
ევროპის დიდებულება სამხრეთის კარიბჭეს უკავშირდება
საქართველოს პირველი დიპლომატის სულხან-საბას ზრახვებს მიზანი ჰქონდა, გაეძლიერებინათ მეფე ლუი XIV-ის ქვეშევრდომთა ვაჭრობა, ძირს დაეცათ ჰოლანდიელთა ვაჭრობა და ამით მათი ძლიერება შეემცირებინათ, გაეწიათ მათთვის კონკურენცია ინდოეთში, საიდანაც გამოაქვთ მთელი სიმდიდრე, მოწიწებაში ჰყოლოდათ პორტუგალიელები, აეძულებინათ იქ ინგლისელები, რომ პატივი ეცათ ჩვენთვის და ასევე ჰყოლოდათ თურქები და სპარსელები ერთგვარ დამოკიდებულებაში... ერთადერთმა მიზანმა მოიყვანა იგი საფრანგეთში, რომ საქართველოზე გატარდეს აბრეშუმი, რომელსაც სპარსეთში, გილანისა და შემახიის პროვინციებში აწარმოებენ. სომხები იძულებულნი არიან ხმელეთით იარონ თურქეთის გავლით შავ ზღვაზე, რათა ქარავნებით მიიტანონ აბრეშუმი სპარსეთის ამ ორი პროვინციიდან სმირნამდე, სადაც ის თითქმის მთლიანად იყიდება. საქართველოს გავლით გზა სამი მეოთხედით შემცირდებოდა... ადვილად შეიძლებოდა სპარსეთის შაჰისთვის იმის ახსნა, რომ ის თვითონ იქნებოდა დაინტერესებული ამ საქმით, რომ უფრო მეტი აბრეშუმი გაესაღებინა. მას დაემატებოდა ვაჭრობა საქართველოდან ცვილით, მატყლით, ტყვიით ან ენდროს ფესვით, სადაც საფრანგეთისათვის ასევე ხელსაყრელი იქნებოდა, გაესაღებინა თავისი მაუდის ნაწილი სხვა საქონელთან ერთად. მაგრამ მაშინ საფრანგეთის მეფეს საქართველოსთვის არ ეცალა.
ფაქტია, ქართული შეთავაზება ფრანგულად ვერ შედგა. რატომ? ჩემი აზრით აქ არის მთავარი საიდუმლო დამარხული.
საქმე ისაა, რომ სულხან-საბას პროექტის მიხედვით, უნდა გაეძლიერებინათ ფრანგთა ვაჭრობა და ძირს დაეცათ ჰოლანდიელთა ვაჭრობა. და ეს ხდება 1714 წელს. არადა, 1602 წელს ამსტერდამში უკვე ფუნქციონირებდა საფონდო ბირჟა. ჩნდება კითხვა - რანაირად უნდა დაეცა ვინმეს ჰოლანდიელთა ვაჭრობა?
საუკუნეებია, რაც გლობალურ სავაჭრო ძალაუფლებას ჰოლანდიელები ფლობენ. ამასთან, იქ სადაც ზღვა და პორტებია, ბრიტანელები ტრიალებენ.
კომუნისტების ეპოქაში ვაჭრებს სპეკულიანტებს ეძახდნენ. თან თითქოს სომხებთან და ებრაელებთან ვაჭრობის საქმეში ქართველები ახლოს ვერ მოვიდოდნენ. მე მგონია, რომ ქართველები დახლის ვაჭრები ნამდვილად არ ვართ. გლობალური სავაჭრო ძალაუფლების ცენტრებთან - დიდი ბრიტანეთის და ნიდერლანდების სამეფოებთან, საქართველოს რაღაც ნამდვილად აქვს გადასალაგებელი.
სულხან-საბასთან მადლობის მეტი რა გვეთქმის, ქართველებს გამოცდილება შეგვიქმნა. საქართველოს ისტორია ყველაზე კარგი მასწავლებელია. მაგრამ დღეს, ამსტერდამის და ლონდონის ბირჟებს თბილისის ბირჟასთან შეხება არ აქვს, რადგან საქართველოს თავისუფალი საფონდო ბაზარი განუვითარებელია.
დღეს არათუ საფრანგეთს, ასევე ესპანეთს, იტალიას და საბერძნეთსაც, ევროკავშირის მასშტაბით სახელმწიფო ვალის წილი ყველაზე მაღალი აქვთ ქვეყნის მშპ-თან მიმართებით. როგორც კი საქართველო ჩამოყალიბდება აბრეშუმის გზის კარიბჭედ, მყისიერად დაიწყება ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ეკონომიკების სხვაგვარი ზრდაც. რადგან გლობალური ვაჭრობა თავის ბუნებრივ კალაპოტში მოექცევა.
ზურაბ მაღრაძე, დოქტორი