commercial-diplomacy

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ეკონომიკური განვითარების ხედვა

"მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს" ეკონომიკური პროგრამიდან: 

"გარდამავალ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლეობის დასაქმების პრაქტიკულად განხორციელებისა და მოქალაქეთა შესაბამისი გარანტიების უზრუნველსაყოფად უნდა შეიქმნას საქართველოს მოსახლეობის დასაქმების სახელმწიფო საბირჟო სამსახური, რომლის ძირითადი მოვალეობა იქნება მუშახელზე მოთხოვნა-მიწოდების შესწავლა, სამუშაო ადგილებისა და იმ მოქალაქეთა აღრიცხვა, რომლებიც საჭიროებენ შრომით მოწყობას და მათთვის შესაბამისი სამუშაოს მოძებნა, უმუშევართა რეგისტრაცია, აღრიცხვა და მათთვის ფულადი შემწეობის მიცემა და სხვა."

"დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკური მექანიზმის ეფექტური ფუნქციონირებისათვის საჭიროა მომსახურების და ფასიანი ქაღალდების ბაზრის საფონდო და სასაქონლო ბირჟების ორგანიზაცია."

"თავისუფალი ეკონომიკური სისტემისათვის დამახასიათებელია კერძო საკუთრება წარმოების საშუალებებზე, ფინანსური ბაზრები და შრომითი ბირჟები. ეს საბაზრო ეკონომიკის ძირითადი ინგრედიენტებია, რომელთა განვითარებასაც პირველ რიგში უნდა ესწრაფვოდეს საქართველო."

"საქართველოს ეკონომიკის საფუძვლად უნდა იქცეს კერძო საკუთრება. საკუთრებისადმი პატივისცემა ადამიანს საშუალებას აძლევს უკეთ გაიგოს და შეასრულოს საზოგადოებრივი მოვალეობანი: კერძო საკუთრება არის არა მარტო პრივილეგია მესაკუთრისთვის, არამედ მოვალეობა საზოგადოების წინაშე."

"მას შემდეგ, რაც ეს ელემენტები ამოქმედდება, საქართველოს და აგრეთვე, სხვა ქვეყნებთან გამოცდილების საფუძველზე, ხალხი თავის მიერ არჩეული წარმომადგენლების საშუალებით გადაწყვეტს თუ რამდენად ქველმოქმედი სახელმწიფო უნდათ მომავალში და მზად არიან თუ არა ამისათვის გადაიხადონ უფრო მაღალი გადასახადები."

"ვინაიდან, საქართველო საზღვაო ქვეყანაა, მას უნდა გააჩნდეს საკუთარი საზღვაო ტრანსპორტი, ასევე მნიშვნელოვანია საჰაერო ტრანსპორტის განვითარება. ისინი ხელს შეუწყობენ საერთაშორისო ეკონომიკური კავშირების დამყარებას; სარკინიგზო ტრანსპორტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოსთვის, ამიტომ რეკონსტრუქცია უნდა ჩაუტარდეს სამგზავრო და სატვირთო მატარებლებს, ლიანდაგებს, სადგურებს."

წყარო: „ახალგაზრდა ივერიელი“, 1990 წლის 18 ოქტომბერი, ხუთშაბათი, N. 113 (11599), გვ. 4-6; 

zviadgamsakhurdia.wordpress.com