commercial-diplomacy

ევროკავშირის სავაჭრო სტრატეგია აზია-ოკეანეთისკენ

შტატების ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოულოდნელმა სატარიფო პოლიტიკამ ევროკავშირი სავაჭრო სტრატეგიის ცვლილებაზე დააფიქრა. ევროგაერთიანების წევრი ქვეყნები მიხვდნენ, რომ ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის გაძლიერებაზე მეტად დივერსიფიკაციაზე, კერძოდ, აზიასა და ოკეანეთში პარტნიორების ძიებაზე უნდა კონცენტრირდნენ.

სწორედ ამ მიზანს ემსახურება ტრანს-წყნაროკეანურ ქვეყნებთან ყოვლისმომცველი და პროგრესული სავაჭრო შეთანხმება, რომლის დადებასაც ევროკავშირში განიხილავენ. სტრატეგიული ცვლილება მიზნად ისახავს ახალი, ალტერნატიული კოალიციის შეკვრას ზესახელმწიფოების მზარდი გავლენის დასაბალანსებლად.

ბრიუსელი ევროკავშირსა და წყნარი ოკეანიის ქვეყნებს შორის არსებული ღია ვაჭრობის გაგრძელებას აპირებს, რაც წესებზე დამყარებული სავაჭრო სისტემის მიმართ გაერთიანების ერთგულებას ადასტურებს. აღსანიშნავია, რომ ტრანს-წყნარ ოკეანურ ქვეყნებთან ყოვლისმომცველ და პროგრესულ სავაჭრო შეთანხმებას უკვე შეუერთდა დიდი ბრიტანეთიც, რომელიც ევროკავშირს იგივე ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებს. თუ ბრიუსელი ყოფილი წევრის რეკომენდაციას გაითვალისწინებს, მაშინ ის მოახერხებს წყნარ ოკეანურ ქვეყნებთან, მათ შორის, იაპონიასთან, ავსტრალიასთან, კანადასა და მექსიკასთან სავაჭრო ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაყვანას.

უნდა ითქვას ისიც, რომ მსგავსი მასშტაბის სავაჭრო ბლოკის შექმნა ევროკავშირისთვის მარტივი არ იქნება. ტრანს-წყნარ ოკეანური ქვეყნების ყოვლისმომცველი და პროგრესული სავაჭრო შეთანხმების წევრები დამოუკიდებლადაც დიდ ბაზარს მოიცავენ და 27-წევრიანი გაერთიანების შემატება მხოლოდ კომპლექსური შეთანხმებით თუ იქნება შესაძლებელი. ორივე მხარეს აქვს თავისი სავაჭრო ინტერესები და სფეროები, რომლებშიც ერთმანეთთან კონკურენციაში შედიან. მეტიც, განსხვავებულია რეგულაციები და დასაქმებულთა უფლებებთან დაკავშირებული კანონმდებლობა. მართალია, ყველა ეს საკითხი ხელშეკრულების გაფორმებას დროში აჭიანურებს, თუმცა ორ მხარეს უკვე შეუძლია განსაზღვროს ჩარჩოები, რომელთა ფარგლებშიც სამომავლოდ გაღრმავდება თანამშრომლობა.

ევროკავშირის მიერ მზერის აზიისა და ოკეანეთის რეგიონებისკენ მიმართვა არის რეაქცია ზესახელმწიფოების, განსაკუთრებით კი, შტატების მიერ პროტექციონისტული პოლიტიკის წამოწევასა და გლობალური ვაჭრობის შეთანხმებების უპატივცემულობაზე. სწორედ ამ რეალობამ გააძლიერა ის ინდო-წყნარ ოკეანური ბლოკიც, რომელთან დაახლოებაც ბრიუსელს სურს და რომელთა თანამშრომლობითაც შესაძლოა შეიქმნას დიდი კოალიცია - კონცენტრირებული წესებზე დამყარებულ სავაჭრო სისტემაზე და ეკონომიკური კავშირების დივერსიფიზირებაზე.

2025-06-30

ინფო: bm.ge