News

ტრასეკას სიახლეები - სექტემბერი 2025

ყაზახეთის ეროვნული სარკინიგზო კომპანია ამერიკული Wabtec-ისგან 4.2 მილიარდი დოლარის ღირებულების 300 ლოკომოტივს და შესაბამის ინფრასტრუქტურას იყიდის.

აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის განცხადებით, აღნიშნული გარიგება აშშ-ყაზახეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანია, რომელიც ცენტრალურ აზიაში ახალი ეპოქის დასაწყისი იქნება. 300 ლოკომოტივის მშენებლობისათვის, სავარაუდოდ, აშშ-ში დამატებით 11,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, ხოლო ყაზახეთი ამერიკული კომპანიის მხრიდან თანამედროვე, მძლავრ და ეფექტიან სარკინიგზო ტრანსპორტს მიიღებს, რომელიც ქვეყანაში ლოგისტიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.

* * *

ბაქოს სამხრეთით მდებარე ალათის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა მომავალი წლის ბოლომდე დასრულდება და 2027 წლის პირველ კვარტალში გაიხსნება. ამის შესახებ ავიაკომპანია Silk Way West Airlines-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ვოლფგანგ მაიერმა განაცხადა, რასაც Report ავრცელებს.

* * *

ეროვნული ავიაკომპანია „თურქეთის ავიახაზები“ ფრენების ქსელის გაფართოებას აგრძელებს. ცნობილია, რომ კომპანიის დირექტორთა საბჭომ გადაწყვიტა რეგულარული რეისების განხორციელება ტიმიშოარაში (რუმინეთი) და ერევანში, შესაძლებლობებისა და ბაზრის პირობების გათვალისწინებით. ახლად გახსნილი მარშრუტები სტრატეგიული მნიშვნელობის მქონედ ითვლება, განსაკუთრებით რეგიონული კავშირისა და ტურიზმის თვალსაზრისით. „თურქეთის ავიახაზების“ ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ბალკანეთთან და კავკასიასთან საჰაერო ტრანსპორტის ქსელის გაძლიერებას, – ნათქვამია განცხადებაში. ავიაკომპანია ფრენების თარიღებისა და სიხშირის დეტალებს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.

* * *

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლის ოქტომბრიდან თურქეთის ტერიტორიაზე საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების შემოწმების ახალი პროცედურები ამოქმედდა.

თუ დღემდე უცხოელი გადამზიდავების – მათ შორის ნებართვების, ECMT ლიცენზიების და სხვა თანმხლები დოკუმენტების – კონტროლი ძირითადად სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე ხორციელდებოდა, ახალი რეგულაციებით ინსპექტირება თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ გზებზეც იქნება შესაძლებელი და ნებისმიერი გამოვლენილი დარღვევისთვის ადმინისტრაციული ჯარიმებია გათვალისწინებული. რეგულაციების ახალი მექანიზმის დანერგვის მიზანია საზღვრებზე რიგების განმუხტვა, პროცედურების დაჩქარება და საერთაშორისო სატრანსპორტო რეგულაციების დაცვის უზრუნველყოფა.

ინფო: bm.ge;  bpn.ge;  ge.armadio.am