
2026-10-03
კიდევ ერთი მითი უნდა დაიმსხვრეს სტალინსა და ბერიაზე:
„სტალინს და ბერიას ქართული მიწების დაბრუნება უნდოდათო“.
კი, ბერია ნამდვილად ამზადებდა თურქეთის რაიკომის მდივნებს, ამზადებდა თურქეთის მომავალ პრეზიდენტს. მიზანი იყო თურქეთის გასაბჭოება, გაწითლება.
კი ბატონო — ნამდვილად იყო ასეთი გეგმა.
ოღონდ ეს სულაც არ იყო საქართველოზე ზრუნვა.
სტალინ-ბერიას მიზანი იყო იმპერიის გეოპოლიტიკური გაძლიერება.
მოსკოვზე სრულად დამორჩილებული, გასაბჭოებული თურქეთი ნიშნავდა იმას, რომ საბჭოთა კავშირი სრულად გაბატონდებოდა შავ ზღვაზე.
შავი ზღვა ევრაზიული კონტინენტის სუპერსტრატეგიული გეოპოლიტიკური სივრცეა.
როდესაც ოსმალეთი დაეპატრონა შავ ზღვას, მაშინ დასრულდა აბრეშუმის გზის წესრიგი. სწორედ მაშინ დაიწყო ჩვენი ქვეყნის დაქუცმაცება და პრობლემები.
საქართველო იმ დროიდან აღმოჩნდა გეოპოლიტიკური წესრიგის მიღმა, გეოპოლიტიკურ „ორღობეში“, რამაც საბოლოო ჯამში იმპერიის მონობაში მიგვიყვანა.
შავ ზღვაზე გაბატონება ჰქონდა მიზნად სტალინსა და წითელ იმპერიას და არა საქართველოზე „ცრემლების ღვარღვარი“.
ანუ მოსკოვი სრულად გადაკეტავდა ევროპიდან აზიისკენ მიმავალ სავაჭრო გზებს და შედეგად ევროპას თავის პოლიტიკურ ნებას უკარნახებდა.
ეს ნიშნავდა, რომ ჩვენ და სხვა ერებს ამ სისხლისმსმელი იმპერიისგან გათავისუფლების შანსები საბოლოოდ გაგვიქრებოდა.
გარდა ამისა, ეს იქნებოდა დასავლეთის დემოკრატიების სრული კოლაფსი.
ამიტომ დასავლეთმა, დემოკრატი ტრუმენის თამადობით, ამ გეგმას დიდი წინააღმდეგობა გაუწია.
ამერიკული ატომური ბომბის აფეთქება ხიროსიმაში იყო საბჭოეთისა და სტალინის გეოპოლიტიკური მადის შეკავების მცდელობა.
შემდეგ კი თურქეთი გახდა NATO-ს წევრი და სტალინ-ბერიას გეგმა საბოლოოდ ჩავარდა.
შავი ზღვა პარიტეტულად განაწილდა საბჭოეთსა და დასავლეთს შორის და ამან ომისშემდგომი მშვიდობა მოიტანა.
„ორი სისტემის მშვიდობიანი თანაცხოვრება“ ერქვა.
დღეს სწორედ უკრაინული ყირიმისა და ზღვისპირეთის გამო ეომება მოსკოვი უკრაინას — შავ ზღვაზე გეოპოლიტიკური პოზიციების როგორმე შესანარჩუნებლად.
ოღონდ გლობალური და კონტინენტური გეოპოლიტიკური წესრიგები უკვე შეცვლილია.
ის, რაც საუკუნის წინ გეოპოლიტიკურად შეეძლო მოსკოვს, დღეს სრულად გამორიცხულია.
დემოკრატიული ევროპა აღარ დათმობს შავ ზღვას, ხოლო აღმოსავლეთ პარტნიორობა აღმოსავლეთ ევროპის სრულ გათავისუფლებასა და აბრეშუმის გზის აღდგენას ნიშნავს.
ერთიანი საქართველო სერიოზული და უმთავრესი გეოპოლიტიკური საფრთხეა მოსკოვის იმპერიისთვის. უფრო მეტიც, საქართველო არის მოსკოვის იმპერიის გეოპოლიტიკური "მესაფლავე". საქართველო ევროპისა და აზიის დაკავშირების მოსკოვის საპირწონე ალტერნატივაა. ახალი აბრეშუმის გზის წესრიგში ქართული სახელმწიფოს „სხეული“ სრულად აღდგება.
თეიმურაზ ზაქრაძე
ჰარმონიული გლობალიზაციისა და მართვის ინსტიტუტი