
პორტო-ფრანკო, სიტყვა-სიტყვით თავისუფალი ნავსადგური. ასე უწოდებდნენ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფ ბათუმს 1878-1886 წლებში. ბათუმის თავისუფალ ნავსადგურად გამოცხადების იდეა ინგლისს ეკუთვნოდა. ინგლისელმა დიპლომატებმა ბერლინის კონგრესზე მოითხოვეს ბათუმის პორტო-ფრანკოდ გამოცხადება და თავისი გაიტანეს კიდეც. ბერლინში დადებული ხელშეკრულების მერვე პუნქტის მიხედვით, რუსეთს ბათუმი პორტო-ფრანკოს სტატუსით გადაეცა. რუსეთის იმპერიაში ბათუმი მესამე პორტო-ფრანკო იყო, ოდესისა და ვლადივოსტოკის შემდეგ.
პორტო-ფრანკოს წესდების საფუძველზე, ბათუმში დაშვებული იყო უცხოური საქონლის თავისუფალი შემოტანა. ეს შეღავათები არ ვრცელდებოდა რუსული წარმოების საექსპორტო საქონელზე.
ბათუმის ოკუპაციის გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ იყო მიღებული 1918 წლის 13 ნოემბერს. ბათუმი ბრიტანული ფლოტის ბაზირების სტრატეგიულ ადგილს წარმოადგენდა სხვა ფრონტებზე საომარი მოქმედებების უზრუნველსაყოფად... ბრიტანული მმართველობის პერიოდში (1918 წლის დეკემბერი - 1920 წლის ივლისი) ბათუმში ისეთი სიტუაცია იყო, როგორიც დიდი ბრიტანეთის სხვა კოლონიებში. იმ პერიოდის ბრიტანეთისგან საქართველოსთვის სასიკეთო არაფერი მომხდარა. ქართველების შევიწროება და ჩაგვრა ბრიტანელებისა და რუსების ერთობლივი ხელწერა იყო. მაშინ არც ევროკავშირი არსებობდა და არც ადამიანის უფლებების ქარტია, არც საერთაშორისო სამართალი.
თუმცა ჩვენთვის საყურადღებოა შემდეგი ფაქტები: ბათუმში ბრიტანელების მმართველობის დროს გაჩნდა შრომისა და სავალუტო ბირჟები, სადაც ბრიტანული გირვანქა სტერლინგი იყო დომინანტი. გამოუშვეს ბრიტანული მარკები. ბათუმში შემოდიოდა ევროპული საქონლით დატვირთული გემები.
ინგლისელების მმართველობის დროს დაიწყო ამ მხარის ინგლისურ ყაიდაზე მოწყობა, ასევე, ქუჩებისა და მოედნების კეთილმოწყობა. ბათუმში რამდენიმე სახლი გადახურეს ინგლისიდან სპეციალურად ჩამოტანილი სახურავებით. ქალაქში სამ ადგილას გაჩნდა შრომის ბირჟა, მათთან სიახლოვეს კი სავალუტო ბირჟები. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ყველაფერი ბათუმელებისათვის იმდენად უცხო აღმოჩნდა, რომ ადგილობრივების დარეგისტრირება ასეთ შრომით ბირჟებზე ძალიან ნაკლები იყო, ამ ბირჟებით ძირითადად ბათუმში მცხოვრები სხვა ეროვნების წარმომადგენლები სარგებლობდნენ. რაც შეეხება სავალუტო ბირჟებს, აქაც იგივე მდგომარეობა იყო, მისით სარგებლობდა არაქართული მოსახლეობა და ბათუმში მყოფი უცხოელები. ეს არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს ქართველები საერთოდ არ დადიოდნენ ასეთ სავალუტო ბირჟებზე. რა თქმა უნდა, დადიოდნენ და ნელ-ნელ დაიწყეს გირვანქა სტერლინგით სარგებლობაც, მაგრამ ეს შეეხებოდა მოსახლეობის შეძლებულ ფენას და არა დიდ ნაწილს. შემოდიოდა ინგლისური და სხვა ქვეყნების საქონლით დატვირთული გემები. ბათუმის მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები გადავსებული იყო ინგლისური საქონლით. ამასთანავე, აყვავდა კოტრაბანდა, ბათუმი გადაიქცა კონტრაბანდისტების ქალაქად. მართალია, პოლიცია მას ებრძოდა, მაგრამ ეს ბრძოლა უმნიშვნელო იყო. ასევე, ქალაქში რამდენიმე ადგილას გაჩნდა საროსკიპო სახლები, რომლითაც ძირითადად ინგლისელები სარგებლობდნენ.
რაც შეეხება ბრიტანულ მარკებს, ის რამდენჯერმე გამოუშვეს ინგლისელებმა. ამ მარკების ერთი ნაწილი დღეს ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის სახელმწიფო მუზეუმში ინახება.
ასე რომ ლონდონში ძალიან კარგად იცნობენ საქართველოს და თანამედროვე, დემოკრატიული დიდი ბრიტანეთი ძალიან კარგად ხედავს საქართველოს როლს და ადგილს ახალ კონტინენტურ წესრიგში.
1921 წელს მოსკოვის მხრიდან მოხდა საქართველოს ანექსია. 2021 წელს შედგა ბრექსიტი და შეიქმნა ბრიტანული ალიანსი, რომლის რუკაზეც მოხაზულია საქართველო. მაშასადამე, უახლოეს მომავალში საქართველოში შეიქმნება საბაზრო ეკონომიკის წესრიგი, დამოუკიდებელი ბირჟებით. ხოლო საქართველოსთან დაკავშირებული გლობალური სატრანზიტო პროგრამები - შუა დერეფანი, ლაპის ლაზულის დერეფანი, CASCA მარშრუტი, სუამ-ის თავისუფალი სავაჭრო ზონა, სამხრეთ-დასავლეთის დერეფანი, ვიკინგი მარშრუტი და ამ მარშრუტებზე წარმოებული კონტინენტური საქონელგაცვლა შედგება საქართველოს საფონდო, სასაქონლო და სავალუტო ბირჟების მეშვეობით.
წყარო: kvirispalitra.ge; netgazeti.ge