
2026-07-04
ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს ინვესტიციები, წარმოება და ვაჭრობა. ასევე მომსახურების სფერო. მაგრამ წამოწყებული წარმოება ვერ იქნება მომგებიანი მაღალი ტექნოლოგიების გარეშე. ასეთი ტექნოლოგიები ძვირადღირებული ცოდნის და კაპიტალის გარეშე არ არსებობს. ქართული საზოგადოების არსებული სოციალური ყოფა კი ასეთ ცოდნას და კაპიტალს ვერ ფლობს. ფაქტი ის არის, რომ ქვეყანამ საიდანღაც უნდა დაიწყოს.
თუ დავეყრდნობით სსრკ-ს გადმონაშთს, რომ საქართველო აგრარული ქვეყანაა, უნდა გვესმოდეს ისიც, რომ თანამედროვე მსოფლიოში დაბალგანვითარებული ქვეყნებია სწორედ აგრარული. განვითარებული ქვეყნების მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი მაქსიმუმ 3%-ია. ასეთი ქვეყნების აგრარულ სექტორში არც მოსახლეობის დასაქმების წილი არ ცდება 3%-ს.
თუ ვიტყვით, რომ ეკონომიკური ზრდის საწყისად ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა გადამწყვეტია, უნდა გვესმოდეს, რომ დანიას, სინგაპურს და სამხრეთ კორეას ამ სფეროში წარმატების ფორმულის მიღწევამდე სხვა გზა აქვთ გავლილი. მათი დღევანდელი სოციალური გარემო და ფინანსური ინფრასტრუქტურა სხვა დონის კონკურენციას და განსხვავებულ გამოცდილებას მოითხოვს. ამ მიმართულებით იაპონია 22-ე საუკუნეს აშენებდა გუშინ.
ცნობილია, რომ რაც უფრო მეტად უახლოვდება მწარმოებელთა და მომხმარებელთა რიცხვი ერთურთს, მით უფრო ძლიერია ქვეყანა. მაგრამ, თუ ასეთ მწარმოებელთა და მომხმარებელთა ქვეყნებს და მათ ბაზრებს ერთურთს დავაკავშირებთ, სიძლიერე და ფინანსური მოგებაც ზემაღალი იქნება. ამიტომ, ყოველგვარი ინვესტიციების მიმართვა სატრანზიტო ინფრასტრუქტურასა და ლოგისტიკურ განათლებაში, გამოსავალი და სტარტია საქართველოს ეკონომიკის ზრდისთვის.
დავით აღმაშენებელმა უცხოელ ვაჭრებს გადასახადებში შეღავათები დაუწესა. სახელმწიფოს გაძლიერების და აბრეშუმის გზის განახლების ათვლის წერტილიც სწორედ ამ ნაბიჯით შეიქმნა. თანამედროვე საქართველომ ბოლო წლებში კი ერთი მხრივ, სატვირთო ტრაილერებისთვის სატრანზიტო მოსაკრებელი გაზარდა, მეორე მხრივ ადგილობრივი მოსაკრებელი დააწესა ყოველ კონტეინერზე ფოთში. არადა, ილია ჭავჭავაძეც მოუწოდებდა ქვეყანას: "საქონლის გაცვლა გადასახადისგან თავისუფალი უნდა იყოს და არა რომელსამე კანონმდებლობისგან შეხუთული არ უნდა იქნას".
ილია ყველასთვის, უმჯობესად ღია ბაზარს თვლიდა და მოგვიწოდებდა, რომ საქონელი იქ და იმისგან გვეყიდა, ვისაც უფრო კარგი ხარისხის და კარგ ფასად ექნებოდა. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ თუ ასეთ საქონელს, სხვებისთვისაც ხელმისაწვდომს გავხდიდით, რაოდენ გაიზრდებოდა მოგება. ეს სწორედ ისაა - "რასაცა გასცემ შენია..."
მდგრადი ეკონომიკა ანგრევს ოკუპაციას!
"საზღვარს რომელსაც საქონელი არ კვეთს, მას სხვა ქვეყნის ჯარისკაცები გადაკვეთენ", - ფრედერიკ ბასტია, ფრანგი ეკონომისტი.
ლიბერალური ეკონომიკა, ეს არის ადგილობრივი ინვესტიციები და თავისუფალი ვაჭრობა - საფონდო და სასაქონლო ბირჟებით. რომლის დანერგვის შემდეგ ადამიანები წარმოებასა და მომსახურებაში ყოველი დილიდან ინტერესით, ფუტკრებივით იწყებენ ტრიალს.
რაც უფრო მეტად უახლოვდება მწარმოებელთა და მომხმარებელთა რიცხვი ერთურთს, მით უფრო ძლიერია ქვეყანა. საქართველოს გავლით სხვა ქვეყნების და კომპანიების დაახლოება მოიტანს შემდგომში დანიის, სინგაპურის და სამხრეთ კორეის დონის ინვესტიციებს, წარმოებას და ვაჭრობას საქართველოსთვის.
ნიდერლანდები იმიტომ არის ძლიერი აგროინდუსტრიაშიც და ციფრულ ტექნოლოგიებშიც, რადგან როტერდამის პორტი ევროპის ბაზარს აკავშირებს დანარჩენ მსოფლიოსთან. ხოლო როტერდამის პორტის დატვირთულობას ქმნის 1602 წელს შექმნილი ამსტერდამის ბირჟა.
ზურაბ მაღრაძე, DBA