News

პოლონელი ინჟინერი საქართველოს რკინიგზის სათავეებთან

2026-10-12

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პოლონელი ინჟინრის, ბოლესლავ სტატკოვსკის, ღვაწლის სათანადო წარმოჩენას, TRACECA.ge მხარს უჭერს.

საქართველოს რკინიგზის ისტორიის სათავეებთან არაერთი ინჟინრისა და საზოგადო მოღვაწის საქმიანობა დგას. მათ შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს პოლონელი ინჟინერი ბოლესლავ სტატკოვსკი (1825–1898), რომლის სახელსაც უკავშირდება XIX საუკუნის შუა წლებში ფოთიდან თბილისისა და ბაქოს მიმართულებით რკინიგზის განვითარების საკითხის საინჟინრო-ეკონომიკური დასაბუთება და ამიერკავკასიის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და ორგანიზების მნიშვნელოვანი ეტაპები.

1857 წელს სტატკოვსკიმ ფოთიდან ბაქომდე სარკინიგზო მაგისტრალის მოწყობის აუცილებლობის შესახებ წინადადება წარადგინა. მის საქმიანობას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია რეგიონში სარკინიგზო მიმოსვლის განვითარების საწყის ეტაპზე.

საქართველოს რკინიგზის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ნიკო ნიკოლაძესაც, რომლის საქმიანობა უკავშირდება რკინიგზის მშენებლობის ხელშეწყობას, ტყიბულის სარკინიგზო ხაზის განვითარებასა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ეკონომიკური მნიშვნელობის წარმოჩენას.

სტატკოვსკისა და ნიკო ნიკოლაძის ღვაწლი ერთმანეთს ავსებს და საქართველოს რკინიგზის ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილებს წარმოადგენს. მათი საქმიანობის წარმოჩენა საშუალებას გვაძლევს, უფრო სრულყოფილად დავინახოთ ის ისტორიული პროცესი, რომელმაც საქართველოში სარკინიგზო დარგის განვითარებას შეუწყო ხელი.

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი ინიციატივით გამოდის, სათანადოდ იქნეს შესწავლილი სტატკოვსკის დამსახურება და განხილულ იქნეს მისი ღვაწლის ამსახველი მემორიალური დაფის განთავსება საქართველოს რკინიგზის ცენტრალურ შენობაზე ან თბილისის ცენტრალურ სადგურზე (transcor.ge).

TRACECA.ge მხარს უჭერს ამ წამოწყებას და მიიჩნევს, რომ ინიციატივის განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოს სატრანსპორტო მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, პოლონეთთან ისტორიული კავშირების წარმოჩენასა და რკინიგზის განვითარების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის სათანადო დაფასებას.

TRACECA.ge