
უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, 2026 წლიდან უზბეკეთი და მოლდოვა გააუქმებენ ტრანზიტისა და ორმხრივი საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გაცვლის წესს - ორი ქვეყანა გადავა უნებართვო სისტემაზე.
უზბეკეთსა და მოლდოვას შორის ამოქმედდება სატვირთო გადაზიდვების უნებართო სისტემა, ფაქტობრივად ამ ქვეყნებს აღარ დასჭირდებათ რუტინული ოპერაციების ჩატარება, საგარეო საქმეთა სამინისტროების ჩართულობით საავტომობილო ნებართვების ბლანკების გაცვლა და შემდგომ გადამზიდველებისათვის დარიგება. უფრო მეტიც, თავიდან იქნება აცილებული ზედმეტი ბიუროკრატიული და კორუფციული ქმედებები, რაც დაკავშირებულია დოკუმენტების ხელით შევსებასთან და შემდგომ მათ განაწილებასთან.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული ტრანსკასპიური მარშრუტის ალტერნატიული განშტოება უზბეკეთზე გადის, რომელიც აზიისა და ევროპის ქვეყნებს შორის რუსეთის გვერდის ავლით ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. ამრიგად, უზბეკეთისთვის ის ევროპაში გასასვლელს ხსნის, ხოლო მოლდოვისთვის - აზიაში.
ნებართვების გაუქმების, ანუ ელექტრონული ნებართვების გაცვლის სისტემის დანერგვის პროცესი, ევრაზიის სივრცეში სადღეისოდ ბილეტარულ (ორმხრივ) დონეზე მრავალ სახელმწიფოს შორის ინტენსიურად მიმდინარეობს.
სახელმწიფოები უნებართვო სისტემის ამოქმედებით, რეალურად ფიქრობენ საავტომობილო გადამზიდავებისთვის დაზოგონ ნებართვის ღირებულების ხარჯები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დრო, რომელიც დაკავშირებულია ამა თუ იმ ქვეყნის ნებართვის მისაღებად გადამზიდველის მიერ განცხადების შევსებიდან მის მიღებამდე.
საქართველომ მეზობელ ქვეყნებთან უნებართვო სისტემაზე გადასვლა 2009 წლიდან დაიწყო და უკავშირდებოდა საავტომობილო სფეროში ბენდუქიძის (ეკონომიკის მინისტრის) ლიბერალურ პოლიტიკას. იმ პერიოდში შესაძლებელი გახდა ყაზახეთთან და სომხეთთან უნებართვო სისტემის დანერგვა. მოგვიანებით გამიზნული იყო ამ პროცესის რეგიონის ყველა ქვეყანაზე გავრცელება, მაგრამ ქვეყნის პოლიტიკური კურსის ცვლილებამ, ლიბერალური მიდგომები დიამეტრალურად შეცვალა და მოგვიანებით, საქართველომ გააუქმა ყაზახურ მხარესთან უნებართვო სისტემა და სადღეისოდ მხოლოდ სომხეთთან ფუნქციონირებს.
გადამზიდავების ინფორმაციით, სომხეთში გადაზიდვების განხორციელებისას უნებართვო სისტემის გამოყენება, ქართველ გადამზიდავს წლიურად უზოგავს 3000-დან 4000-მდე ლარს.
ბუნებრივია ისმის კითხვა, საავტომობილო გადაზიდვების ბაზრის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით რა სტრატეგია ექნება საქართველოს?
წყარო: transcor.ge