
ფოტო: სუდაკის უბე
XIV საუკუნის უცნობი თბილისელი ვაჭარი - აბრანო თბილელი, ყოფილა არც მეტი, არც ნაკლები - მსხვილი ბანკირი (Bancherius).
ბანკირებს გენუელთა კოლონია კაფა/ყირიმში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ. საბოლოოდ, ეს კოლონია მთლიანად სან ჯორჯოს ბანკის ხელში აღმოჩნდა. ბანკების მსგავსი ინსტიტუტი - ორტაღები, არსებობდა ძველ საქართველოშიც.
შთამბეჭდავია, აბრან თბილელი იმდენად მსხვილი ბანკირი იყო, რომ ყირიმის გენუური კოლონიის - სოლდაიას (სუდაკი) უამრავი ხარჯების სუბსიდირებას ახდენდა, მაგალითად:
1. გენუელი კონსულის პირადი ხარჯების ანაზღაურება.
2. ქალაქის (სოლდაიას/სუდაკის) მექანიკური საათის გამართვის ხარჯების გაღება, რამდენიმეჯერ.
მაგ. 1361 წლის 4 სექტემბერს, საათის მცველმა სტეფანო ლალომამ აბრანო თბილელის საბანკო ანგარიშიდან საათის ზეთისთვის მიიღო 50 ასპრი (Item die IIII septembris acipiemto Sthephano Laloma custode relogii et sunt pro oleo mensium quatuir finitorum in kalendis ianuarii proxima venture de racione Abrani de Tefelixio in CCCLXI asperos L)
3. სოლდაიას გალავნის გამაგრება.
4. სოლდაიაში დროშის დამზადება.
5. არბალეტის ქირაობა.
6. ღამით ქალაქის განათება.
7. ხომალდის ეკიპაჟის ექიმის ხელფასი.
8. წმინდა გიორგის ქანდაკების მოოქროვება.
9. ქაღალდისა და მელნის შეძენა სასამართლო საქმისწარმოებისათვის.
10. სხვადასხვა ქვეყნებში გენუელთა ელჩობის წარგზავნის ხარჯები.
11. უცხოელი ელჩებისა და თარჯიმნებისთვის გადასაცემი საჩუქრების ხარჯები.
12. მცველების ქირაობა.
13. წვეულების ღვინის ხარჯები.
14. ჯალათების ქირაობა მსჯავრდებულთა სიკვდილით დასჯის ცერემონიალისთვის.
15. ხომალდების აღჭურვა.
16. მესაყვირეების ქირაობა.
17. სავაჭრო ადგილების ქირაობა.
18. გარდაცვალების ცნობის გავრცელების საფასური
19. მარცვლეულის ტრანსპორტირება კაფადან სოლდაიაში.
20. მეზობელი მმართველებისთვის გაგზავნილი საჩუქრების საფასური.
საყურადღებოა, რომ მრავალრიცხოვან გენუურ ჩანაწერებში აბრანო თბილელი პირადად არსად არ იხსენიება და ყველა ჯერზე აქ საუბარია მხოლოდ მის საბანკო ანგარიშზე, შესაძლოა, ისევე როგორც მოგვიანებით სან ჯორჯოს ბანკს, აბრანო თბილელის ბანკსაც რამდენიმე განშტოება ჰქონდა და მისი ცენტრალური ნაწილი სწორედ თბილისში მდებარეობდა, რომელიც ფილიალს ყირიმის გენუურ კოლონიებშიც ფლობდა, სადაც საბანკო და სავაჭრო კაპიტალი უმაღლეს დონეზე იყო დაცული.
ბექა ჭიჭინაძე