
არჩეული მარშრუტი, ხალხმრავალი ბაზრები და მდიდარი ვაჭრები
"ბაქოდან ნავთობის ტრანსპორტირების ყველა შესაძლო მარშრუტს შორის, რეკომენდაციას გაძლევთ, აირჩიოთ მარშრუტი, რომელიც საქართველოზე გადის, ვინაიდან ამ ორ ქვეყანას შორის, ტერიტორიული სიახლოვის გარდა, გაითვალისწინეთ მეგობრობისა და ერთმანეთისადმი ერთგულების სრულიად განუმეორებელი გრძნობა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არსებობს აზერბაიჯანელებსა და ქართველებს შორის. ჩვენთვის, უცხოელებისთვის, ამ ფაქტორს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ყველა დანარჩენი მარშრუტი დაკავშირებულია გაცილებით უფრო დიდ რისკებთან, ვინაიდან არსად არ არის ისეთი ხელსაყრელი პირობები, როგორც ბაქოსა და თბილისში. ამიტომ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ სწორედ ეს მარშრუტი უნდა ავირჩიოთ".
ეს წერილი შვედი ინჟინრის და მეწარმის ლუდვიგ ნობელის მიერ არის ბაქოდან გაგზავნილი ძმებთან პეტერბურგში 1875 წელს.
"ძმები ნობელების ნავთობის წარმოების ამხანაგობის" დამფუძნებლები იყვნენ ლუდვიგი, რობერტი და ალფრედი. მათ ერთად მიიღეს გადაწყვეტილება კასპიის ნახშირწყალბადების ევროპაში ექსპორტირების შესახებ. განიხილეს სატრანზიტო გზების რამდენიმე ვარიანტი, შეთანხმდნენ ლუდვიგის არჩეულ მარშრუტზე: ბაქო-თბილისი-ბათუმი.
***
უდიდესი არაბი გეოგრაფის და მსოფლიო რუკის ავტორის, ალ იდრისის (1100-1165) თხზულების ფრანგულ თარგმანში, მოცემულია ტრაპიზონიდან აღმოსავლეთით ზღვისპირეთის საკმაოდ დეტალური აღწერა ყირიმამდე, მათ შორის ქართული ქალაქების.
ძველი სებასტოპოლის, სოხუმის შესახებ იდრისი წერს: "არის აყვავებული და კარგად დასახლებული ქალაქი. მისი ბაზრები ხალხმრავალია, მისი ქუჩები ფართო, სახლები მკვიდრად ნაგები. მის მცხოვრებთა უმეტესობა ვაჭარია და მდიდარი".
სოხუმში XIII-XV საუკუნეშიც, გენუელთა საკონსულოს პერიოდში, მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო. დადიანი აქ ჭრიდა ადგილობრივ ფულს - ცხუმურ თეთრს, რომელსაც გენუელი ვაჭრებიც იყენებდნენ... XII საუკუნეში საქართველო მჭიდროდ იყო დაკავშირებული კასპიის ზღვისპირეთთან, რომელიც თავის მხრივ უკავშირდებოდა აღმოსავლურ ბაზარს, შავი ზღვით კი საქართველო დასავლურ ბაზარს უკავშირდებოდა. ამგვარად, ზღვიდან ზღვამდე გადაჭიმული საქართველო, სადაც გიორგი მესამის ენერგიული ზომებით ყველა მპარავს და ქარავნის ყაჩაღს ძელზე სვამდნენ, წარმოადგენდა ყველაზე უსაფრთხო და მოხერხებულ ხიდს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. ამ დიდ ეკონომიკურ სივრცეში, სომხური და ქართული წყაროების ცნობებით, ყველა მპარავი ამოგდებული იყო და ქარავნისა ძარცვასა ვერავინ იკადრებდა, ამ პირობების და ამ გარანტიების შედეგად. ბუნებრივია, რომ საქართველოს ზღვისპირა ქალაქი სოხუმი მართლაც ისეთი ყოფილიყო, როგორც შუა საუკუნეების ყველაზე დიდი გეოგრაფი - ალ იდრისი აღწერს. ეს ფაქტობრივად "ვეფხისტყაოსნის" საზღვაო ქალაქია [ბექა ჭიჭინაძე].