
პოლონელი ავტორის - მიკოლაი როზენბერგის ტრაქტატში გადავაწყდი ცნობას ჩინეთში ჩასული ქართველი ვაჭრების შესახებ.
ტრაქტატში ,,თათართა წარმოშობის შესახებ", რომელიც 1499 წელს ვენაში წარედგინა მეფე მაქსიმილიან I-ს, როზენბერგი აღძრულია შორეულ აღმოსავლეთში ანტითურქული კოალიციისთვის პოტენციური პარტნიორის მოძიების სულისკვეთებით, ჩინეთის/კატაის შესახებ იგი აცხადებს:
,,Hi extra Ymaum montem vastissimas regiones incolunt, quae aetate nostra de Cathaio dicuntur, ad illos qui ex nostris accessissent, vidi neminem. Verum Georgianorum ac Armeniorum negotiatores raro et cum magna difficultate et labore periculose solent penetrare, de quorum potentia, diviriis imperii amplitudine, mira et dicuntur et scribuntur".
თარგმანი: ,,იმაუმის მთის გადაღმა, ვრცელ მხარეში ცხოვრებენ ისინი, რომელთაც ჩვენს დროში კატაის უწოდებენ, არავინ მინახავს ჩვენს შორის, ვინც მას მიაღწია, თუმცა ქართველი და სომეხი ვაჭრები იშვიათად მას აღწევენ, დიდი სირთულეებით და ხიფათიანი გარჯით, რომლის ძლევამოსილებაზე, სიმდიდრეზე, სიდიდეზე და საკვირველებებზეც ლაპარაკობენ და წერენ".
მართალია, მონღოლთა იმპერიის მეშვეობით ჩინეთი ევროპელებისათვის ცნობილი ადრევე იყო, მაგრამ დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქაში ჩინეთთან პირდაპირი კონტაქტი დამყარდა 1510-ან წლებში, როდესაც აქ პორტუგალიელები ჩავიდნენ, ამიტომ კარგად გასაგებია, რომ 1490-ან წლებში როზენბერგი წერს: ,,არავინ მინახავს ჩვენს შორის, ვინც მას მიაღწია".
როზენბერგის ეს ცნობა გამორჩეული მეცნიერული ღირებულების მქონეა არამხოლოდ ქართული, არამედ ევროპული ისტორიოგრაფიისათვის, კერძოდ, ,,დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების" სამეცნიერო ლიტერატურისთვის, როგორც ირკვევა, XV საუკუნის მეორე ნახევარში, ქართველი ვაჭრები აღწევენ კატაის, ანუ ჩინეთს და ამასთან, მათი ზეპირი და წერილობითი მონათხრობი ამ შორეული ქვეყნის შესახებ, ცნობილი ხდება ევროპელებისთვისაც, რომელთაც პირდაპირი კონტაქტი ჩინეთთან ჯერაც არ ჰქონდათ დამყარებული.
პოლონელი როზენბერგის წყარო, ვფიქრობ, შესაძლოა ყოფილიყვნენ ქართველი ,,ბრწყინვალე ორატორები”, ქართლის მეფე კონსტანტინე II-ს ელჩები ესპანეთის სამეფო კარზე, ფერდინანდთან და იზაბელასთან. საინტერესოა, რომ სწორედ 1490-ან წლებში, ისინი გზად პოლონეთის მმართველ წრეებსაც შეხვდნენ. ვგულისხმობ ქართველ ელჩებს, ნილოსა და ზაქარიას, რომელთაც ესპანურ წყაროებში ,,ბრწყინვალე ორატორები” ეწოდებათ. მათ გაცურეს შავი ზღვა და დნეპრის გავლით ლიტვა-პოლონეთის ტერიტორიის მეშვეობით ესპანეთში ჩავიდნენ. ლიტვა-პოლონეთის ხელისუფლებას ნილომ და ზაქარიამ ანტიოსმალური კოალიციის იდეა შესთავაზეს.
როზენბერგი სწორედ ანტითურქული კოალიციის შექმნის დიდი თეორეტიკოსი იყო, ამიტომ, პოლონეთში ამავე მიზნით ჩასულ ქართველ ელჩებთან მისი კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა სავსებით ბუნებრივია.
ბექა ჭიჭინაძე