
2026-11-23
ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ქვეყანა გამოირჩევა ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობით, მრავალფეროვანი ბუნებით, სამთო და საზღვაო კურორტებით, ღვინის ტრადიციებითა და სტუმარმასპინძლობის კულტურით.
მიუხედავად არსებული შესაძლებლობებისა, ტურისტული სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ერთიანი საბაზრო პლატფორმის შექმნა, რომელიც მომსახურების მიმწოდებლებსა და მყიდველებს ერთმანეთთან დააკავშირებს. სწორედ ამ მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს საქართველოში მუდმივმოქმედი ტურისტული ბირჟის დაფუძნება.
ტურისტული ბირჟა იქნება სპეციალიზებული სავაჭრო პლატფორმა, სადაც შესაძლებელი გახდება ტურისტული მომსახურების შეთავაზება, შეძენა, გაყიდვა და პარტნიორული ურთიერთობების დამყარება.
მისი მონაწილეები იქნებიან სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტუროპერატორები, გიდები, სატრანსპორტო კომპანიები, კურორტები და ტურისტული ინფრასტრუქტურის სხვა წარმომადგენლები.
ბირჟის ძირითადი ფუნქციები იქნება:
● სასტუმროებისა და განთავსების ობიექტების მომსახურების რეალიზაცია;
● ტურისტული პაკეტებისა და მარშრუტების შეთავაზება;
● ტურისტული მომსახურების მიმწოდებლებისა და მყიდველების დაკავშირება;
● ტურისტული პროდუქტების ფასებისა და პირობების გამჭვირვალობის ხელშეწყობა;
● საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან თანამშრომლობა;
● ინვესტორებისა და ტურისტული პროექტების დაკავშირება.
ბირჟა იმუშავებს როგორც ფიზიკური, ისე თანამედროვე ციფრული პლატფორმის საშუალებით, რაც მის მომსახურებას ხელმისაწვდომს გახდის როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მომხმარებლებისთვის.
საქართველოში ტურისტული ბირჟის დაფუძნება ტურიზმის სექტორს რამდენიმე მნიშვნელოვან უპირატესობას შესთავაზებს.
ბაზრის ორგანიზება და გამჭვირვალობა: ტურისტული მომსახურების ერთიან სივრცეში თავმოყრა გაამარტივებს შეთავაზებების მოძიებას, შედარებასა და რეალიზაციას.
კონკურენციის განვითარება: სხვადასხვა კომპანიის ერთიან პლატფორმაზე მონაწილეობა შექმნის ჯანსაღ კონკურენტულ გარემოს, რაც დადებითად აისახება მომსახურების ხარისხსა და ფასებზე.
მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა: მცირე სასტუმროებს, საოჯახო სასტუმროებს, ადგილობრივ გიდებსა და ტურისტულ კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა, საკუთარი მომსახურება გაცილებით ფართო ბაზარს შესთავაზონ.
ინვესტიციების მოზიდვა: ბირჟა შექმნის სივრცეს ტურისტული პროექტების წარმოსაჩენად, ინვესტორებთან დასაკავშირებლად და ახალი ბიზნესინიციატივების განვითარების ხელშესაწყობად.
საერთაშორისო თანამშრომლობა: უცხოურ ტუროპერატორებსა და ტურისტულ კომპანიებს გაუადვილდებათ საქართველოში პარტნიორების მოძიება და ადგილობრივ ბაზარზე საქმიანობის დაწყება.
სეზონურობის შემცირება: ტურისტული მომსახურების მრავალფეროვანი შეთავაზება ხელს შეუწყობს არასეზონური ტურიზმის განვითარებას და ტურისტული ნაკადების წლის სხვადასხვა პერიოდზე გადანაწილებას.
ტურისტული ბირჟის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა იქნება საქართველოს რეგიონების ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოჩენა.
ერთიან პლატფორმაზე შესაძლებელი გახდება კახეთის ღვინის ტურიზმის, სვანეთისა და ყაზბეგის სამთო ტურიზმის, აჭარის საზღვაო ტურიზმის, იმერეთის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის, ჯავახეთის ტბებისა და დაცული ტერიტორიების, ეკოტურიზმისა და ეთნოკულტურული მემკვიდრეობის და სხვა რეგიონული მიმართულებების შეთავაზება.
ეს ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების უფრო თანაბარ გადანაწილებას, ადგილობრივი ბიზნესის განვითარებასა და რეგიონებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
ტურისტული ბირჟა უნდა დაფუძნდეს, როგორც სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი კერძო ეკონომიკური ინსტიტუტი, რომელიც იმოქმედებს თავისუფალი ბაზრისა და კონკურენციის პრინციპებით.
ზოგადად, ბირჟების ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა პოლიტიკური და კერძო ფინანსური ჯგუფების გავლენისგან. შესაბამისი მარეგულირებელი სისტემა კი უნდა უზრუნველყოფდეს გამჭვირვალობას, მონაწილეთა თანასწორობასა და კანონიერ საქმიანობას.
საქართველოში ტურისტული ბირჟის დაფუძნება შეიძლება გახდეს ტურიზმის განვითარების ახალი და მნიშვნელოვანი მიმართულება. იგი არ იქნება მხოლოდ ტურისტული კომპანიების გაერთიანების ადგილი, არამედ ჩამოყალიბდება როგორც ორგანიზებული ეკონომიკური პლატფორმა, რომელიც დააკავშირებს მომსახურების მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ინვესტორებს.
მისი ფუნქციონირება ხელს შეუწყობს ტურისტული მომსახურების ბაზრის განვითარებას, ჯანსაღ კონკურენციას, რეგიონული ბიზნესის გაძლიერებას, უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და საქართველოს ტურისტული პოტენციალის უფრო ეფექტიან გამოყენებას.
ამ კონცეფციის მთავარი სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ ტურისტული ბირჟა განიხილება არა როგორც ერთჯერადი ტურისტული გამოფენა ან ტურისტული სააგენტოების გაერთიანება, არამედ როგორც მუდმივმოქმედი ეკონომიკური ინფრასტრუქტურა, რომელიც ტურისტულ მომსახურებას ორგანიზებულ, გამჭვირვალე და კონკურენტულ ბაზარზე გადაიყვანს.
ამასთან, საქართველოს ტურისტული ბირჟა მიზნად ისახავს ჩამოყალიბდეს სამხრეთ კავკასიის რეგიონული ტურიზმის განვითარების წამყვან ეკონომიკურ პლატფორმად და იქცეს რეგიონის ტურისტული ინდუსტრიის მთავარ მამოძრავებელ ძალად.
ზურაბ მაღრაძე, DBA