
“თბილისი — ეს არის ადგილი, სადაც აზია და ევროპა ხელჩაკიდებული დადიან.” – ალექსანდრე დიუმა, ფრანგი მწერალი და ჟურნალისტი.
ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში, საქართველოში, კერძოდ ჯავახეთის ტერიტორიაზე გადიოდა შორეული აღმოსავლეთიდან, მცირე აზიასა და ხმელთაშუაზღვისპირეთში მიმავალი, სატრანზიტო გზები. ადრეულ ქრისტიანულ ეპოქაში, ჯავახეთის ჩართულობას საერთაშორისო ვაჭრობაში, ადასტურებს IV საუკუნის II ნახევრის რომაელი გეოგრაფის, კასტორიუსის მიერ შედგენილი "მსოფლიო საგზაო რუკა", რომელზეც დატანილი ერთ-ერთი მარშრუტის მიხედვით, სამხრეთიდან ჩრდილოეთით, ამიერკავკასიაში მომავალი გზა, სომხეთის მაშინდელი დედაქალაქ არტაშატიდან გიუმრის გავლით ფოკაში შემოდიოდა, აბულზე გადაივლიდა, ხოსპიოდან წუნდაში ჩადიოდა, შემდეგ ოძრხედან "რკინის ჯუარის" უღელტეხილით ლიხთიმერეთში - ვარდისციხე-ქუთაისში გაივლიდა, აქედან ფოთში, საიდანაც ორ განშტოებად სამხრეთით ტრაპეზუნტში, ხოლო ჩრდილოეთით სევასტოპოლისში (სოხუმი) მიდიოდა (ჯავახეთი, კ. მეტრეველი, 2022)
"აქლემებისა და ცხენების განუწყვეტელი შემოსვლა ქალაქში და მათი აქედან გასვლა... შორეული ქვეყნებიდან შემოსული საქონლის ტრანსპორტი − ყოველივე ეს განსაკუთრებულ იერს აძლევს და სიცოცხლით ავსებს ამ თავისებურ სასტუმროებს (ქარვასლებს), სადაც ესოდენ განსხვავებული ენებისა და ქვეყნების ვაჭრები, თითქოს ერთ რაღაც თემში გაერთიანებულნი ცხოვრობენ... თბილისი ევროპასა და აზიას შორის საკვანძო ადგილად შეიძლება ჩაითვალოს“. - ჟაკ ფრანსუა გამბა, ფრანგი მოგზაური და ვაჭარი, 1824 წელი.
მხატვარმა ლეონ ბეკეტმა, ფრანგი მწერლის, კლასიკური სათავგადასავლო ლიტერატორის ჟიულ ვერნის მიერ 1893 წელს დაწერილ სათავგადასავლო რომანს "კლოდიუს ბომბარნაკი", დაურთო სარკინიგზო ხაზის ორი რუკა - ტიფლისიდან კაშგარამდე და კაშგარიდან პეკინამდე. წიგნში აღწერილია მგზავრობა "დიდი ტრანსაზიური რკინიგზით“, რომელიც გადაჭიმულია უზუნ ადადან (კუნძული იზმირის ყურეში, თურქეთი) პეკინამდე.
1615 წელს სამეგრელოში ნამყოფი ფრანგი კათოლიკე მისიონერის ლუი გრანჟიეს წერილის მიხედვით, ანაკლია (ნავსადგური) დატანილია მე-17 საუკუნის მეორე ნახევრის თურქულ რუკაზე და ამავე საუკუნის მიწურულს გეოგრაფოს სანსონის მიერ შედგენილ, ფრანგულ რუკაზე.
იტალიელი კათოლიკე მისიონერი ჯუზეპე ძამპი 1674 წელს წერდა: “ახლა კაცს არ შეუძლია უშიშრად იყოს, მუდამ აფხაზების დაცემის შიშია. თვით ხომალდები, რომლებიც მოდიოდნენ კავროსსა და მორბილაში, ახლა შიშის გამო ანარგიაში მიდიან.“
"ყოველ წელს ანაკლიაში მოდის თორმეტიოდე იალქნიანი ხომალდი კონსტანტინეპოლიდან და კაფადან და სამოცზე მეტი ფელუკა გონიოდან, ირისიდან, ტრაპიზონიდან. ისინი სამეგრელოში ტყვეების გარდა იტვირთება აბრეშუმით, სელის ძაფით, ტილოთი და სელის თესლით, ხარის ტყავებით, კვერნის და თახვის ბეწვით, ბზით, ცვილით და თაფლით.“ - ჟან შარდენი (1643-1713), ფრანგი იუველირი, ძვირფასი ქვებით მოვაჭრე და მოგზაური.
ფრანგი პუბლიცისტი და მოგზაური, პარიზის გეოგრაფიული საზოგადოების წევრი ჟან მურიე 1883 წელს გამოცემულ წიგნში “სამეგრელო“ წერს, რომ ანაკლიაში მხოლოდ “20 მოსახლე ცხოვრობს, მაგრამ სატვირთო ხომალდების მეტად მნიშვნელოვან ნავსადგურს წარმოადგენს. აქეთ მოედინება მთელი ზუგდიდის მაზრიდან ზღვით საზღვარგარეთ თუ ოდესაში გასაგზავნი სიმინდი.“
გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, თბილისის მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქალაქის სტატუსი ინდოევროპული სატელეგრაფო ხაზის მშენებლობას უკავშირდება. ტელეგრაფის ხაზი, რომლის სიგრძეც 11 000 კილომეტრია, გადიოდა მარშრუტით: ლონდონი-ბერლინი-ვარშავა-ოდესა-ქერჩი-თბილისი-თეირანი-ყარაჩი-კალკუტა. ინდოევროპული სატელეგრაფო ხაზის გაყვანა კომპანია "სიმენსი და ჰალსკეს“ ინგლისის მთავრობამ დაუკვეთა იმ მიზნით, რომ უდიდეს კოლონია ინდოეთთან კომუნიკაცია სწრაფად დაემყარებინა. საქართველოს ტერიტორიაზე სატელეგრაფო ხაზმა სოხუმზე, ზუგდიდზე, ქუთაისზე, გორსა და თბილისზე გაიარა. პირველი სახმელეთო ტრანსკონტინენტური ტელეგრაფი 1870 წლის იანვარში გაიხსნა და 60 წლის განმავლობაში, თბილისი საერთაშორისო კავშირის უმნიშვნელოვანეს ცენტრს წარმოადგენდა. პროექტს გერმანელი ძმები სიმენსები - ვერნერ, ოტო და ვალტერი ედგნენ სათავეში.
შვედი ინჟინრის და მეწარმის ლუდვიგ ნობელის წერილი ძმებთან: "ბაქოდან ნავთობის ტრანსპორტირების ყველა შესაძლო მარშრუტს შორის, რეკომენდაციას გაძლევთ, აირჩიოთ მარშრუტი, რომელიც საქართველოზე გადის, ვინაიდან ამ ორ ქვეყანას შორის, ტერიტორიული სიახლოვის გარდა, გაითვალისწინეთ მეგობრობისა და ერთმანეთისადმი ერთგულების სრულიად განუმეორებელი გრძნობა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არსებობს აზერბაიჯანელებსა და ქართველებს შორის. ჩვენთვის, უცხოელებისთვის, ამ ფაქტორს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ყველა დანარჩენი მარშრუტი დაკავშირებულია გაცილებით უფრო დიდ რისკებთან, ვინაიდან არსად არ არის ისეთი ხელსაყრელი პირობები, როგორც ბაქოსა და თბილისში. ამიტომ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ სწორედ ეს მარშრუტი უნდა ავირჩიოთ". ლუდვიგი, რობერტი და ალფრედი "ძმები ნობელების ნავთობის წარმოების ამხანაგობის" დამფუძნებლები იყვნენ. მათ ერთად მიიღეს გადაწყვეტილება კასპიის ნახშირწყალბადების ევროპაში ექსპორტირების შესახებ. განიხილეს სატრანზიტო გზების რამდენიმე ვარიანტი, შეთანხმდნენ ლუდვიგის არჩეულ მარშრუტზე: ბაქო - თბილისი - ბათუმი. 1875 წელი
"ოთხი გზა თავს იყრიდა ქართლის სამეფოს დედაქალაქ მცხეთაში". - ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი (ძვ. წ. 64-63, ახ. წ. 23-24).
TRACECA.GE