commercial-diplomacy

კარგად დავიწყებული ძველი და ახალი აბრეშუმის გზა

ცნობილია, რომ ერთ-ერთმა სავაჭრო ქარავანმა საქართველოს გზით გაიარა 568 წელს. XII საუკუნეში ქართველი მეფის დავით აღმაშენებლის ლიბერალური რეფორმის შედეგად, რაც მდგომარეობდა ფეოდალების შეზღუდვაში, ხალხისთვის კერძო საკუთრების გამრავლებასა და უცხოელი ვაჭრებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებაში, განვითარდა აღებ-მიცემობა ხალხებს შორის. შუა საუკუნეების პერიოდის საქართველოში დაბადებულმა თავისუფალი ბაზრის იდეამ გაამართლა, ხოლო შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის, საქართველო ერთი მხრივ ევროპელი ჯვაროსნებისთვის სამხრეთის ჩამკეტ კარიბჭედ იქცა, ხოლო მეორე მხრივ აღმოსავლეთისთვის საქართველო იყო ევროპულ ბაზრებზე აზიური კაპიტალის ერთგვარი მაკონვერტირებელი. ამ ფაქტს ადასტურებს ერთიანი საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III-ის (975–1014) ვერცხლის უნიკალური მონეტაც, რომლის ავერსზე არაბულად დაწერილია „არ არს ღმერთი გარდა ერთისა, არ ჰყავს მას თანაზიარი“; რევერსზე არაბულ წარწერას „მაჰმადი ღვთის მოციქულია“, ირგვლივ დაქარაგმებული ქართული ასომთავრულით შემოუყვება: „ქრისტე ადიდე ბაგრატ აფხაზთა მეფე“. მონეტა ინახება ერმიტაჟში (სანქტ-პეტერბურგი). 

მსგავსი მონეტა, რომლის ერთ მხარეს ალაჰის, ხოლო მეორე მხარეს ქრისტეს სადიდებელია დაწერილი, სხვაგან ალბათ არც არსებობს. ეს ფაქტიც მიუთითებს ქართველი ერის, როგორც ერთადერთი ევროპელი აზიელი ერის განსხვავებულობაზე. თუმცა მარტო ეს არ არის ყველაფერი. ქრისტეშობამდე ჯერ კიდევ VI საუკუნეში ძველ საქართველოში იჭრებოდა ვერცხლის მონეტა - კოლხური თეთრი.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დაიწყო ევროკავშირის გაფართოების პროცესი. რასაც მოჰყვა ისეთი კონტინენტური პროგრამების დაწინაურება, როგორიცაა აღმოსავლეთ პარტნიორობა, TRACECA (ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი), CASCA (ცენტრალური აზია - სამხრეთ კავკასია - ანატოლია), სუამ-ის თავისუფალი სავაჭრო ზონა, შუა დერეფანი, ვიკინგი მატარებელი, სამხრეთ-დასავლეთის დერეფანი და სხვა.

დღევანდელი ევროკავშირის და დღევანდელი ჩინეთის ეკონომიკები ცალკეულად 19 ტრილიონი აშშ დოლარის ფარგლებშია. რასაც კონტინენტურ ვაჭრობაში ემატება დიდი ბრიტანეთის, ნორვეგიის, თურქეთის, არაბული სამყაროს, ირანის, ინდოეთის, პაკისტანის, ვიეტნამის, ბანგლადეშის, "აზიური ვეფხვების" და შუა აზიის ქვეყნების ინდუსტრიები. განსხვავებული მოცემულობების ერთმანეთთან დაკავშირება სიმამაცეს მოითხოვს. ეს სიმამაცე კი მიიღწევა ინვესტიციებისა და ვაჭრობის განვითარებაში შესაბამისი წესრიგით.

საქართველო უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად ევროკავშირის ასპირანტი ქვეყანაა, რომლის ვალდებულებაა ევროკომისიის რეკომენდაციების, მათ შორის დეოლიგარქიზაციის შესრულება. რეკომენდაცია გულისხმობს განაწილებითი ეკონომიკიდან ქვეყნის საბაზრო ეკონომიკის წესრიგზე გადასვლას, რამაც უნდა გაამარტივოს ინვესტიციები და ვაჭრობა ევროპასა და აზიას შორის.

ამ პროცესის პარალელურად დაწყებულია საუბრები აზერბაიჯანსა და სომხეთს, სომხეთსა და თურქეთს შორის საზღვრების გახსნაზე. ირანიც ცდილობს როგორც სომხეთთან, ასევე აზერბაიჯანთან სატრანზიტო მარშრუტების პროექტირებას. ამასთან, სომხეთი ირანთან და ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობების განვითარებაზე მუშაობს. ევროკავშირსა და ინდოეთს შორისაც დაწყებულია მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის წესრიგის თაობაზე, რომელიც 2025 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს. ამას ემატება ევროკავშირის ინიციატივები შუა აზიაში. 2024 და 2025 წლებში, გლობალური კარიბჭის ფარგლებში, ევროპულმა და საერთაშორისო ინსტიტუტებმა ცენტრალურ აზიაში მდგრადი კავშირის მხარდასაჭერად სულ 22 მილიარდი ევრო გამოყეს, ძირითადი აქცენტით შუა დერეფნის განვითარებაზე. ასევე, კრიტიკული ნედლეულისა და გარემოს დაცვის პროექტებისთვის.

ზევით ჩამოთვლილი ფაქტები მიანიშნებს, რომ კავკასია უდიდესი გლობალური ბაზრების ეკონომიკური შემაერთებელი ხდება, რომლითაც გაიზრდება მისი როგორც შესაძლებლობებიც, ასევე პასუხისმგებლობებიც.

საშუალო და გრძელვადიან პერიოდში სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანა - აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო, სატრანსპორტო და ლოგისტიკური სივრცეებით უზრუნველყოფენ სავაჭრო ქარავნების მომსახურებას და შემოსავლების გენერირებას. თუმცა გლობალური ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთი სატრანზიტო ინფრასტრუქტურის დაფინანსებას კაპიტალის თავისუფალი ბაზარი აწესრიგებდეს. ეს ნიშნავს პორტების, რკინიგზების, ჰესების, ავტოსტრადების, ენერგომატარებლების და მსგავს პროექტებში საინვესტიციო გადაწყვეტილებები მიიღებოდეს საფონდო და სასესხო ბაზრებზე - სახელმწიფოსგან დამოუკიდებელ ბანკებსა და ასევე დამოუკიდებელ ბირჟებზე. საინვესტიციო გარემოს საფონდო და სავალუტო ბირჟები აძლიერებენ, ხოლო საქონელგაცვლას - სასაქონლო ბირჟა.

სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის გამოწვევაა, ფეხი აუწყოს გლობალური ვაჭრობის ახალ წესრიგს. სამივე ქვეყნის ინტერესშია მაღალი ხარისხით და კონკურენტული ფასებით გლობალური ბაზრების დაკვეთებს უპასუხოს. კონკურენცია კი განვითარების და წარმატების საფუძველია. 

გარდა იმისა, რომ შავ ზღვაზე საქართველოს ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს დიდი პერსპექტივა აქვს, არანაკლებია კიდევ ორი პროექტი - შავი ზღვის მწვანე კაბელი და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა. პირველი წარმოადგენს განახლებადი ენერგიის გზას, ხოლო მეორე - რკინის აბრეშუმის გზას. 

დაბოლოს, ყველაზე მთავარი - როგორც გეოპოლიტიკის სპეციალისტი თეიმურაზ ზაქრაძე უწოდებს "ოქროს მონაკვეთს" აბრეშუმის გზაზე, ეს არის უმოკლესი სარკინიგზო ხაზი აზიასა და ევროპას შორის მარშრუტით: თბილისი-სამტრედია-სოხუმი-ადლერი-სოჭი-ხარკოვი. სწორედ ამ "ოქროს მონაკვეთის" გამო გადაწყვიტა თავისუფალმა მსოფლიომ აბრეშუმის გზის წესრიგის აღდგენა. 

ზურაბ მაღრაძე, დოქტორი