commercial-diplomacy

ევროპა იწყებს დიდ ცვლილებებს გლობალურ ვაჭრობაში

2026-01-24

2026-01-24

იანვრის ბოლოს კირ სტარმერი პეკინში ჩადის, რათა განაახლოს საქმიანი დიალოგი სახელად "ოქროს ხანა". სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეობას მიიღებენ ჩინეთის და დიდი ბრიტანეთის წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელები.

ინდოეთი და ევროკავშირი სავაჭრო შეთანხმების დადებისთვის ემზადებიან. 27 იანვარს ნიუ დელი ინდოეთ-ევროკავშირის ერთობლივ სამიტს უმასპინძლებს. ორი მსხვილი ეკონომიკა სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას მომსახურების, ასევე საცალო ვაჭრობის კუთხით გეგმავს. კერძოდ, აქცენტი ყოველდღიური მოხმარების პროდუქციაზე და IT სექტორზე გამახვილდება.

ახალი ეკონომიკური კავშირის დამყარება და მეტი დივერსიფიცირება ინდოეთისთვის ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანამ ამერიკული ტარიფების გამო სერიოზული დარტყმა მიიღო და ეს ყველაზე მეტად ძვირფასეულისა და ტექსტილის წარმოებაზე აისახა. განსხვავებული ბაზრის ათვისებითაა დაინტერესებული ევროკავშირიც, რომელმაც თვის დასაწყისში მერკოსურთან, სამხრეთ ამერიკის წამყვანი ეკონომიკური სახელმწიფოების გაერთიანებასთან 25-წლიანი მოლაპარაკებები დაასრულა და 17 იანვარს შეთანხმებას ხელიც მოაწერა. ევროკავშირი ასევე დაინტერესებულია ჩინეთზე დამოკიდებულის შემცირებით, რაც წლების განმავლობაში ოფიციალური ბრიუსელისთვის სტრატეგიულ გამოწვევად იქცა.

ინდოეთთან ევროკავშირის ახალ სავაჭრო ურთიერთობებს რეალურს ხდის ის ფაქტიც, რომ გასული წლის სექტემბერში შედგა შეთანხმება სომხეთსა და ირანს შორის, ჩაბაჰარის პორტის სომხეთში და შემდეგ შავ ზღვაში ოპერირების, ასევე სპარსეთის ყურიდან ომანის ზღვამდე სატრანსპორტო მარშრუტის ოპერირების შესახებ. 

გარდა ზევით აღნიშნულისა, ბრიუსელი ევროკავშირსა და წყნარი ოკეანიის ქვეყნებს შორის არსებული ღია ვაჭრობის გაგრძელებას აპირებს. ტრანს-წყნარ ოკეანურ ქვეყნებთან ყოვლისმომცველ და პროგრესულ სავაჭრო შეთანხმებას გასულ წელს შეუერთდა დიდი ბრიტანეთიც, რომელიც ევროკავშირს იგივე ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებდა.

ევროპა ყალიბდება გლობალურ ლიდერად, რადგან ის გლობალურ ეკონომიკაში ხუთი მიმართულებით იწყებს ცვლილებებს: ლონდონის მონაწილეობით იწყებს ჩინეთთან დიალოგს; თავად აძლიერებს სავაჭრო გზებს მერკოსურთან, ინდოეთთან და ოკეანეთთან. რასაც კრიტიკული მინერალების წიაღისეულებში 12 მილიარდიანი ევროს მოცულობის, შუა აზიასთან დადებული საინვესტიციო შეთანხმების პაკეტიც ემატება. სწორედ ევროპული ინვესტიციები და ტექნოლოგიები გახდება შუა აზიისა და მერკოსურის ქვეყნებს შორის, კავკასიის გავლით სავაჭრო კავშირების ქვაკუთხედი.

საქართველო, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი და ევროკავშირის ასპირანტი ქვეყანა, რომელსაც მოეთხოვება ევროკომისიის 9 რეკომენდაციის შესრულება, დაიბრუნებს საკუთარ ისტორიულ სახელმწიფო ფუნქციას. რამეთუ, დიდი ბრიტანეთისა და ჩინეთის "ოქროს ხანა", ასევე, მერკოსური-ევროპა-ინდოეთი-ოკეანეთის სავაჭრო შეთანხმებები წარმოადგენს აბრეშუმის გზის მთავარ საფუძველს, რომლის კარიბჭეც არის კავკასია.

ზურაბ მაღრაძე, დოქტორი