News

უზბეკეთი CASCA+ მარშრუტზე სატრანზიტო გადაზიდვებს აფართოებს

October 16, 2025

საქართველოზე გამავალი დერეფნით ცენტრალურ აზიაში ჩასახული ახალი ტვირთნაკადების მოზიდვა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ კონტრიბუციას წარმოადგენს. პარალელურად, ქვეყნის სატრანზიტო პოლიტიკა და თანმდევი ინფრასტრუქტურა რეგიონში წარმოქმნილი ახალი ნომენკლატურის ტვირთნაკადების გასატარებლად უნდა იყოს მისადაგებული. ამ ტიპის გადაზიდვების განხორციელება ხელს უწყობს უზბეკეთსა და ევროპის ქვეყნებს შორის მდგრადი ლოგისტიკური კავშირებისა და ექსპორტის პოტენციალის განვითარებას.

ახლახან უზბეკეთის ადგილობრივმა სარკინიგზო საკონტეინერო ოპერატორმა კომპანია JSC Uztemiryulkonteyner-მა CASCA + სატრანზიტო მარშრუტზე, აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით, მულტიმოდალური გადაზიდვების გაფართოება დაანონსა.

CASCA+ სატრანზიტო მულტიმოდალური მარშრუტი - აზერბაიჯანის, საქართველოს, ყირგიზეთის, თურქმენეთის, თურქეთისა და უზბეკეთის რკინიგზების ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენს.

ამჟამად ეს მარშრუტი სამ რეგიონს აერთიანებს: ცენტრალურ აზიას (ყირგიზეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი), სამხრეთ კავკასიას (აზერბაიჯანი და საქართველო) და ანატოლიას (თურქეთი).

თუმცა მის სახელწოდებაში არსებული + ნიშანი მიუთითებს პროექტში ახალი პოტენციური მონაწილეების მიღების მზაობაზე, რომლის მიზანიც საბოლოოდ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და ევროპის ქვეყნების დაკავშირებაა.

უზბეკეთის რკინიგზის საკონტეინერო კომპანიამ, ტაშკენთან ახლოს განლაგებული სერგელის ლოგისტიკური ცენტრიდან - იტალიის, საბერძნეთისა და ბულგარეთის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით ქიმიური სასუქის - კარბამიტის სატესტო გადაზიდვას გაუწია ორგანიზება.

39 ერთეული ორმოცფუტიანი (FEU) კონტეინერისგან შემდგარმა შემადგენლობამ CASCA + სატრანზიტო მარშრუტით, ფოთის ნავსადგურის გავლით - ბურგასის (ბულგარეთი), პირეოსის (საბერძნეთი), ნეაპოლისა და ლა სპეციას (იტალია) ნავსადგურების მიმართულებით განახორციელა გადაზიდვა. ტრანზიტის საშუალო ხანგრძლიობამ 25–30 დღე შეადგინა.

უნდა აიღინიშნოს, რომ საქართველოზე გავლით არსებული მარშრუტი ლოგისტიკური თვალსაზრისით ბოლომდე აპრობირებული არ არის, გამომდინარე აქედან ორმაგად მისასალმებელია მისი გადაზიდვების ინტენსიობა.

CASCA+ მარშრუტის ქვეყნები განიხილავენ  საკონტეინერო შემადგენლობების გადაზიდვისას სპეციალური ტარიფების დაწესებას ისეთი ტვირთებისთვის, როგორიცაა ქვანახშირი, სასუქები, გოგირდი, შაქრის ნედლეული და ფქვილი. 

ინფო: transcor.ge