News

რა გავლენა იქონია ომმა რუსეთის რკინიგზაზე

რუსეთის რკინიგზის არსებული ფინანსური მდგომარეობა, ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა უარყოფითი შედეგი მოუტანა ომმა, რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს და უმდიდრეს კომპანიას - რუსეთის რკინიგზას. 

მხოლოდ ერთ წელიწადში, რუსეთის რკინიგზის წმინდა მოგება თითქმის 9-ჯერ შემცირდა. კერძოდ, რუსეთის რკინიგზის წმინდა მოგება 2023 წელს 118.3 მილიარდი რუბლიდან, 2024 წელს - 13.9 მილიარდ რუბლამდე შემცირდა.

რუსეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს მიერ, 891 მილიარდი რუბლის ოდენობით 2025 წელს დამტკიცებული საინვესტიციო პროგრამა, 40%-ით ჩამორჩება 2024 წლის საინვესტიციო პროგრამას.

რუსეთის რკინიგზა სისტემურ კრიზისში იმყოფება - 300,000 ერთეული ვაგონი, სარკინიგზო ქსელზე უმოქმედოდაა მოფენილი. რკინიგზა პერსონალის მწვავე დეფიციტს განიცდის, რითაც სისტემატიურად ირღვევა მატარებლების მოძრაობის გრაფიკი. ამას ემატება, ზედიზედ ბოლო 20 თვის განმავლობაში გადაზიდვების მოცულობის მკვეთრი ვარდნა. 

სანქციებმა ძირითადი საქონლის ექსპორტი შეამცირა. დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა ძლიერი დარტყმა მიაყენა არაერთ სასაქონლო ჯგუფს. ასე მაგალითად, ხე-ტყის ექსპორტი 18%-ით შემცირდა, შავი ლითონების - 8%-ით, მადნისა და ქვანახშირის - 5%-ით. 

პერსონალის დეფიციტმა გადაზიდვების პროცესის პარალიზება გამოიწვია. უპრეცედენტოა პერსონალის კრიზისი. საომარ მოქმედებებში რკინიგზის მუშაკების რეკრუტირების გამო, ყოველდღიურად 2500 მემანქანისა და სალოკომოტივო ბრიგადის 3000 წევრის დეფიციტი შეიმჩნევა, რაც იწვევს დღეში 200 სამატარებლო მარშრუტის გაუქმებას. 

ექსპორტის შემდგომი შემცირებით, სამხედრო ოპერაციის გაგრძელებით და სანქციების შენარჩუნებით, რკინიგზის ტვირთბრუნვის წლიურმა შემცირებამ შესაძლოა 5%-ს გადააჭარბოს. თუ ტვირთბრუნვის მოცულობები წელიწადში 5-7%-ით შემცირდება, ეს რუსეთის რკინიგზას ძალიან რთულ ფინანსურ მდგომარეობაში ჩააყენებს.

2025 წლის იანვრიდან აპრილამდე ელექტრო ლოკომოტივების წარმოება 13%-ით შემცირდა, დიზელის ლოკომოტივების – 6%-ით. ფინანსების უკმარისობის გამო ვაგონების დროული რენოვაცია არ ხდება და ქარხნებში ათასობით ვაგონი უმოქმედოდ რჩება.

საკადრო პერსონალის სასწრაფო დაკომპლექტების, ლოკომოტივების წარმოების გაზრდისა და ინფრასტრუქტურაში მიზანმიმართული ინვესტიციების გარეშე, რუსეთის სარკინიგზო სფერო ახლო მომავალში კოლაფსის წინაშე აღმოჩნდება.

transcor.ge