
2026-06-28
საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფასიანი ქაღალდების კომისია წარმოადგენს მნიშვნელოვან და აუცილებელ მარეგულირებელ სტრუქტურას. ასეთი კომისია გადაწყვეტილებების მიღებაში უნდა იყოს ინსტიტუციურად დამოუკიდებელი და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული.
ევროპის მაგალითები
გაერთიანებული სამეფო – Financial Conduct Authority (FCA) არის დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო. იგი ანგარიშვალდებულია როგორც ხაზინის, ისე პარლამენტის წინაშე და რეგულარულად წარდგება პარლამენტის კომიტეტების წინაშე.
შვეიცარია – Swiss Financial Market Supervisory Authority (FINMA) არის ინსტიტუციურად, ფუნქციურად და ფინანსურად დამოუკიდებელი ორგანო და ანგარიშს პირდაპირ პარლამენტს წარუდგენს.
პორტუგალია – Comissão do Mercado de Valores Mobiliários (CMVM) არის ადმინისტრაციულად და ფინანსურად დამოუკიდებელი ფასიანი ქაღალდების კომისია, რომელიც მუშაობს პარლამენტის მიერ დადგენილი ანგარიშვალდებულების ჩარჩოში.
სლოვენია – Securities Market Agency კანონით შექმნილი დამოუკიდებელი სააგენტოა; მისი დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების სისტემა პარლამენტის მონაწილეობასაც მოიცავს.
ლიეხტენშტაინი – Financial Market Authority (FMA) დამოუკიდებელი ფინანსური ზედამხედველობის ორგანოა, რომლის შექმნასა და საქმიანობას პარლამენტი საკანონმდებლო ჩარჩოთი აკონტროლებს.
კომისიის ძირითადი ფუნქციებია:
● ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირება;
● ინვესტორების უფლებების დაცვა;
● თაღლითობისა და ბაზრის მანიპულაციის თავიდან აცილება;
● ემიტენტების მიერ ინფორმაციის გამჭვირვალე გამჟღავნების კონტროლი;
● კაპიტალის ბაზრის სტაბილურობისა და სამართლიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
სასაქონლო ბირჟა საერთაშორისო სატრანზიტო ვაჭრობაში ასრულებს შუამავლისა და ორგანიზატორის ფუნქციას. იგი უზრუნველყოფს, რომ ვაჭრობა იყოს თავისუფალი, გამჭვირვალე, კონკურენტული და უსაფრთხო.
მისი ძირითადი ფუნქციებია:
● მყიდველებისა და გამყიდველების დაკავშირება – ქმნის ორგანიზებულ ბაზარს, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან მოვაჭრეები დებენ გარიგებებს.
● საბაზრო ფასების ფორმირება – საქონლის ფასი განისაზღვრება მოთხოვნისა და მიწოდების საფუძველზე.
● გარიგებების სტანდარტიზაცია – ადგენს ერთიან წესებს საქონლის ხარისხის, რაოდენობის, მიწოდებისა და ანგარიშსწორების შესახებ.
● რისკების შემცირება – ფიუჩერსული და სხვა ბირჟის კონტრაქტების საშუალებით მონაწილეებს ეხმარება ფასების ცვლილებით გამოწვეული რისკების დაზღვევაში.
● ინფორმაციის გავრცელება – აქვეყნებს მიმდინარე ფასებს, ვაჭრობის მოცულობას და ბაზრის სხვა მნიშვნელოვან მონაცემებს.
● საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა – ამარტივებს სხვადასხვა ქვეყნის კომპანიებს შორის ვაჭრობას, რადგან ყველა მონაწილე ერთიანი წესებით მოქმედებს.
ტერმინალების განვითარების მოდელი ევროპაში
გერმანიასა და ნიდერლანდებში სარკინიგზო ინფრასტრუქტურა განცალკევებულია - ლიანდაგები და სადგურები სახელმწიფოსია, მაგრამ ყველას აქვს რეგულირებული წვდომა. ტერმინალები არის კონკურენტული ბიზნესი და წარმოადგენენ კერძო ან საჯარო-კერძო პარტნიორობის კომპანიებს. მთავარი იდეა ისაა, რომ ვინც უკეთ მართავს ტვირთს → ის იგებს ბაზარს. ხოლო კაპიტალი მოდის საფონდო ბირჟიდანაც და ინსტიტუტებიდანაც. ტერმინალები ფინანსდებიან:
● აქციებით
● ობლიგაციებით
● საპენსიო ფონდებით
ამიტომ იყო და არის ნიდერლანდებსა და გერმანიაში ტვირთბრუნვის დიდი მასშტაბი და ეკონომიკის სწრაფი ზრდა.
საქართველოში ინფრასტრუქტურა კონცენტრირებულია სახელმწიფოში.
"საქართველოს რკინიგზა" არის როგორც ინფრასტრუქტურის მფლობელი, ასევე მთავარი ოპერატორი. ანუ სისტემა ნაკლებად არის „გაყოფილი“. შესაბამისად ტერმინალები სუსტად განვითარებულია. საქართველოში მცირე რაოდენობის ლოგისტიკური ტერმინალებია და უმეტესობა არის სახელმწიფო ან სახელმწიფოსთან დაკავშირებული ან დიდი ჯგუფების მიერ კონტროლირებული. შედეგად კონკურენცია შეზღუდულია, რასაც ემატება კაპიტალის სუსტი ბაზარი.
პრაქტიკულად საფონდო ბირჟა არ თამაშობს როლს:
● კომპანიებს არ აქვთ IPO გზა (აქციების პირველადი საჯარო შეთავაზება ბირჟაზე);
● ინვესტიცია მოდის ძირითადად ბანკებიდან;
● გრძელვადიანი ინსტიტუციური კაპიტალი სუსტია.
შედეგი — ჩაკეტილი ლოგისტიკური სისტემა. ეს იწვევს - ნაკლებ ტერმინალს, ნაკლებ კონკურენციას, მაღალ დამოკიდებულებას 2–3 მსხვილ მოთამაშეზე, ნაკლებ საერთაშორისო ოპერატორს.
მთავარი განსხვავება
ევროპა: ინფრასტრუქტურა სახელმწიფოსია, მაგრამ ტერმინალები კონკურენტული ბაზარია.
საქართველო: ინფრასტრუქტურა და ოპერირება უფრო კონცენტრირებულია, ხოლო კონკურენტული ტერმინალების ბაზარი სუსტია.
დასკვნა: საქართველოში საბაზრო ეკონომიკის წესრიგში გადამწყვეტია:
● რამდენად დაშლილია სისტემა ნაწილებად
● რამდენად ბევრი დამოუკიდებელი ოპერატორია
● რამდენად ხელმისაწვდომია კაპიტალი ახალი მოთამაშეებისთვის
ვაჭრობა, ინვესტიციები, ენერგეტიკა და ლოგისტიკა თანამედროვე გეოეკონომიკის გამოწვევაა და საქართველოში გამართული საფონდო, სასაქონლო და სავალუტო ბირჟები შეასრულებდნენ კატალიზატორის როლს აბრეშუმის გზაზე.
ზურაბ მაღრაძე, DBA
გამოყენებული მასალა: delorscentre.eu; en.wikipedia.org; fca.org.uk; fca.org.uk