
2026-04-23
1917 წლის 5 დეკემბერს, აკაკი შანიძემ დაწერა რვა სტროფიანი ლექსი, რომლის სათაურია "ქართული ეროვნული ჰიმნი" და რომელიც მთავრდება შემდეგი სიტყვებით:
"აბა, ფხიზლად, ქართველებო! მივყვეთ მამა-პაპის კვალსა! წარსულს გრძნობით ვიგონებდეთ, ჩავუფიქრდეთ მომავალსა! ცალი თვალი პონტოსაკენ, ნუ ვაშორებთ გურგანს ცალსა! ყური ვუგდოთ გურჯი-ბოღაზს, ნუ, ნუ ვაღებთ დარიალსა!"
რა გზავნილი დატოვა ბატონმა აკაკიმ "ქართული ეროვნული ჰიმნი"-ს ამ ჩანაწერით?
"ცალი თვალი პონტოსაკენ, ნუ ვაშორებთ გურგანს ცალსა!"
ესეიგი, ქართველთა ყურადღების კონცენტრირება პირველ რიგში საჭიროა შავი ზღვისკენ, ანუ ევროპისკენ. ამასთან, მეორე თვალი (ასევე თანაბრად) უნდა მივაპყროთ კასპიის ზღვისკენ, ანუ შუა აზიასა და ირანისკენ.
"ყური ვუგდოთ გურჯი-ბოღაზს, ნუ, ნუ ვაღებთ დარიალსა!"
გურჯი-ბოღაზი (Gürci boğaz) თურქული ენიდან ითარგმნება, როგორც „საქართველოს ყელი“. ეს არის თურქული სახელწოდება ხეობისა და უღელტეხილისა, რომელიც კვეთს მდინარე ყარა-სუს (მდ. ევფრატის სათავე) და მდინარე ჭოროხის შენაკად თორთუმ-ჩაის წყალგამყოფ ქედს. გურჯი-ბოღაზზე გადიოდა ერზრუმიდან საქართველოში მომავალი მაგისტრალური გზა.
მაშასადამე ქართველებმა ყური უნდა დავუგდოთ ასევე მცირე აზიას, სატრანზიტო გზას სამხრეთისკენ. თანამედროვეობაში ეს არის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც მერსინის პორტის გავლით დაუკავშირდება ალექსანდრიას. ხოლო, ჩრდილოეთის მიმართულებით, ავტორის გზავნილი ცალსახაა - დარიალის კარი დასაკეტია!
მწერალი და მეცნიერი, მაშინ არის დიდი მწერალი და დიდი მეცნიერიც, თუ იგი საუკეთესოდ ერკვევა გეოპოლიტიკის საკითხებში. სხვაგვარად იგი დიდი და დიდებული ვერ იქნება.
აკაკი შანიძე იყო ქართველი ენათმეცნიერი, დიალექტოლოგი, ფილოლოგი, ლექსიკოლოგი, რუსთველოლოგი, ფოლკლორისტი, არმენოლოგი, ალბანოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი (1941), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი (1918), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1943), სომხეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967), პრაღის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წევრ-კორესპონდენტი (1937), იენის შილერის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (1966), ინგლისის „ფილოლოგთა საზოგადოების“ საპატიო წევრი (1979), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1948–1950).
აკაკი შანიძის მსგავსად აბრეშუმის გზის და მისი კარიბჭე ქვეყნის შესახებ არაერთ დიდ ქართველ მწერალს აქვს დატოვებული მომავლის გზავნილი:
“ქართულ ნიადაგზე უნდა მოხდეს ოქციდენტისა (დასავლეთი) და ორიენტის (აღმოსავლეთი) გაერთიანება, მათი ჰარმონიული შერწყმა”, - კონსტანტინე გამსახურდია.
"ძვირფასია დასავლეთი ევროპა, მაგრამ ევროპისათვის აღმოსავლეთს ვერ დავსთმობთ, უმჯობესი იქნება მათი ქორწილი ქართული ნადიმით გადავიხადოთ,“ - გრიგოლ რობაქიძე.
ავტორი: ზურაბ მაღრაძე