News

თურქმენეთის და საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიმოხილვა

თურქმენეთის მიერ 2019 წელს ჩქაროსნული ავტობანის მშენებლობის დაწყებიდან 2024 წლამდე, არასრულ ხუთ წელიწადში 312 კმ-იანი მონაკვეთი იქნა ექსპლუატაციაში გაშვებული.

ამ მაჩვენებლის მიხედვით ჩქაროსნულ სატრანზიტო საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობის ინტენსივობა თურქმენეთში წელიწადში საშუალოდ 62 კმ-ს შეადგენს.  

შედარებისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოსავლეთ - დასავლეთ ჩქაროსნული ავტობანის მშენებლობა 2007 წელს დაიწყო და 2024 წლისთვის მხოლოდ 300 კმ მონაკვეთია ექსპლუატაციაში გაშვებული, რაც წლიურად საშუალოდ 18 კმ-ს შეესაბამება.

ფაქტობრივად, თურქმენეთი საქართველოსთან შედარებით საკუთარ ჩქაროსნულ საგზაო ინფრასტრუქტურას 3.5-ჯერ უფრო სწრაფი ტემპით აშენებს.

ასეთი შედარების საფუძველზე შესაძლოა გაკეთდეს დასკვნა, თუ რაოდენ ნელი ტემპით ვითარდება საქართველოში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.

საგულისხმოა, რომ საქართველოში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაბალი ტემპი პირდაპირ აისახება მსოფლიო ბანკის მიერ ლოგისტიკის ეფექტიანობის ინდექსის (LPI) კრიტერიუმით დადგენილ საქართველოს პოზიციონირებაზე.

მაგალითისათვის ლოგისტიკის ეფექტიანობის ინდექსის (LPI) ინფრასტრუქტურის განმსაზღვრელი მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 108-ე საფეხურზე პოზიციონირებს, რაც ბუნებრივია სატრანზიტო ამბიციის მქონე ქვეყნისთვის დამაკმაყოფილებელ შედეგად ვერ მიიჩნევა.

საქართველო მსოფლიო ბანკის ინფრასტრუქტურის კომპონენტით, ჩამორჩება რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანას, შედარებისთვის – თურქეთი 43-ე საფეხურს იკავებს, ბელარუსი – 68-ე საფეხურს, სომხეთი – 76-ე საფეხურს, ყაზახეთი და ტაჯიკეთი – მე-80-ე საფეხურს, უზბეკეთი და ყირგიზეთი – 89-ე საფეხურს.

ფაქტობრივად, ინფრასტრუქტურის მდომარეობის მიხედვით, რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველოს მხოლოდ მოლდოვაზე უკეთესი (132-ე საფეხური) პოზიცია გააჩნია.

აღნიშნული შედარებაც საკმარისია ნათლად დავინახოთ ის ტენდენცია, თუ რაოდენ სწრაფი ტემპებით ახორციელებენ მეზობელი ქვეყნები საკუთარი ინფრასტრუქტურის განვითარებას.

თურქმენეთმა 2025 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, ევრაზიის განვითარების ბანკის (EDB) ფინანსური მხარდაჭერით, საკუთარი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, მათ შორის ჩქაროსნული სატრანზიტო საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობისათვის 5.3 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. 

ბუნებრივია ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თუ რომელიმე ქვეყანას ნავთობის თუ გაზის რესურსები გააჩნია, მაშინ იგი უზრუნველყოფილია ფინანსური ნაკადებით და სწორედ ეს არგუმენტია დომინანტი გადაწყვეტილების მიღებაში.

ამ მოსაზრების საწინააღმდეგოდ, თურქმენეთის მაგალითი მკაფიო დასტურია იმის, თუ რაოდენ ეფექტიანად და მოკლე ვადაში ითვისებს აღნიშნული სახელმწიფო საბანკო-საფინანსო ინსტიტუტებიდან მიღებულ ინვესტიციებს.

ინფო: transcor.ge