commercial-diplomacy

საქართველო - საზღვაო სახელმწიფო

 „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ საარჩევნო პროგრამაში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობოდა საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის პოტენციალის სათანადო ათვისებას და მის თანამშრომლობას შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან. „საქართველო იმ გეოპოლიტიკურ უპირატესობას ფლობს, რომ იგი საზღვაო ქვეყნაა, რაც მსოფლიო ოკეანეში უშუალო გასვლის საშულებას იძლევა და შრომის საერთაშორისო დანაწილებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. საზღვაო ტრანსპორტი უნდა გახდეს საქართველოს სახელმწიფო საკუთრება და ყოველგვარი ურთიერთობა (საფინანსო, საგადამხდელო და სხვა) აწარმოოს დამოუკიდებლად. საზღვაო ტრანსპორტის შემდგომ განვითარებას დიდი მნიშვენლობა აქვს რესპუბლიკის ეკონომიკის, საერთაშორისო ეკონომიკური კავშირების ზრდისათვის, ამიტომ აუცილებლად მიგვაჩნია მისი პრიორიტეტული განვითარება“ - ვკითხულობთ დოკუმენტში. 

ზვიად გამსახურდიას საარჩევნო პროგრამაში გამოყოფილი იყო ცალკე ქვეთავი - „შავი ზღვის რეგიონი“, რომელშიც ეწერა: „შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება ხელს შეუწყობს საქართველოს საზღვაო სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესს“. 

მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ თენგიზ სიგუამ თავის პირველივე ოფიციალურ გამოსვლაში ხაზი გაუსვა შავი ზღვის ათვისებისა და ზღვაზე ნაოსნობის საქართველოს ინტერესების შესაბამისად განვითარების საკითხს. 

ჩამოყალიბდა „შავი ზღვის კონცეფციის“ სამთავრობო კომისია ბაკურ გულუას თავმჯდომარეობით. 

 1991 წლის 21-23 იანვარს თბილისში გაიმართა თურქეთ-საქართველოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა და სიმპოზიუმი „შავი ზღვისა და შიდა წყალსატევების ეკოლოგიური მდგომარეობა და მათი რესურსების გამოყენების გაუმჯობესება“. შეხვედრაში აშშ-ის, რუსეთის, უკრაინისა და ბულგარეთის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. იმსჯელეს შავი ზღვისა და შიდა წყალსატევების ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების ერთობლივი ღონისძიებების შესახებ. შეხვედრაზე გადაწყდა თურქეთ-საქართველოს „შავი ზღვის კვლევის ერთობლივი ცენტრის“ შექმნა. ამ ცენტრის თურქული ფილიალი ტრაპიზონში შეიქმნა იმავე წლის მაისში, ხოლო ქართული ფილიალი - თბილისში ოქტომბრის თვეში. 

 1991 წლის იანვარშივე საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის აუზის ქვეყნების საკონსულტაციო თათბირში, რომელიც ანკარაში ჩატარდა. თათბირი მიეძღვნა „შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონის“ შექმნის საკითხს. შესაბამისი პროექტი მოამზადა თურქულმა მხარემ. პროექტი მრავალ მიმართულებასთან ერთად ითვალისწინებდა რეგიონის ქვეყნების მიერ თავისუფალი ეკონომიკური ზონის ჩამოყალიბებას, საბაჟო შეღავათების შემოღებას, საზღვაო და სანაპირო სატრანსპორტო მიმოსვლას და ა.შ. საუბარი ასევე შეეხო „შავი ზღვის“ ბანკის შექმნის საკითხს. 

 1991 წლის 18 ივნისს ზვიად გამსახურდიამ ოფიციალურად მიმართა „შავი ზღვის აუზის და შავი ზღვის პრობლემით დაინტერესებული ქვეყნების მთავრობათა მეთაურებს“, შესთავაზა თანამშრომლობა და წინადადება - გაეროსთან შექმნილიყო „შავი ზღვის აუზის ეკოლოგიური გარემოს დამცავი სპეციალიზებული სამთავრობათაშორისო დაწესებულება“. საქართველოს პრეზიდენტი ამ ორგანიზაციისთვის შტაბ-ბინის მოწყობას თბილისში კისრულობდა. 

 1991 წლის ივლისში ბათუმში გაიმართა შავი ზღვის პრობლემებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც 13 ივლისს ზვიად გამსახურდიამ ოფიციალური მიმართვის ტექსტით მიესალმა. მიმართვაში მან ხაზი გაუსვა, რომ შავი ზღვა იყო მის სანაპიროზე მდებარე ქვეყნების „საერთო ზღვა“ და მათ უნდა გაეზიარებინათ პასუხისმგებლობა ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის პროცესში. ამ მიმართულებით იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა არა მხოლოდ სამთავრობო დონეზე აქტიურობას, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობასაც. „საქართველო სამომავლოდაც მზად არის უმასპინძლოს ნებისმიერი დონის საერთაშორისო შეხვედრას, რომლის მიზანი იქნება შავი ზღვის პრობლემების მოგვარება, საფუძველს ჩაუყრის კონკრეტული ინიციატივების განხორციელებას. მივესალმებით შავი ზღვის, როგორც მშვიდობისა და თანამშრომლობის, ეკოლოგიური უსაფრთხოების ზონის იდეას!“.

საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა შავი ზღვის რეგიონში საქართველოს აქტიურობის შეფერხებას. ამის გამო ჩვენი საგარეო უწყება ცდილობდა პირდაპირი და უშუალო კავშირები დამეყარებინა რეგიონის ქვეყნებთან. მაგალითად, 1991 წლის 2 მაისს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი ეწვია მოსკოვში თურქეთის საელჩოს და პირადად სთხოვა მას, რომ შავი ზღვის ეკონომიკური კავშირის თემაზე ინფორმაცია პირდაპირ საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოეგზავნა. 

სამწუხაროდ, 1991-1992 წლების მიჯნაზე მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, აფხაზეთის ომის შედეგად საქართველომ შავი ზღვის აკვატორიის თითქმის ნახევარზე დე ფაქტო კონტროლი დაკარგა. 

ის რეგიონული ორგანიზაცია, რომლის წევრობისკენ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება 1990-1991 წლებში ისწრაფვოდა, ოფიციალურად შეიქმნა 1999 წელს და იგი „ბისეკის“ სახელითაა ცნობილი.

გიორგი არქანია

წყარო: facebook.com