News

უმოკლესი გზა ცენტრალური აზიიდან ევროპამდე - ფაშინიანი

2026-05-26

2026 წლის 25 მაისს, ქალაქ გიუმრიში წინასაარჩევნოდ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა:

„საინტერესო რაღაცები ხდება. ჩვენ აქამდე ეს არ შეგვიმჩნევია, მაგრამ საერთაშორისო ექსპერტებმა, რომლებიც 2025 წლის 8 აგვისტოდან ყურადღებით აკვირდებიან სომხეთში მიმდინარე პროცესებს, შენიშნეს, რომ დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ და აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ უმოკლესი მარშრუტი სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის, ლორესა და შირაკის პროვინციებზე გადის“, - განაცხადა ფაშინიანმა.

„უმოკლესი გზა“

„ჩვენ ვასრულებთ, უფრო სწორად დავასრულეთ, შირაკის რეგიონის [სარკინიგზო] მონაკვეთი, აშტარაკ-გიუმრის ჩრდილოეთ-სამხრეთის მონაკვეთი, მაგრამ ახლა საერთაშორისო ინვესტორები დიდ ყურადღებას იჩენენ და უკვე მოგვმართეს ახალი წინადადებით, აშენდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის ახალი გზატკეცილი, რომელიც ასევე გაივლის შირაკის პროვინციას, ტავუშის რეგიონს, ლორის რეგიონს და რკინიგზის პარალელურად, უახლოეს წლებში ასევე დავიწყებთ გზატკეცილის მშენებლობას, რომელიც იქნება უმოკლესი გზა, რომელიც ცენტრალურ აზიას დასავლეთთან დააკავშირებს“, - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

ფაშინიანმა ამ გეგმებს „ეპოქალური“ უწოდა და განაცხადა: „ეს ცვლილებები ათობით და ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციას გვპირდება სომხეთსა და შირაკის რეგიონში. ათიათასობით სამუშაო ადგილს შირაკის რეგიონში. და შირაკის რეგიონი აღარ იქნება სომხეთის ერთ-ერთი ღარიბი რეგიონი“.

მას კონკრეტული დეტალები - ვინ არიან ეს ინვესტორები, რა თანხა დასჭირდება მსგავსი პროექტის მშენებლობას ან სხვა საკითხები - არ დაუზუსტებია.

ორი დღით ადრე, 24 მაისს, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ „ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა, აზერბაიჯანის რკინიგზის მსგავსად, ახლა ღიაა სომხეთიდან ექსპორტისა და სომხეთში იმპორტისთვის“. თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოსა და თურქეთს.

radiotavisupleba.ge