commercial-diplomacy

წერილი ერევანს თბილისიდან

კავკასიელებო, პირველ რიგში მაქვს პატივი ჩემი პატივისცემა გამოვხატო სომეხი ერის მიმართ. ამის უფლებას პირველ რიგში, საქართველოში მცხოვრებ სომხებთან ჩემი დიდი მეგობრობა მაძლევს.

ყური დამიგდეთ, ამბავი მაქვს თქვენთვის. ამ უსტარს გაეცანით და მთავარ სათქმელს ბოლოს გეტყვით.

ქართლის სამეფოს აღწერისას ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი (ძვ. წ. 64-63, ახ. წ. 23-24) ამბობს, რომ ოთხი გზა თავს იყრიდა ქართლის სამეფოს დედაქალაქ მცხეთაში.

არტაანიდან გზა უერთდებოდა ყარსს, არზრუმსა და ახალციხეს. როგორც გეოგრაფი და სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი ყაზბეგი, ასევე მის შემდგომ ლაზიკაში რუსეთიდან გაგზავნილი მეცნიერი ვეიდენბაუმი თავიანთ მთავრობას არწმუნებდნენ, რომ აღნიშნულ ბათუმ-არდაგანის გზას გააჩნდა უდიდესი საერთაშორისო მნიშვნელობა, რადგანაც ის სპარსეთს ევროპასთან აერთებდა უმოკლესი გზით. ეს ამბავი 1874 წელს ხდებოდა.

ახალი გზების ძიება

1714 წელს პირველი ქართველი დიპლომატი სულხან-საბა ორბელიანი საფრანგეთში მიემგზავრება პროექტით, რომელიც საფრანგეთისთვის არანაკლებ სასარგებლო უნდა იყოს, ვიდრე საქართველოსთვის. მის ზრახვებს მიზანი ჰქონდა, გაეძლიერებინათ მეფე ლუი XIV-ის ქვეშევრდომთა ვაჭრობა, ძირს დაეცათ ჰოლანდიელთა ვაჭრობა და ამით მათი ძლიერება შეემცირებინათ, გაეწიათ მათთვის კონკურენცია ინდოეთში, საიდანაც გამოაქვთ მთელი სიმდიდრე, მოწიწებაში ჰყოლოდათ პორტუგალიელები, აეძულებინათ იქ ინგლისელები, რომ პატივი ეცათ ჩვენთვის და ასევე ჰყოლოდათ თურქები და სპარსელები ერთგვარ დამოკიდებულებაში... ერთადერთმა მიზანმა მოიყვანა იგი საფრანგეთში, რომ საქართველოზე გატარდეს აბრეშუმი, რომელსაც სპარსეთში, გილანისა და შემახიის პროვინციებში აწარმოებენ. სომხები იძულებულნი არიან ხმელეთით იარონ თურქეთის გავლით შავ ზღვაზე, რათა ქარავნებით მიიტანონ აბრეშუმი სპარსეთის ამ ორი პროვინციიდან სმირნამდე, სადაც ის თითქმის მთლიანად იყიდება. საქართველოს გავლით გზა სამი მეოთხედით შემცირდებოდა... ადვილად შეიძლებოდა სპარსეთის შაჰისთვის იმის ახსნა, რომ ის თვითონ იქნებოდა დაინტერესებული ამ საქმით, რომ უფრო მეტი აბრეშუმი გაესაღებინა. მას დაემატებოდა ვაჭრობა საქართველოდან ცვილით, მატყლით, ტყვიით ან ენდროს ფესვით, სადაც საფრანგეთისათვის ასევე ხელსაყრელი იქნებოდა, გაესაღებინა თავისი მაუდის ნაწილი სხვა საქონელთან ერთად.

მაგრამ მაშინ საფრანგეთის მეფეს საქართველოსთვის არ ეცალა.

«კლოდიუს ბომბარნაკი» - ჟიულ ვერნის მიერ 1893 წელს დაწერილი სათავგადასავლო რომანი. გაზეთის „მეოცე საუკუნე“ ჟურნალისტი მიიღებს დავალებას აღწეროს მგზავრობა „დიდი ტრანსაზიური რკინიგზით“, რომელიც გადაჭიმულია უზუნ ადადან (კუნძული იზმირის ყურეში, თურქეთი) პეკინამდე. მხატვარმა ლეონ ბეკეტმა წიგნს დაურთო სარკინიგზო ხაზის ორი რუკა. და აი, საოცრება - გზა გადის თბილისზე. პირველი რუკის სათაურია ტიფლისიდან კაშგარამდე, ხოლო მეორე რუკის - კაშგარიდან პეკინამდე. და ეს მე-19 საუკუნის ბოლოს, ჟიულ ვერნი და მისი თანამოაზრეები „აბრეშუმის გზას“ პეკინიდან ევროპისკენ თბილისზე გაატარებენ...

აქვე მოგახსენებთ, თუ რას ითვალისწინებდა ცარიზმის დროს ალექსანდრე გრიბოედოვის პროექტი.

რუსეთი საქართველოში დაინტერესებული იყო სუბტროპიკული ნაწარმით, ვენახით, თამბაქოთი, აბრეშუმით, საღებავი და სამკურნალო მცენარეებით... ევროპასა და ირანს შორის როცა საქართველოს გავლით ტრანზიტი გაიხსნა, 10 წლის შემდეგ რუსეთმა ეს ტრანზიტი აკრძალა. ისინი მიხვდნენ, რომ საქართველო ამ ტრანზიტიდან სარგებელს ნახულობდა, ქართული მრეწველობა და ვაჭრობა ვითარდებოდა, რუსეთის ინტერესებში კი საქართველოს გაძლიერება არ შედიოდა. მაშინ საქართველოს მსგავსად, სომხეთის სავაჭრო-სატრანზიტო ფუნქციაც კიდევ ერთხელ დაკნინდა.

საქართველოს მდებარეობა ყოველთვის განსაზღვრავდა მის წარსულს, აწყმოსა და მომავალს. რამდენიც არ უნდა შეიკრიბონ ევროპელი ან აზიელი ლიდერები და რამდენიც არ უნდა ისაუბრონ კონტინენტის სავაჭრო-სატრანზიტო საკითხების შესახებ, მაგიდის ერთ ბოლოში თუ ზის პეკინის წარმომადგენელი, მაგიდის მეორე ბოლოში აუცილებლად უნდა იჯდეს თბილისის წარმომადგენელი. რადგან ტვირთების წარმომქმნელი რეგიონია სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია, ხოლო მისი გადაცემა ევროპისთვის უნდა მოახდინოს საქართველომ. და ამ მოცემულობას ვერავინ შეცვლის. თუ რატომ არის ეს ასე, ამის შესახებ ტექსტის ბოლო ნაწილით დარწმუნდებით.

ფრანგი მოგზაური და ვაჭარი - ჟაკ ფრანსუა გამბა 1824 წელს წერს: “აქლემებისა და ცხენების განუწყვეტელი შემოსვლა ქალაქში და მათი აქედან გასვლა... სხვადასხვა შორეულ ქვეყნებიდან შემოსული საქონლის ტრანსპორტი − ყოველივე ეს განსაკუთრებულ იერს აძლევს და სიცოცხლით ავსებს ამ თავისებურ სასტუმროებს (ქარვასლებს), სადაც ესოდენ განსხვავებული ენებისა და ქვეყნების ვაჭრები, თითქოს ერთ რაღაც თემში გაერთიანებულნი ცხოვრობენ... თბილისი ევროპასა და აზიას შორის საკვანძო ადგილად შეიძლება ჩაითვალოს“.

ახლა მოკლედ შევაფასოთ ის, თუ სად, რატომ და როდის დაიკარგა ევროპასა და აზიას შორის მდებარე კავკასიის გეოპოლიტიკური ფუნქცია. 1801 წელს რუსეთის სამეფო კარზე მიხვდნენ, რომ ამხელა ბუმბერაზ სახელმწიფოს ვერ შეინარჩუნებდნენ, თუ რაიმე შემაკავშირებელ სტრატეგიას არ შექმნიდნენ. და მიიღეს სამეფო კარზე გადაწყვეტილება - ჩინეთის საზღვრიდან ევროპის საზღვრამდე მოსკოვის გავლით რკინიგზის მშენებლობის შესახებ. რითაც საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფდნენ იმპერიის სამხედრო ნაწილების სწრაფად გადასროლას, სურსათის მიწოდებას და ა. შ. კავკასიაზე გამავალმა ბუნებრივმა და ისტორიულმა აბრეშუმის გზამ ჩრდილოეთით გადაინაცვლა.

დღეს მიმდინარე გეოპოლიტიკურმა პროცესმა დააწინაურა ისტორიული აბრეშუმის გზის ფაქტორი პირობით, რომ ჩინეთის ქოლგის ქვეშ გადადის შუა აზიის ქვეყნები, ხოლო კასპიის, შავი და ხმელთაშუა ზღვების დერეფნის ქოლგა იქნება ლონდონი. სამი ზღვის დერეფანს ბალტიის ზღვაც უერთდება. ახალი ბრიტანული ალიანსის შექმნაც ამას უკავშირდება: ლონდონის პატრონაჟი უკრაინისთვის ვარშავის გავლით, ლუბლინის მაერთებელი სამკუთხედი ბალტიასთან და უკრაინის ტრიო მოლდოვა-საქართველოსთან, პლუს კვადრიგა თურქეთთან. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც გააჩნია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელშეკრულებები ევროკავშირთან და ჩინეთთან და ის ბუნებრივად, გეოგრაფიულად ამ ორ უზარმაზარ ბაზრებს შორის შუაშია მოქცეული. ამას ემატება საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელშეკრულებები თურქეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან და მომავალში ემირატებთან. მიმდინარე ომიც უკრაინის გამარჯვებით დასრულდება და სავაჭრო-სატრანზიტო გზებიც ისტორიულ კალაპოტს დაუბრუნდება, რომლის ერთ-ერთი განშტოებაც თავის დროზე აფხაზეთსა და ყირიმზე გადიოდა. კასპიის ენერგომატარებლების ფუნქცია ევროპისთვის გაიზრდება და ირანის ნავთობის ტრანზიტიც ახალ კალაპოტში მოექცევა. ირანი ევროპასთან ვაჭრობას აღადგენს სწორედ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების გავლით.

რატომ მოხდება ასე?!

ამის უკეთ ასახსნელად, გაგანდობთ ჩვენი, როგორც ორი ერის საერთო გეოპოლიტიკური ფუნქციის გასაღებს:

ინგლისელი გეოპოლიტიკოსის და დიდი ბრიტანეთის საიდუმლო საბჭოს წევრის ჰელფორდ ჯონ მაკინდერის მოსაზრებით, მსოფლიოს ცენტრი ევრაზიის კონტინენტს უჭირავს, მის ცენტრში კი კავკასია მდებარეობს. სწორედ კავკასიაა “მსოფლიოს გული” (Heartland), რომლის დამორჩილების შემთხვევაში მსოფლიოზე კონტროლის დამყარება ხდებოდა შესაძლებელი. 1919 წელს გამოცემა “დემოკრატიული იდეალები და რეალობა” წერდა: “ის ვინც აკონტროლებს აღმოსავლეთ ევროპას, ბატონობს Heartland-ზე, ის ვინც ბატონობს Heartland -ზე, ბატონობს მსოფლიო კუნძულზე, ის ვინც ბატონობს მსოფლიო კუნძულზე, ბატონობს მსოფლიოზე”.

აბრეშუმის გზა, რომელიც საქართველოზე გადის უპირველესი ალტერნატივაა რუსეთზე გამავალი ტრანზიტის. მისი აღდგენით რუსეთს გვერდს აუვლის იაპონია, ინდოეთი, შუა აზიის სხვა ქვეყნები და საქართველო-სომხეთ-აზერბაიჯანის მეშვეობით გავლენ ევროპის ბაზარზე თავისი ორი ათეული ტრილიონი საქონელბრუნვით. ერთი ათეული ტრილიონი ტვირთბრუნვაც რევერსულად ევროპიდან დაემატება. ამიტომ რუსეთი არაფერს იშურებდა ისტორიული აბრეშუმის გზის დასანგრევად. ესეც ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია, რატომაც სურს და ცდილობს რუსეთი კავკასიის გავლენის სფეროში მოქცევას.

მეგობრებო და მეზობლებო,

შეგახსენებთ, რომ დრონი მეფობენ და არა მეფენი. კონტინენტზე არსებობს ქვეყნების ეკონომიკური პლატფორმები - ბენილუქსი, ბალტიისპირეთი, ოთხი აზიური ვეფხვი, სკანდინავიის... დრო მოვიდა კავკასიის, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ევროპასა და აზიას შორის ჰარმონიული წესრიგი და ცივილიზიციათა ურთიერთშეხვედრა.

მეგობრებო, წერილში წარმოდგენილი ფაქტები საქართველოდან, პირდაპირ კავშირშია სომხეთის ისტორიულ ფუნქციასთან აბრეშუმის გზაზე. მომავალში ინდოეთი სპარსეთის ყურე-შავი ზღვით დაუკავშირდება ევროპის ბაზრებს. თბილისს და ერევანს ამ სატრანზიტო გზაზე კი ბევრი გვაქვს სამუშაო და ბევრად მეტი ვიდრე მხოლოდ ეს დერეფანი. რეგიონში ხორბლის უმსხვილესი მწარმოებლებია - უკრაინა, რუმინეთი და ბულგარეთი. სწორედ შავი ზღვა უნდა იყოს სომხეთისთვის და ირან-სომხეთის კარი კი საქართველოსთვის. აბრეშუმის გზა მსოფლიო ეკონომიკის ნახევარია, რომლის კარიბჭე კავკასიაა და ამ კარიბჭის ქვეყნებმა სამართლიანი თამაშის წესებით უნდა გაინაწილონ მოგებები კონტინენტური ვაჭრობიდან.

ერევნელებო,

ზუსტად ვიცი, რომ ეს წერილი მოვა თქვენამდე.

 

პატივისცემით:

ზურაბ მაღრაძე

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი

6 მაისი 2022 წელი