
2026-08-18
ძველი სამყაროს რუკაზე ხმელთაშუა ზღვა უბრალოდ დიდი წყლის სივრცე არ ყოფილა. ის იყო საზღვარი, რომელსაც ზოგი ხალხი ვერ გადაკვეთდა, ზოგი კი — გზად აქცევდა. ფინიკიელები სწორედ იმ ხალხთა შორის იყვნენ, რომლებმაც ზღვა გზად დაინახეს.
ძვ. წ. I ათასწლეულში ფინიკიური ქალაქები — ტვიროსი, სიდონი, ბიბლოსი და სხვა სანაპირო ცენტრები — აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საზღვაო სისტემას ქმნიდნენ. მათი ძალა მხოლოდ ვაჭრობაში არ მდგომარეობდა. მთავარი უპირატესობა იყო ზღვის ცოდნა. ფინიკიელი მეზღვაური არ ფლობდა თანამედროვე საზღვაო რუკას, GPS-ს, რადარს ან კომპასს. მაგრამ მას ჰქონდა სხვა ინსტრუმენტები, არ იცოდნენ სანაპიროს ფორმა, ვარსკვლავები, ქარის სეზონური რეჟიმი, დინებები, ზღვის ფერი, ტალღის ხასიათი და თაობების განმავლობაში დაგროვილი პრაქტიკული ცოდნა.
ფინიკიური სავაჭრო გემები ძირითადად ნიჩბებითა და იალქნით მოძრაობდნენ. სავაჭრო გემის მთავარი მიზანი სიჩქარე კი არა, ტვირთის გადატანა იყო. გემზე შეიძლებოდა ყოფილიყო ხე-ტყე, ლითონი, ღვინო, ზეთი, მინა, ქსოვილი და სხვა ძვირფასი საქონელი. სავაჭრო გემის კონსტრუქცია გათვლილი იყო იმაზე, რომ მას შედარებით დიდი ტვირთი გადაეტანა, მაგრამ ღია ზღვაში ხანგრძლივი ყოფნა მაინც სერიოზულ რისკებთან იყო დაკავშირებული. საზღვაო ინჟინერიის თვალსაზრისით, ასეთი გემის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი თავად გემი კი არა, მისი ეკიპაჟი და მათი ცოდნა იყო.
ფინიკიელი მეზღვაური მიმართულებას პირველ რიგში სანაპიროს მიხედვით ადგენდა. ეს იყო ე.წ. სანაპირო ნავიგაცია — ერთი ნაპირიდან მეორისკენ მოძრაობა, ცნობილი კონცხების, კუნძულების, ყურეების და მთების გამოყენება ორიენტირებად.
ღამით განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ვარსკვლავებს. ჩრდილოეთის მიმართულების განსაზღვრისთვის ჩრდილოეთის ცის ვარსკვლავებზე დაკვირვება მნიშვნელოვანი პრაქტიკული უპირატესობა იყო. სწორედ ამიტომ ძველ სამყაროში ჩრდილოეთის მიმართულებასთან დაკავშირებული ვარსკვლავური ცოდნა მეზღვაურებისთვის გაცილებით მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ასტრონომიული ინტერესი. მეზღვაურს უნდა სცოდნოდა არა მხოლოდ „სად არის ჩრდილოეთი“, არამედ სად უნდა იყოს გემი კონკრეტულ მომენტში. ეს ორი სრულიად განსხვავებული საკითხია.
ხმელთაშუა ზღვა თანამედროვე ადამიანისთვის შეიძლება შედარებით მშვიდ წყლად გამოიყურებოდეს, მაგრამ ძველი გემისთვის მისი პირობები ყოველთვის სახიფათო იყო. ძლიერი ქარი, მოულოდნელი შტორმი, ცუდი ხილვადობა და მაღალი ტალღა მცირე ზომის გემისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სეზონურობის ცოდნა. ფინიკიელი მეზღვაური იცნობდა არა მხოლოდ კონკრეტულ ქარს, არამედ ქარის სეზონს.
ზღვაოსნობაში ეს უზარმაზარი უპირატესობაა. თუ იცი, როდის არის კონკრეტული მიმართულების ქარის გაძლიერების ალბათობა, შეგიძლია დაგეგმო გასვლა, სანაპიროზე დარჩენა ან ნავსადგურში დაბრუნება. ეს უკვე პრიმიტიული ფორმით, მაგრამ მაინც, საზღვაო რისკების მართვაა.
ფინიკიელთა საზღვაო საქმიანობა თანდათან აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ფარგლებს გასცდა. მათი სავაჭრო ქსელი დასავლეთის მიმართულებით გავრცელდა და იბერიის ნახევარკუნძულამდე მიაღწია. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა გიბრალტარის სრუტეს — ძველ სამყაროში ცნობილ „ჰერაკლეს სვეტებს“. აქ მეზღვაური უკვე სხვა ტიპის საზღვაო გარემოს ხვდებოდა.
ატლანტიკის ოკეანის ტალღური რეჟიმი, ქარის ხასიათი და ღია ზღვის პირობები განსხვავდებოდა ხმელთაშუა ზღვისგან. გემისთვის ეს უბრალოდ კიდევ ერთი მარშრუტი არ იყო - ეს იყო საზღვაო გარემოს ცვლილება. ფინიკიელებისთვის სწორედ ასეთი გადასვლები იყო მათი საზღვაო ცოდნის გამოცდა.
იბერიის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილთან ფინიკიური სავაჭრო საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა ტარტესი. აქ მათთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ლითონებით ვაჭრობა. ვერცხლი და სხვა რესურსები აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ბაზრებისთვის დიდი ეკონომიკური მნიშვნელობის მატარებელი იყო. ამიტომ საზღვაო მარშრუტი აღარ იყო უბრალოდ „მოგზაურობა“. ის უკვე ლოგისტიკური სისტემის ნაწილი გახდა. სწორედ აქ იწყება საზღვაო ვაჭრობის ის ლოგიკა, რომელსაც თანამედროვე პორტებისა და საზღვაო ლოგისტიკის სისტემებში ვხედავთ.
ძველ მეზღვაურს ერთი დიდი პრობლემა ჰქონდა შეცდომის გამოსასწორებელი სივრცე და ცოდნა ძალიან მცირე იყო. თანამედროვე ხომალდზე ნავიგაციური შეცდომა შეიძლება სწრაფად გამოვლინდეს GPS-ით, რადარით, ECDIS-ით ან სანაპირო VTS-ის დახმარებით. ფინიკიელ მეზღვაურს ასეთი შესაძლებლობა არ ჰქონდა. თუ სანაპირო დაკარგე ნისლში, ღამით ან შტორმში, შეიძლება დაკარგულიყო არა მხოლოდ მარშრუტი, არამედ თავად გემიც. ამიტომ სანაპიროს ცოდნა ფაქტობრივად საზღვაო უსაფრთხოების სისტემას წარმოადგენდა.
ფინიკიური გემი მხოლოდ კაპიტნის ცოდნაზე არ იდგა. გემზე არსებობდა ფუნქციების გარკვეული გადანაწილება — ნიჩბოსნები, მეზღვაურები, ტვირთის მომვლელები და ხელმძღვანელი პირები. გემის უსაფრთხო მართვა დამოკიდებული იყო ეკიპაჟის კოორდინაციაზე. ნიჩბების ერთდროული მუშაობა, იალქნის მართვა, ტვირთის განაწილება და გემის ბალანსის შენარჩუნება თანამედროვე ტერმინებით რომ ვთქვათ, ერთი დიდი საბორტო ოპერაციული სისტემის ნაწილი იყო.
რატომ იყო ფინიკიელთა აღმოჩენა მნიშვნელოვანი?
ფინიკიელებმა ახალი კონტინენტი არ აღმოაჩინეს. მათი ისტორიული მნიშვნელობა სხვა რამეში მდგომარეობს. მათ აჩვენეს, რომ ზღვა შეიძლება ყოფილიყო არა ბარიერი, არამედ საერთაშორისო სავაჭრო ინფრასტრუქტურა. მათ შექმნეს საზღვაო კავშირები სხვადასხვა სანაპიროს შორის. მათ გაავრცელეს სავაჭრო ცოდნა, ნავიგაციური გამოცდილება, ტექნოლოგიები და კულტურული გავლენა. საზღვაო ისტორიის თვალსაზრისით ეს გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი კონკრეტული გეოგრაფიული აღმოჩენა.
ფინიკიელებმა ერთ-ერთი პირველი დიდი გაკვეთილი დაგვიტოვეს - ვინც ზღვას იცნობს, ის მხოლოდ ნავსადგურებს არ აკავშირებს — ის ეკონომიკურ სივრცეებს აკავშირებს. და სწორედ აქ იწყება დიდი საზღვაო აღმოჩენების ისტორია. ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ევროპელი მკვლევრები ოკეანეების გადაკვეთაზე იოცნებებდნენ, ფინიკიელმა მეზღვაურებმა უკვე იცოდნენ მთავარი რამ - ზღვა დასასრული არ არის. ზღვა გზაა.
Sea Pilot