
2024 წლის ბოლოს, ყაზახეთმა საკუთარი სავაჭრო შესაძლებლობების გასაფართოებლად, მისი ერთ – ერთი სტრატეგიული საექსპორტო პროდუქციის – მარცვლეულის, მსოფლიო ბაზრებზე რეალიზებისათვის სატრანსპორტო ხარჯების, სახელმწიფო სუბსიდირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
სახელმწიფო სუბსიდირებამ მარცვლეულის გადაზიდვების ხუთი ძირითადი მიმართულება მოიცვა: 1) აზერბაიჯანის დანიშნულებით; 2) აზოვის, ბალტიის და შავი ზღვების ნავსადგურების გავლით ევროკავშირის და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნების მიმართულებით; 3) ირანის დანიშნულებით; 4) თურქმენეთზე ტრანზიტით ავღანეთის დანიშნულებით;
5) ჩინეთზე ტრანზიტით სამხრეთ – აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების მიმართულებით. გარდა ამ მიმართულებებისა ყაზახეთი მარცლეულის რეალიზებას ცენტრალური აზიის მეზობელ ქვეყნებში ახორციელებს.
მარცვლეულის რეალიზებისათვის, ყაზახეთი ინტენსიურად აფორმებს გრძელვადიან ხელშეკრულებებს, რაც გარანტირებული გადაზიდვების დაგეგმვის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს. მაგალითისთვის, ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სახელმწიფო უწყებამ, ჩინურ კომპანია COFCO-სთან 200 ათასი ტონა ხორბლის მიწოდების, ასევე ირანულ კომპანია Fawakeh-თან 200 ათასი ტონა ქერის მომარაგების შესახებ ხელშეკრულებები გააფორმა. გარდა ამისა, ევროპის ქვეყნებისთვის ბალტიის ზღვის ნავსადგურების გავლით 400 ათასი ტონა ხორბლის მიწოდებაზე წინასწარი ხელშეკრულება დაიდო. საერთაშორისო სავაჭრო კომპანიასთან “Ears International For Trade Co”, ხელი მოეწერა ეგვიპტისთვის 300 ათასი ტონა ხორბლის მიწოდების ხელშეკრულებას. გაყიდვების გეოგრაფიის გაფართოების სტრატეგიის ფარგლებში მიღწეულია წინასწარი შეთანხმებები მაროკოსა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებისთვის 300 ათას ტონა მარცვლეულის მიწოდებაზე. ირანი ვარაუდობს, ყაზახეთის ნავსადგურების გამოყენებით, ყაზახური ხორბლის შესყიდვის მოცულობა 2 მლნ ტონამდე, ხოლო ქერის - ერთ მილიონ ტონამდე გაზარდოს.
ის რომ 2024 – 2025 წლების მოსავლის პერიოდში, ყაზახეთის მარცლეულის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, სხვადასხვა მიმართულებებით გადაზიდვების სტატისტიკით დასტურდება. ყაზახეთის რკინიგზით 2024 – 2025 წლების მარცვლეულის ახალი მოსავლის ექსპორტმა, 2025 წლის აპრილის მდგომარეობით, 7 მლნ ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ექსპორტის მაჩვენებელს 35%-ით აღემატება.
შუა დერეფნით ყაზახური ხორბლის საქართველოზე ტრანზიტად ევროპის და ჩრდილოეთ აფრიკის (ეგვიპტე, ლიბია, მაროკო) მიმართულებით გადაზიდვების განსახორციელებლად, მნიშვნელოვანია ხორბლის გადაზიდვის მარშრუტზე, სატერმინალო ქსელის გამტარუნარიანობა შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი, რაც გულისხმობს ყაზახეთში – აქტაუს და კურიკის, აზერბაიჯანში – ბაქოს სიახლოვეს გოვსანის და საქართველოში ფოთის ნავსადგურში ხორბლის ტერმინალების გამტარუნარიანობების თავსებადობას.
აქტაუს ნავსადგურში მარცვლეულის ტერმინალ Ak Biday-Terminal-ის ძირითადი საქმიანობას სარკინიგზო ტრანსპორტიდან საზღვაო გემებზე მარცვლეულის გადატვირთვა წარმოადგენს. ტერმინალი აღჭურვილია დროებით შესანახი 11 სილოსით, სადაც 22.5 ათასი ტონა მარცვლეულის ერთდროული შენახვაა შესაძლებელი. მარცვლეულის გადამამუშავებელი ტერმინალის საწარმოო სიმძლავრე წელიწადში 600 ათასი ტონაა. ტერმინალს დღე – ღამეში 50-მდე სარკინიგზო ვაგონის მიღება შეუძლია, რაც 4 ათას ტონამდე მარცვლეულის გატარებას შეადგენს.
კურიკის ნავსადგურში აქტიურად მიმდინარეობს მარცვლეულის ტერმინალის მშენებლობა, პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, მარცვლეულის ტერმინალს წელიწადში 570 ათასი ტონის გატარების შესაძლებლობა ექნება. მეორე ფაზის დასრულების შემდეგ, ტერმინალის სიმძლავრე წელიწადში 1.5 მლნ ტონას მიაღწევს. ფაქტობრივად, კურიკის ნავსადგური კასპიის ზღვაზე ხორბლის ყველაზე მსხვილი გამანაწილებელი ტერმინალი იქნება. კურიკის ნავსადგურში Sarzha Grain Terminal-ის ორივე ფაზის ღირებულება, 50 მლნ დოლარს შეადგენს, საიდანაც AD Ports Group-ის კონტრიბუცია 30 მლნ დოლარს, ხოლო დარჩენილი 20 მლნ დოლარი ყაზახური მხარის შენატანია. არსებულ პირობებში ნავსადგურის გამტარუნარიანობა წელიწადში 240 ათასი ტონაა. პირველი ფაზის დასრულება 2026 წლის მეორე ნახევარში იგეგმება.
ბაქოს მარცვლეულის ტერმინალი ბაქოს საერთაშორისო საზღვაო პორტის გოვსანის ტერიტორიაზეა განთავსებული. Baku Grain Terminal ი აზერბაიჯანულ – ყაზახური ინვესტიციით შექმნილი ერთობლივი საწარმოა. ტერმინალს მარცვლეულის დროებით შესანახად 5 სილოსი, 15 ათასი ტონა ხორბლის ერთდროული შენახვის შესაძლებლობა გააჩნია. ტერმინალს ტექნოლოგიური ხაზით შეუძლია დღე – ღამეში 1.5 ათასი ტონა მარცვლეულის გატარება, როგორც საზღვაო გემებიდან სარკინიგზო ვაგონებში, ასევე საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტიდან საზღვაო გემებში. აღნიშნული ტექნიკური შესაძლებლობები, ხაზს უსვამს გოვსანის ტერმინალის უნივერსალურობას. Baku Grain Terminal-ს წელიწადში 600 ათასი ტონის გამტარუნარიანობის შესაძლებლობა და 50 ათასი ტონა ხორბლის დაფქვის საწარმოო სიმძლავრე გააჩნია.
ფოთის ხორბლის ტერმინალს გააჩნია 16 ათასი ტონა ხორბლის ერთდროული შენახვის ასევე 25 ვაგონის მიღების და დამუშავების შესაძლებლობა, ხორბლის ტერმინალს 2.2 ჰექტარი უკავია, მაგრამ შესაძლებელია დამატებით 1.5 ჰექტარზე გაფართოვდეს. მიუხედვათ იმისა, რომ ერთდროული შენახვის საცავები არსებობს, ფოთის ნავსადგურის ხორბლის ტერმინალის გამატრუნარიანობა, ვაგონების დამუშავება და ხორბლის გატარების დღიური ნორმა საგრძლობლად ჩამორჩება კურიკის, აქტაუს და გოვსანის ტერმინალების სიმძლავრეებს. ყველა პარამეტრის გათვალისწინებით, შუა დერეფნის მარშრუტზე ფოთის ნავსადგურის ხორბლის ტერმინალი „ვიწრო“ რგოლს წარმოადგენს.
ექსპერთა ვარაუდით, სადღეისოდ მსხვილი მასშტაბით ხორბლის გატარებისთვის საქართველო მზად არ არის. იმისთვის, რომ შავი ზღვის გავლით მოხდეს ხორბლის ტრანსპორტირება, მათი მოსაზრებით უნდა აშენდეს მარცვლეულის ტერმინალი ფოთში. ასეთ პირობებში საქართველოს შუა დერეფნის პროექტით მიეცემა შესაძლებლობა, ყაზახური ხორბლის დამატებითი მოცულობები მოიზიდოს.
გარდა ამისა, როდესაც მარცვლეულის ექსპორტის სუბსიდირებას ყაზახური მხარე აქტიურად განიხილავს, ყაზახური მარცვლეულის მიღება საქართველომ შიდა მოხმარებისთვის უნდა განახორციელოს, რაც რუსეთთან დამოკიდებულებას შეამცირებს და ხორბლის იმპორტის დივერსიფიცირების სტრატეგიულ ამოცანას გადაწყვეტს.
მიუხედავათ იმისა, რომ ყაზახეთმა გადაზიდვების პრეფერენციების ხარჯზე შეძლო მარცვლეულის გადაზიდვების სტიმულირება, ექსეპრთა შეფასებით, შემოდგომაზე ყაზახეთში ახალი (გაზრდილი) მოსავლის შენახვის სიმძლავრის ნაკლებობას გამოიწვევს, რაც ყაზახეთისთვის დამატებითი პრობლემა იქნება. ზუსტად ეს ფაქტორი წარმოადგენს, მნიშვნელოვან გარემოებას, რამაც ყაზახეთს უნდა უბიძგოს, აზერბაიჯანის, ირანის და უშუალოდ ყაზახეთის ტერიტორიაზე მარცვლეულის ტერმინალების ანალოგიურად, ფოთის ნავსადგურშიც მარცვლეულის ტერმინალის მშენებლობაში ინვესტიციების ჩადების ხედვის ჩამოყალიბება.
2024 წელს მარცვლეულის მოსავალმა 26.6 მილიონი ტონა შეადგინა. 2023 წლის გარდამავალი 4 მლნ ტონიანი ნაშთის გათვალიწინებით, მარცვლეულის მთლიანმა მოცულობამ 30.6 მლნ ტონა შეადგინა. მიმდინარე მდგომარეობით ყაზახეთს 7 მლნ ტონა აქვს ექსპორტირებული და ადგილობრივი მოხმარებისათვის 7 მლნ ტონა ესაჭიროება. თუ 14 მლნ ტონა გამოირიცხება, ახალი მოსავლის აღებამდე, მომდევნო 5 თვეში სექტემბრისთვის, აუცილებელი იქნება დარჩენილი 16,6 მლნ ტონის ექსპორტზე გატანა.
იმ ვითარებაში, როცა 2025 წლის მოსავალი იქნება კარგი, არსებობს გადასაზიდი მარცვლეულის დიდი ნაშთების მოლოდინი, რომელიც დაიკავებს სიმძლავრეს. არსებობს ახალი მოსავლის შესანახი საცავების დეფიციტის რისკი.
მოსავლის შენახვის (საცავის) დეფიციტის გათვალისწინებით, დამატებითი არგუმენტია ევროპაში და აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილში შუა დერეფნისათვის მარცვლეულის გადაზიდვების ახალი შესაძლებლობების შეძენა.
საქართველოზე გამავლი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთის დატვირთვის თვალსაზრისით, დადებით ტენდენციათ უნდა იქნეს განხილული, თურქეთის მიერ საკუთარი წისქვილ კომბინატებისათვის ხორბლის უბაჟო იმპორტის უფლების მიცემა. რუსული მარცვლეული, რომელიც ისტორიულად გადიოდა ამ ქვეყანაში, მნიშვნელოვანი მოცულობით ვერ შემოვა.
ყაზახეთის მარცვლეულის კავშირი მიიჩნევს, რომ ტრანსპორტირების ხარჯების სუბსიდირების გათვალისწინებით, ყაზახური ხორბლისთვის, ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზის გავლით და ყარსში ხორბლის ტერმინალის გამოყენებით, იხსნება დამატებითი შესაძლებლობების „ფანჯარა“.
ამჟამად, თურქეთის წისქვილ კომბინატები იწყებენ იმპორტირებული ნედლეულის შეძენას. აღსანიშნავია, რომ ისინი არ არიან დაინტერესებული შიდა ბაზარზე შესყიდვით, რადგან თურქეთში ადგილობრივი ხორბლის ღირებულება საბაზრო ფასზე მაღალია. იმავდროულად, თურქეთი ყოველთვის ყიდულობდა მარცვლეულს რუსეთიდან. 2024 წელს თურქეთი რუსული მარცვლეულის ნომერ პირველი იმპორტიორი იყო.