ამასთან, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება არის ისტორიული, ამბიციური და ორივე მხარისთვის სასარგებლო.

ამავე პერიოდში, ჩინეთი და ევროპარლამენტი ორმხრივ კონტრაქტებზე დაწესებული შეზღუდვების ყოვლისმომცველად გაუქმებაზე ერთობლივად შეთანხმდნენ - ამის შესახებ ჩინური მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს. მნიშვნელოვანია ორივე მხარისთვის, რომ ჩინეთსა და ევროკავშირს შორის გაძლიერდეს დიალოგი და თანამშრომლობა.

ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს, ევროკავშირმა და ინდოეთმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის პაქტზე მუშაობა მიმდინარე წელს დასრულდება. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ინდოეთში ვიზიტის შემდეგ გახდა ცნობილი. ბრიუსელმა და ნიუ-დელიმ იმ ძირითად მიმართულებებს განიხილავდნენ, სადაც ორ მხარეს შორის, სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ახლო თანამშრომლობაა შესაძლებელი. ფონ დერ ლაიენის შეფასებით, ევროკავშირი მოელის "ამბიციურ" სავაჭრო და საინვესტიციო შეთანხმებას, რომელიც დაფარავს როგორც, მაგალითად, ფარმაცევტულ, ასევე თავდაცვის და სხვა ინდუსტრიებს. ინდოეთსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები 2021 წლიდან, 8-წლიანი პაუზის შემდეგ განახლდა. ევროკავშირი ინდოეთის პროდუქტის უმსხვილესი იმპორტიორია. ათწლეულის განმავლობაში ორმხრივი ვაჭრობა 90%-ით გაიზარდა და 2023/24 ფისკალურ წელს $137.5 მილიარდი შეადგინა. ევროკავშირის მიზანია, ინდოეთმა ავტომობილების იმპორტზე ტარიფები შემაციროს, ინდოეთი კი ცდილობს თავისი იაფი მედიკამენტები ევროკავშირის ბაზარზე უფრო მარტივად ხელმისაწვდომი გახადოს. ინდოეთს ასევე სურს EU-ს მხრიდან ტარიფების შემცირება ქსოვილისა და ტყავის ნაწარმის ექსპორტზე. ორივე მხარე აღნიშნავს, რომ შეთანხმების მიღწევა მარტივი არ იქნება, თუმცა იმედოვნებენ, რომ მოლაპარაკებები მიმდინარე წლის ბოლომდე დაგვირგვინდება დოკუმენტით.

როგორც ზევით აღნიშნული სიახლეებიდან ჩანს, თანამშრომლობა ინვესტიციებსა და ვაჭრობაში გაძლიერდება - დიდ ბრიტანეთსა და ინდოეთს შორის, ინდოეთსა და ევროკავშირს შორის, ევროკავშირსა და ჩინეთს შორის. 

დაანონსებული ეკონომიკური ურთიერთობები თავისთავად მოითხოვს ისეთი გლობალური პროექტების დაწინაურებას, როგორიცაა - შუა დერეფანი, სამხრეთ-დასავლეთის დერეფანი, VIKINGTRAIN, CASCA და CAREC მარშრუტები, TRACECA და აღმოსავლეთ პარტნიორობა. კონტინენტური ვაჭრობის ახალ წესრიგში, საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის ასპირანტი ქვეყნისთვის გამოწვევაა, შეასრულოს ევროკომისიის რეკომენდაციები (9 დათქმა). რამეთუ, აზიის ადმინისტრაციული ეკონომიკის და ევროპის თავისუფალი ბაზრის მწყობრი კავშირისთვის, საქართველომ შეძლოს საუკეთესო შუამავლის, კარიბჭის ფუნქციის წარმატებით შესრულება. 

ზურაბ მაღრაძე

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი


წყარო: commersant.gebm.gebm.ge